ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც განზრახ მკვლელობითჩადენილ საქმეს „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებისა და დაცვის მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები და ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები განასახიერებდნენ, ხოლო „ნაფიც მსაჯულთა“ შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო ზუგდიდელი მოსახლეობით, რომლებმაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია პროცესში მონაწილეობისთვის.
„ზუგდიდელმა „მსაჯულებმა“ ყურადღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, განიხილეს დაცვის მხარის პოზიციები და შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები ზუგდიდის მოსახლეობა იყო, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და მოქალაქეთა პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში. სამეგრელოს რეგიონში კამპანია ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























