ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2022

ომის მეორე ფაზა ისევ რუსეთის მარცხით სრულდება, პუტინი გამოუვალ მდგომარეობაშია და თავზეხელაღებულ ნაბიჯებს დგამს
ენმ-ის რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ შეუძლებელია მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდეს - გია აბაშიძე
***
ომის მეორე ფაზა ისევ რუსეთის მარცხით სრულდება, პუტინი გამოუვალ მდგომარეობაშია და თავზეხელაღებულ ნაბიჯებს დგამს
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 71-ე დღე - ღამის განმავლობაში უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სიგნალები ისმოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით რუსებმა დაბომბეს დნიპროს ცენტრი. ერთ-ერთი სამიზნე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს მთელ უკრაინაში, სახმელეთო ოპერაციები კი აღმოსავლეთ უკრაინაზეა ფოკუსირებული. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვა უკრაინას ეხმარება რუსი გენერლების მოკვლაში. დონეცკში რუსული იერიშების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე. იზიუმთან დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი. სარაკეტო თავდასხმები იყო ხარკოვზეც, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ბავშვი.უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის კიდევ ერთი სოფელი მოლოდოვა გაათავისუფლეს. ხერსონში კი რუსი ოკუპანტები „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ წვდომის დაბლოკვას ცდილობენ. რაც შეეხება მარიუპოლს და „აზოვსტალის“ ტერიტორიას, იქ კვლავ მძიმე ბრძოლები მიდის. ყოფილმა თანამშრომელმა, რუს საოკუპაციო ძალებს, ქარხნის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ არსებული საიდუმლო გადასასვლელები აჩვენა. შტურმი სწორედ ამ გვირაბებში მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი თანამშრომელი ელექტრიკოსია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ომის მეორე ფაზა ისევ რუსეთის მარცხით სრულდება, პუტინი გამოუვალ მდგომარეობაშია და თავზეხელაღებულ ნაბიჯებს დგამს
„აზოვსტალის“ ქარხანაში რუსების შეჭრას დავით არახამია ადასტურებს. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ქარხნის შტურმი გრძელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ ქალაქი მარიუპოლი ახლა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. ტვიტერის პირად გვერდზე დმიტრო კულება წერს, რომ "აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაზე კონტროლს, რომელიც უკრაინელი მებრძოლების ბოლო სიმაგრეა მარიუპოლში, ისინი კვლავ ინარჩუნებენ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის დახმარებას სთხოვს. „ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც რჩებიან აზოვსტალის ქარხანაში, საფრთხეშია. ყველა მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გთხოვთ დახმარებას, რათა ისინი გადავარჩინოთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. აზოვის პოლკის მეთაური კი საგანგებო მომართვას ავრცელებს. დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პოლკის მეთაური მადლობას უხდის მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის თავდასხმის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად,“ - აცხადებს პროკოპენკო. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან უკრაინაში შეიარაღებული აგრესიის ოპერატიული ვითარება განიხილა. „ტრადიციულად ვაცნობე ჩემს ამერიკელ კოლეგას ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, მტრის მთავარი ძალისხმევის ლუგანსკის მიმართულებით გადატანის შესახებ, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება პოპასნაიას, კრემენაიასა და ტორსკის მიდამოებში. ასევე, ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ,“ - განაცხადა ზალუჟნიმ. ამერიკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსები ცდილობენ საჰაერო იერიშები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის ობიექტებზე მიიტანონ, მათი მიზანი უკრაინელების შესაძლებლობების დასუსტებაა”, - განაგრძობს გამოცემა.
„პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინას კვლავ მიეწოდება სამხედრო დახმარება და ვაშინგტონი პარტნიორი ქვეყნის საჭირო იარაღითა და წვრთნებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. „რუსები ცდილობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე, ელექტროენერგიის ობიექტებსა და სატრანსპორტო ჰაბებზე დარტყმას. ვფიქრობთ, რომ ეს არის მცდელობა, ხელი შეუშალონ უკრაინელებს მარაგების შევსებასა და გაძლიერებაში. რუსებს არ აქვთ ისეთი პროგრესი დონბასში და სამხრეთში, როგორიც გვჯერა, რომ მათ სურდათ ჰქონოდათ. ვფიქრობთ, რომ ისინი გეგმას ჩამორჩნენ. რეგიონში იარაღის მიწოდების ნაკადი გრძელდება. ჩვენ ვიცით ეს, რადგან უკრაინელებს ყოველ დღე ველაპარაკებით და ვიცით, რომ იარაღი უკრაინელების ხელში ხვდება. ჩვენ ახლა ორიენტირებულები ვართ უკრაინელებს მივცეთ ის იარაღი, რაც მათ სჭირდებათ, ასევე უზრუნველვყოთ წვრთნები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს,“ - აცხადებს ჯონ კირბი. „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსეთი ახლა განწირულ მდგომარეობაშია, რადგანაც ომის მეორე ფაზასაც აგებს. ამიტომ განწირული ადამიანის ქმედებები უკვე ლოგიკას აღარ შეესაბამება. ისეთი სოფლების და ქალაქების დაბომბვაზე გადავიდა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით არანაირ სტრატეგიულ დანიშნულებას არ ატარებს - ომის წაგებით გამწარებულმა პუტინმა უბრალოდ შურისძიება ყველაზე და ყველაფერზე გადაწყვიტა. „საქმე ომის მეორე ფაზის დასასრულისკენ მიდის. რუსეთის შეტევა მეორე ეტაპზეც გაიჭედა, ამიტომ უკვე შეტევის მესამე ეტაპს უნდა ველოდოთ. მეორე შეტევის შემდეგ უკვე ისევ პასუხი იქნება და რუსეთი ჯარის გადაჯგუფებას დაიწყებს. პუტინი როგორც ცოცხალი ასევე სმხედრო ტექნიკის მობილიზებას შეეცდება. სწორედ ამას უკავშირდება გავრცელებული ხმები, რომ 9 მაისისთვის პუტინმა შესაძლოა ომი ოფიციალურად გამოაცხადოს და ქვეყნის მასშტაბით ცოცხალი ძალის მობილიზება დაიწყოს. უკრაინის მხრიდან კი ველოდებით იმას, რომ დასვლეთიდან წამოსული იარაღი, განსაკუთრებით საარტილერიო დანადგარები, რომელიც ახლა უკრაინას სიტუაციის გარდატეხისთვის სჭირდება, საბრძოლო მწყობრში ჩადგება. ეს უკრაინელებს კონტრშეტევის საშუალებას მისცემს. აქ ჩვენ დავინახავთ მე-20 საუკუნის საბჭოთა მანქანის და 21-ე საუკუნის დასავლეთის სამხედრო სამრეწველო მიღწევების დაპრისპირებას. ადვილი მისახვედრია ეს ყველაფერი ვისი გამარჯვებით დასრულდება. მძიმე ბრძოლები იქნება და მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნება. არავითარი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ რუსეთი სამხედრო ინტერვეციის შეწყვეტას აპირებს. ამიტომ, შემდეგ პერიოდში ესკალაციას კიდევ უნდა ველოდოთ“, - ამბობს ბატიაშვილი. მისივე თქმით, მიუხედავად რუსეთში პუტინის მხრიდან ომის ოფიციალურად გამოცახდების, რომელსაც ის სავარაუდოდ, 9 მაისს აპირებს, მილიონობით ადამიანის მობილიზებას და სამხედრო მწყობრში ჩაყენებას ვერ მოახერხებს. ამისთვის არც ეკონომიკა აქვს რუსეთს და არც სამხედრო ტექნიკა, რომ მილიონობით ადამიანი ჯარში გაიწვიოს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ აქ გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა იქნება, ასევე პუტინი ხალხის გაწვევას კონკრეტული რეგიონებიდან დაიწყებს. ის იმ სახის ადამიანებს შეკრებავს, რომელბიც ჯარიდან ახალი დაბრუნებულები არიან. იმისთვის, რომ ადამიანმა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს, მას ამის გამოცდილება და ცოდნა უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ მიმართულებითაც პუტინი შეზღუდულია და ხელ-ფეხი დიდად გახსნილი არა აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.
ენმ-ის რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ შეუძლებელია მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდეს - გია აბაშიძე
“ენმ-ს რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ შეუძლებელია მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდეს. თვითონვე დარწმუნდებიან, რომ აქტივისტების გარდა აქციებზე არავინ არ მივა, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არაა და ამაში ენმ-ს მხარს არ უბამს. დარწმუნდებიან, რომ ქუჩის მხარდაჭერა კვლავ არ აქვთ და არც ექნებათ - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ენმ-ის რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ შეუძლებელია მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდეს - გია აბაშიძე
„აბაშიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არა გარკვეულმა ჯგუფმა, არამედ ფართო კონსილიუმმა უნდა განიხილოს, რომლის საფუძველზეც პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ისე იმოქმედებენ, როგორც კანონს შეესაბამება. „სააკაშვილი მხოლოდ ექიმთა გარკვეულმა ჯგუფმა არ უნდა შეამოწმოს, ფართო კონსილიუმი უნდა იყოს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად დადგინდეს. საზოგადოება სააკაშვილისგან და მისი გარემოცვისგან ტყუილებს და სიყალბეებს მიჩვეულია, ამიტომაც მის ამგვარ განცხადებებს ყველა ეჭვის თვალით უყურებს.”, - აღნიშნავს გამოცემა.
„რაც შეეხება გათავისუფლებას, ამაზე სპეციალური წესები არსებობს, კანონშია გაწერილი ის ავადმყოფობები, რის გამოც ვადაზე ადრე თავისუფლდებიან და ბუნებრივია თუ ის რეალურად მძიმე დგომარეობაშია, პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ისე იმოქმედებენ, როგორც კანონს შეესაბამება. „პოლიტიკაში სააკაშვილის მთელი ოჯახია ჩართული და ესენი კიდევ ნეპოტიზმზე ლაპარაკობენ. საპროტესტო აქციებს გინდ სააკაშვილის ძმებმა გაუწიონ აგიტაცია, გინდ ქალბატონმა გიული ალასანიამ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვადასხვა კვლევებით და მათ შორის იმ კვლევებით, რისაც თვითონვე სჯერათ, ენმ-ის მაჩვენებელი საგრძნობლად და რადიკალურადაა დაცემული. ამაში ლომის წვლილი სააკაშვილს ეკუთვნის, როცა ის საქართველოში შემოიპარა, ცოტა ხნის შემდეგ კი პარტიის რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ შეუძლებელია ეს მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდეს. თვითონვე დარწმუნდებიან, რომ აქტივისტების გარდა აქციებზე არავინ არ მივა, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არაა და ამაში ენმ-ს მხარს არ უბამს. დარწმუნდებიან, რომ ქუჩის მხარდაჭერა კვლავ არ აქვთ და არც ექნებათ," - განაგრძობს გამოცემა.
„აბაშიძემ იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა, სადაც აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს, ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან ისმის კითხვები საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირების შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და მისი თქმით, ის „ეჭვების პოლიტიკა", რომელსაც „ოცნება" აწარმოებს, საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. „გიორგი ვაშაძე და მისნაირები ტყუილებს ძალიან ხშირად ტირაჟირებენ. მან თავის წარსულიდან გამომდინარე დაიმსახურა ის, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს, დაიმუქროს და ა.შ. მის სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს. თუ ამერიკიდან წუხილი და გულისტკივილი იქნებოდა, ამას მარტო გიორგი ვაშაძესთან კი არა, საჯაროდ იტყოდნენ. ამის საშუალება აქვთ, ინტერნეტიდან თუ ციფრული მაუწყებლობიდან. ვაშაძის ეს ტყუილი ღიმილისმომგვრელია," - განაცხადა აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

























