რესურსცენტრის დირექტორი- მეორე უცხო ენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით გორის სკოლებში მშობლებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 67 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ ოთხ მათგანშია არჩეული მეორე უცხო ენად გერმანული, ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში კი, მშობლების გადაწყვეტილების საფუძველზე, მეორე უცხო ენად რუსული ისწავლება, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს მეორე უცხო ენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით და მშობლებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოში სავალდებულოა სკოლებში ორი უცხო ენის შესწავლა, აქედან ერთი - ინგლისური ენა პირველი კლასის მეორე სემესტრიდან ისწავლება, მეორე უცხო ენას კი, მშობლები მეხუთე კლასიდან ირჩევენ. განათლების სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია აქვს გაცემული სკოლებისთვის, რომ მშობლებს მინიმუმ ორ უცხო ენას შორის არჩევანი შესთავაზონ, ასევე, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ევროპული ენების პოპულარიზაციაში და სწორედ აქედან გამომდინარე, გასულ წლებთან შედარებით, წელს უფრო ადრე დაიგეგმა სკოლებში მშობელთა კრებები ენის არჩევასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ამჟამად არსებული რეალობა ასეთია - მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 67 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ ოთხ მათგანშია არჩეული გერმანული ენა (ოთხივე მათგანი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი სკოლაა), ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში კი, მეორე უცხო ენად რუსული ისწავლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოქმების მომზადება და ვნახოთ, მომავალი სასწავლო წლიდან რა რეალობა გვექნება, რომელ საგანს აირჩევენ“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სამი უცხო ენა ისწავლება. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველი უცხოური ენა ისწავლება I-XII კლასებში - ინგლისური ენა. რაც შეეხება მეორე უცხოურ ენას (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა გარდა ინგლისურისა) ისწავლება V-XII კლასებში. მესამე უცხოური ენა კი, როგორც არჩევითი საგანი (სურვილისამებრ), X-XII კლასებში ისწავლება.

























