ვაჟა ბერიძე - ვიდრე პოლიტიკურ ველზე იქნება ორი მთავარი აქტორი - ივანიშვილი და სააკაშვილი, ივანიშვილი ყველა არჩევნებს მოუგებს “ნაცმოძრაობას” მისი მარიონეტებიან-სატელიტებიანად

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის მეორე ეტაპი, ყველაზე განხილვადი თემაა, ჩვენი საუბარი საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებით უნდა დავიწყოთ.
ის, რაც ახლა უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ ხდება, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებების მომასწავებელი რომაა, აშკარად ჩანს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი მნიშვნელობის მოვლენების ფონზე საქართველო, როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო კარგ ფორმაში რომ იყოს, გაცილებით კარგი იქნებოდა.
ფაქტია, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის გულშემატკივრობს, ხოლო მეორე ნაწილი სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
ომის პირველ დღეებში ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ფრთხილი პოზიციით იქნა გამართლებული. ამგვარმა სიფრთხილემ რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, ესეც ფაქტია.
საპარლამენტო დელეგაციის კიევში ვიზიტმა თითქოს ვითარება გამოასწორა, მაგრამ კიევიდან დაბრუნებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში კვლავ, მაგრამ ამჯერად „დაბალ ხმაზე“ თქვა იგივე, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ომის დაწყების მეორე დღეს.
უკრაინაში დაწყებულმა ომმა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში რა ტიპის პრობლემები და თავისებურებები გამოააშკარავა და ცხადი გახადა?
- ფაფხური და მიეთ-მოეთი, რასაც ქართული პოლიტიკა წარმოადგენს, პროვინციალიზმის უმძიმესი და რელიეფური გამოვლინებაა. ქართული პოლიტიკა პროვინციულია არა იმიტომ, რომ ყველაზე მწვავე და აქტუალური პოლიტიკიდან შორს მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, არამედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკას არ ჰყავს სუბიექტი, ხალხი. ქართული საზოგადოება გაძევებულია პოლიტიკიდან 90-ანი წლების დასაწყისიდან, როცა მაშინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მეტროპოლიისთვის, ისე დასავლეთისთვის.
დასჯილი ქართველი ხალხი დღემდე არ გახლავთ პროცესების განმსაზღვრელი, მას მხოლოდ ამა თუ იმ თითქოსდა მართებულ ტენდენციაზე კვერის დაკვრის ფუნქციაღა დარჩა.
ასეთ ვითარებაში რა მოვლენები განვითარდება ჩვენს გარშემო, განსაზღვრავს არა მოქალაქე, ამომრჩეველი, არამედ რომელიმე დიდი მოთამაშე. და როცა ასეთ მოთამაშეებს განსხვავებული მიზნები აქვთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის მიმართ, წარმოიშობა ცრუ კოლიზია, თითქოს რაღაც ხდება, თითქოს ოპოზიცია სხვას ფიქრობს და ხელისუფლება სხვას. ამ დროს ორივე ერთი უნიადაგო, პროფანირებული პროცესის უღიმღამო აქტორები არიან.
ასე რომ, ხალხის პოლიტიკაში დაბრუნების და პოლიტიკური ისტებლიშმენტის საფუძვლიანი, მასშტაბური განახლების გარეშე, ყველაფერი შეიძლება თავზე ჩამოგვენგრეს.
განახლებაში ბუნებრივია არ ვგულისხმობ პოლიტიკური კლასის შემდგომ თინეიჯერიზაციას. ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი პოლიტიკოსები. არიან მხოლოდ ცალკეული უნარიანი ლიდერები, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ამიტომ, ნებისმიერი ფსევდოეროვნული ზრახვებით პოლიტიკაში შემოვარდნილი „ფულის ქისა“ იოლად ყიდულობს მათ და სათავისოდ ალაგებს ჭადრაკის დაფაზე.
რუსული აგრესია ჩვენთვის უცხო არ არის. მისი მორიგი ფაზა 90-ანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუმცა, გამოსავალი რუსი ხალხისა და მისი ლიდერების შემდგომ დემონიზაცია-მარგინალიზაციაში არ არის. რუსებთან და პუტინთან საუბარი იყო და არის საჭირო, ვიდრე იმპერიული ამბიციებისადმი ნოსტალგიით შეპყრობილი, გავეშებული, ატომურ ღილაკს თითს დააჭერს.
აჰა, გვითხრა კიდეც ახლახან - კიდევ უფრო სრულყოფილი იარაღი მაქვს უკვე, „სარმატი“, რომელსაც თერმობირთვული ელემენტების მიტანაც შეუძლია სამიზნემდე. ახლა, მითხარით რა საშინაო პოლიტიკა შეუძლია აწარმოოს „ოცნებამ“ და რა კონსტრუქციული ოპონირება გასწიოს ნაცმოძრაობამ... ვითარება, როგორც გენიოსი იტყოდა, გაცილებით კოშმარულია. საქართველო ვერ იქნება უფრო კარგ ფორმაში. საამისოდ პოლიტიკური სპექტრი არაფერს აკეთებს. არც შეუძლია.
ახლა, მითხარით რა საშინაო პოლიტიკა შეუძლია აწარმოოს „ოცნებამ“ და რა კონსტრუქციული ოპონირება გასწიოს ნაცმოძრაობამ... ვითარება, როგორც გენიოსი იტყოდა, გაცილებით კოშმარულია. საქართველო ვერ იქნება უფრო კარგ ფორმაში. საამისოდ პოლიტიკური სპექტრი არაფერს აკეთებს. არც შეუძლია
ზელენსკისადმი დამოკიდებულება განსხვავებულიაო, ბრძანეთ. ვფიქრობ, არც ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. ზელენსკი გმირია, ნიჭიერი და მამაცი ადამიანია. ეს უდავოა და ნობელის მშვიდობის პრემიასაც იმსახურებს.
თუმცა, თუ პოლიტიკის რაკურსით შევხედავთ, ის მარიონეტია, მისი ყოველდღიური გამოჩენა ეკრანზე უფრო პოლიტიკური მიმომხილველის და კომენტატორის ფრაზეოლოგიას მოგაგონებთ, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის და უმაღლესი მთავარსარდლის.
არ იგრძნობა, რომ ის შეიარაღებულ ძალებს უშუალოდ ან გენერალიტეტის მეშვეობით ხელმძღვანელობს. თითქოს ის ცალკეა, სადღაც სხვაგან, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად - პოდოლიაკი, არახამია, არესტოვიჩი და შეიარაღებული ძალები ცალკე, რომელსაც მითოლოგიზებული გმირები ხელმძღვანელობენ.
თუმცა, ასეა თუ ისე, უკრაინელი ხალხი გმირია, გმირია ზელენსკიც, მიუხედავად იმისა, რომ მას „ხალხის მსახურის“ როლი ფილმში უკეთ ჰქონდა მორგებული, ვიდრე რეალურ სინამდვილეში პრეზიდენტის ერთობ ტრაგიკული ამპლუა. ღმერთმა ქნას და თითოეული ჩვენგანის ოცნებაც ისაა, რომ უკრაინამ ამ წმიდათაწმიდა ომში გაიმარჯვოს.
უკრაინელი ხალხი გმირია, გმირია ზელენსკიც, მიუხედავად იმისა, რომ მას „ხალხის მსახურის“ როლი ფილმში უკეთ ჰქონდა მორგებული, ვიდრე რეალურ სინამდვილეში პრეზიდენტის ერთობ ტრაგიკული ამპლუა. ღმერთმა ქნას და თითოეული ჩვენგანის ოცნებაც ისაა, რომ უკრაინამ ამ წმიდათაწმიდა ომში გაიმარჯვოს
- და ეს მაშინ, როცა გვინდა არ გვინდა, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოსაც ეხება, რადგან ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კრემლმა კოლექტიური დასავლეთისგან კატეგორიულად მოითხოვა უარი ეთქვა როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ატლანტიკურ პერსპექტივაზე.
სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ ომს უკრაინაში ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართული საზოგადოება „კარგ ფორმაში“ ვერ შეხვდნენ?
- ქართული სახელმწიფო რა ფორმაშიც არის, ისიც მიღწევაა იმ საშინაო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ტექტონური ძვრების გათვალისწინებით, რაც 21-ე საუკუნეში ხდება.
ქართული საზოგადოების „უფორმობა“ გამოწვეულია პოლიტიკური პროცესის პროფანაციით, შიგადაშიგ კოლაფსით. ამას სათავე სააკაშვილის ხელისუფლების მართვის ავტოკრატიულმა შინაარსმა და სტილმა დაუდო და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსმა პიედესტალზე და იგავმიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანა.
ქართული საზოგადოების „უფორმობა“ გამოწვეულია პოლიტიკური პროცესის პროფანაციით, შიგადაშიგ კოლაფსით. ამას სათავე სააკაშვილის ხელისუფლების მართვის ავტოკრატიულმა შინაარსმა და სტილმა დაუდო და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსმა პიედესტალზე და იგავმიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანა
რა ფორმაში უნდა იყოს საზოგადოება, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, ვისაც უფრო დიდი ქისა აქვს და კარგად იხდის, პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმისადმია მორჩილი და უსიტყვოდ მისდევს მითითებულ მიმართულებას. აქა-იქ რომ წამოიკნავლებენ ან შეძახილებით გვართობენ ცალკეული პოპულისტები, ისინი საარჩევნო ურნამდე ძლივს მიდიან და თავის მისიასაც იქვე ასრულებენ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილის და სხვათა პოზიციას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ფრთხილ და მოზომილ მიდგომას და ნაბიჯებს უჭერს მხარს ქართული საზოგადოების უმეტესობა და ამ შემთხვევაში მთავრობის, ხელისუფლების და ხალხის უმრავლესობის პოზიცია თანხვედრაშია.
არ შეიძლება გარკვეული სიფრთხილის გამო, არც მთავრობას ვუსაყვედუროთ და არც ქართულ საზოგადოებას. ამ პოზიციასაც აქვს თავისი არგუმენტები და საკმაოდ წონადი
საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ უნდა გვემოქმედა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და ესეც უნდა აღინიშნოს, შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულების ბენეფიტიც და პასუხისმგებლობაც მასზეა.
ერთიც ყველამ უნდა კარგად გაიაზროს - სიფრთხილე შიშს და ლაჩრობას არ ნიშნავს. ჩვენი ხალხი გმირი ხალხია და არაერთხელ დაადასტურა ძველ დროშიც და ახლაც, რომ სამშობლოსთვის ბრძოლაც შეუძლია და თავდადებაც. ამასვე ადასტურებენ და ცხადყოფენ ის გმირი, ვაჟკაცი მეომრები, რომლებიც უკრაინაში უკრაინელების გვერდით იბრძვიან.
ამიტომ, არ შეიძლება გარკვეული სიფრთხილის გამო, არც მთავრობას ვუსაყვედუროთ და არც ქართულ საზოგადოებას. ამ პოზიციასაც აქვს თავისი არგუმენტები და საკმაოდ წონადი. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ბრძოლა შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში უკანაც არ დავიხევთ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილის და სხვათა პოზიციას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ფრთხილ და მოზომილ მიდგომას და ნაბიჯებს უჭერს მხარს ქართული საზოგადოების უმეტესობა და ამ შემთხვევაში მთავრობის, ხელისუფლების და ხალხის უმრავლესობის პოზიცია თანხვედრაშია
ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც წაგებულ ომებში დაცემულ გმირებს უფრო დიდ პატივს მივაგებთ, ვიდრე გამარჯვებული ბრძოლების შემოქმედთ. ჩვენთვის კრწანისი და მარაბდა უფრო ფასეულიც კია, ვიდრე დიდგორი, შამქორი და ბასიანი. თუმცა, ამჯერად საზოგადოებამ თავშეკავება და სიფრთხილე არჩია და აქ ვინც სტრატეგიული პარტნიორების ღალატს ხედავს, ცდება.
ჩვენ გაცილებით მეტს ვაკეთებთ უკრაინელი ხალხის და უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერად, ვიდრე იმავე უკრაინამ გააკეთა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში.
- ხელისუფლებამ არა ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნებოდა ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით მისცემდა მისი ტერიტორიიდან სანქცირებული ტვირთების ტრანზიტის საშუალებას.
იმის გამო, რომ ამ თემაზე ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოუხშირეს საუბარს, წესით ხელისუფლება უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ამგვარი ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.
ოპოზიციის მოწოდებები ხელისუფლებას რუსეთში ტრანზიტით გატარებული ტვირთები უფრო გამჭვირვალე გაეხადა, დასრულდა იმაზე საუბრით, რომ რუსეთში არასანქცირებული ტვირთების პრობლემა არაა.
ის იყო, ეს თემა თითქოს დაიხურა, როცა თბილისის მერმა კახა კალაძემ გვამცნო, რომ თბილისში შეირჩა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება. კონცერტებისა და გართობების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ გააჩნია როდის. როცა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის უკრაინის მოსახლეობას რუსეთი ანადგურებს, ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ ავლენს რუსეთში სატრანზიტო ტვირთების უფრო მეტად გამჭვირვალედ განხორციელების სურვილს? და კიდევ - თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ომის ფონზე თბილისში ყოველ შაბათ-კვირას კონცერტების დაგეგმვას?
- არ მიმაჩნია მთლად გამართლებულად ასეთი კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება. თუმცა, ხელოვნებას აქვს უზარმაზარი ზემოქმედების უნარი ადამიანების გუნება-განწყობაზე და თუ ჩვენი ხალხის უკრაინელებისადმი თანადგომის გაძლიერებას და ჩვენთან ჩამოსული უკრაინელების გამხნევებას დაისახავს მიზნად, რატომაც არა, შეიძლება ასეთმა კონცერტებმა მხარდამჭერი აქციების როლიც შეასრულოს. ტვირთებთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია. აქ ორპირობა და მზაკვრობა არ ეპატიება ჩვენს ხელისუფლებას, თუ ასეთი რამ დაფიქსირდება და დადასტურდება. ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით და ჩემთვის ასეთი დამოკიდებულებაც გასაგებია, მაგრამ მთავრობას მოეთხოვება უზრუნველყოს და არ მისცეს რუსეთს ჩვენი ქვეყნის მეშვეობით სანქციებისათვის თავის არიდების და შემსუბუქების საშუალება.
ტვირთებთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია. აქ ორპირობა და მზაკვრობა არ ეპატიება ჩვენს ხელისუფლებას, თუ ასეთი რამ დაფიქსირდება და დადასტურდება
ჩვენი საფინანსო სისტემა აცხადებს და ახორციელებს კიდეც შესაბამის ღონისძიებებს ამ მიმართულებით.
- ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების ორგანიზებას გეგმავს. შესაძლოა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ხელისუფლების ცვლილებებში ხედავდეს გამოსავალს, ფაქტია, რომ დღეისათვის არ არის იმგვარი მოცემულობა, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოითხოვოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
არც ისეთი პირი უჩანს საზოგადოებრივ განწყობებს, კიდეც რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილებების კონტურები ცხადად ჩანდეს. ამგვარი მსჯელობის საშუალებას იძლევა თუნდაც ახლახან ბათუმში ჩატარებული არჩევნები.
სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ, ბოლო არჩევნებზე, მართალია ერთ ოლქში მაგრამ პროცენტები ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნება“ - 69%, ხოლო „ნაცმოძრაობა - 30%. არაერთმა დამკვირვებელმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შიშმა მმართველი გუნდის უპირატესობა ცხადი გახადა.
თუ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ჩვენს საზოგადოებაში ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების შიშები ერთი ორად გაზარდა, ასეთ ფონზე რომ გაუჭირდება ოპოზიციას ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ორგანიზება, ძნელი პროგნოზირებადი არ უნდა იყოს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრისგან განსხვავებით თქვენ ამბობდით, - „ვადამდელი არჩევნების ჩატარება შექმნილ სიტუაციაში გარდაუვალი და საუკეთესო გამოსავალია.“
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ, მე კითხვას მაინც ასე დავსვამ - რამდენად რელევანტურია ახლა ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა?
რამდენად აქვს ოპოზიციას იმის რესურსი, რომ მათ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია წარმატებული აღმოჩნდეს?
- საქმე ისაა, რომ მართლაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საჭიროდ მიიჩნევს ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ ეს ნაწილი არ წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, შესაბამისად, საზოგადოების უმეტესობა არ მოითხოვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
დიახ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნები იქნებოდა საუკეთესო საშუალება პოლიტიკური პროცესის რეანიმირებისა და ქართული საზოგადოების კონსოლიდირებისთვის, მაგრამ ამჯერად უნიათობა ოპოზიციამ გამოიჩინა, სათანადო რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება ვერ შეძლო, ზოგჯერ ექსტრემიზმისკენ მიდრეკილებამაც დააზარალა და ამ საშურმა ნაბიჯმა დაკარგა აქტუალობა.
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აღიარეს არჩევნების შედეგები, რაც ქართული არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი არგუმენტია დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად. “ნაცმოძრაობამ” სერიოზულად დააზარალა ვადამდელი არჩევნების იდეა შარლ მიშელის შეთანხმებისადმი დამოკიდებულებით.
დღეს, გვაქვს ასეთი ვითარება.. ვიდრე პოლიტიკურ ველზე იქნება ორი მთავარი აქტორი - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი (ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკიდან წასული, მაგრამ ფაქტობრივად კაცი, რომელსაც ლუი მეთოთხმეტის დარად შეუძლია თქვა - „ოცნება“, - ეს მე ვარ) ვიდრე ასეთი მოცემულობა გვაქვს, ივანიშვილი ყველა არჩევნებს მოუგებს “ნაცმოძრაობას” და მის მოკავშირეებს, მარიონეტებიან-სატელიტებიანად.
ამდენად, პრობლემა ბიძინა არ არის, პრობლემა ბიძინა და მიშაა, ანუ ივანიშვილი და სააკაშვილი. პოლიტიკურ ველზე ხალხის გარეშე კი სხვა სერიოზული ძალის გამოჩენა ხილულ პერსპექტივაში წარმოუდგენელია.
იმის გათვალისწინებით, რომ საპყრობილეში მყოფი სააკაშვილი მაინც ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, მას გაუჭირდება ტემპერატურის მნიშვნელოვნად აწევა და სიტუაციის სათანადო დეტონაცია
„პატრიოტთა ალიანსმა“ დაკარგა მოკრძალებული ხიბლი, რომელიც მას უდავოდ ჰქონდა, შესაბამისი ელექტორალური მხარდაჭერით. ლევან ვასაძე ისე გაუჩინარდა არენიდან, რომ საზოგადოებას, მათ შორის თავის მომხრეებს, არც კი დაემშვიდობა.
სხვათა შორის, იგივე გაიმეორე ზურაბ მახარაძემ, კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელმა, როგორც კი აკრიფა გარკვეული ტემპი და ერთობ აქტიური ნაწილი ელექტორატის შემოიკრიბა, რასაც მოძრაობის ოფისების გახსნასთან დაკავშირებული შეხლა-შემოხლა მოჰყვა, ძირითადად “ნაციონალებსა” და მახარაძის მომხრეებს შორის, ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და გარკვეული დროით აქტივობას აჩერებს.
ნებისმიერი ქვეტექსტის არსებობის გათვალისწინებითაც კი, ეს აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ მალე გაკეთდა. შესაბამისად, ვადამდელ არჩევნებს აზრი ეკარგება.
თუ ჩატარდა სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, ყველა შემთხვევაში მოიგებს „ოცნება“, მარტო ან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ალიანსში. სწორია სტრატეგიული თვალსაზრისით სააკაშვილის მოწოდება მასობრივი საპროტესტო აქციებისა და გარკვეული აზრით რევოლუციური სცენარის აუცილებლობის თაობაზე. სააკაშვილს აქვს გამოცდილებაც და სათანადო პოლიტიკური ალღოც სიტუაციის ადეკვატურად შესაფასებლად.
შესაძლოა, ჩვენს მთავრობას და თვითონ ივანიშვილს უნდოდეს კიდეც სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და საზღვარგარეთ მისი სამკურნალოდ წასვლა, მაგრამ ამას ივანიშვილი ვერ გააკეთებს
სხვა საქმეა, რამდენად მოიტანს ასეთი გზით სიარული შედეგს, რამდენად მასშტაბური იქნება გამოსვლები, მოჰყვება თუ არა მათ გარკვეული დესტაბილიზაცია, აუცილებელი რევოლუციური სცენარისთვის, რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველ შედეგს დააფიქსირებინებს საარჩევნო ადმინისტრაციას მასზე ქუჩიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში.
იმის გათვალისწინებით, რომ საპყრობილეში მყოფი სააკაშვილი მაინც ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, მას გაუჭირდება ტემპერატურის მნიშვნელოვნად აწევა და სიტუაციის სათანადო დეტონაცია.
- გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მესამე პრეზიდენტის ციხიდან გამოყვანაა. გასაგებია ისიც, რომ ისინი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობისათვის გადაყვანას და მისი სასჯელის მანამდე გადავადებას ითხოვენ, ვიდრე ქვეყანაში ნდობის მქონე სასამართლო არ იქნება, რაზეც ხელისუფლების პოზიცია ისეთივე შეუვალია, როგორც სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის პირველ დღეებში.
გაუგებარი სხვა რამაა. ფაქტია, რომ მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობას შერყეული აქვს. როგორც თავად სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ამბობენ, მასთან მის პირად ექიმს არ უშვებენ და მას არც კვალიფიციური მკურნალობა არ უტარდება.
მნიშვნელობა არ აქვს ვის რა დამოკიდებულება აქვს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილისადმი. ფაქტია ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე. ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს რომ აკეთებენ მხარეთა წარმომადგენლები, ესეც გასაგებია თითქოს.
მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გვახსოვს თქვენი გამონათქვამი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა - ციხიდან ხელისუფლებაში დაბრუნების გზა სააკაშვილისთვის შესაძლოა მოკლე იყოს, - მე კითხვას მაინც ასე დავსვამ - ხელისუფლება თავად რატომ არ ავლენს იმის სურვილს, რომ ახლა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს პრობლემა და პოლიტიკური კამათისა თუ მსჯელობის საკითხი?
- ადრე თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკავება, დაჭერა და ციხეში ჩასმა შეცდომა იყო. როცა დასავლეთში მიაჩნიათ, რომ შენი სასამართლო სისტემა, მისი თავისუფლების ხარისხი მაღალი არ არის და გარკვეული თვალსაზრისით ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ქართული სასამართლო ივანიშვილის და „ოცნების“ გავლენის ქვეშაა, მიუხედავად იმის, რომ გაცილებით სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო, მაინც არ უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯი.
ასეა, რადგან ყოველთვის ჩვენი სასამართლოს მიმართ დასავლეთში მთავრობებს და გავლენიან არასამთავრობოებს სულ ექნებათ მკაფიო სკეფსისი ამასთან დაკავშირებული პროცესების მიმართ.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეცდომა ივანიშვილს სააკაშვილმა დააშვებინა, რომელიც სულ სხვა მიზნით შემოვიდა ქვეყანაში, შესაძლოა შემოაგზავნეს კიდეც, ოღონდ ვინ და რა მიზნით, ამაში გარკვევა ჭირს, რადგან ის მიღმური სამყარო უსიერი ტყეა...
ახლა, შესაძლოა, ჩვენს მთავრობას და თვითონ ივანიშვილს უნდოდეს კიდეც სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და საზღვარგარეთ მისი სამკურნალოდ წასვლა, მაგრამ ამას ივანიშვილი ვერ გააკეთებს.
ვის უფრო ენდობა ივანიშვილის დასავლეთს თუ რუსეთს? ვინ უფრო მისაღებია მისთვის, რომელი მიმართულება? ამაზე საუბარი ძნელია, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ის ქვეყნის დასავლური ვექტორის მომხრეა. თავისი აქტივების ¾ დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებს ანდო, გარკვეული ნაწილი ოფშორებს, რომლებსაც შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მეთვალყურეობენ. ამას რატომ გარისკავდა „რუსი ოლიგარქი“ თუ ის ამ ქვეყანას მოსკოვისკენ მიაქანებს?
ჯერ ერთი, ეს გაუგებარი იქნება დასავლეთისთვის, მეორე, რთულია შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის მოძებნაც და ყველაზე მთავარი - არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აღმოჩნდება რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენათა ეპიცენტრში, ევროპაში ან სულაც კიევში და აგრესიულად დაუპირისპირდება რუსეთს და პუტინს.
იმ ეჭვის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მის კავშირებს არასდროს გამორიცხავდნენ ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები, ეს მაინც იქნება პუტინისა და რუსეთისადმი ბიძინა ივანიშვილის სერიოზული დემარში, არამეგობრული ნაბიჯი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი დიდი ქონება ივანიშვილმა რუსეთში იშოვა და დღესაც „გაზპრომის“ „აქციონერია“...
- რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დააჩქარა. ჯერ კიევმა, ერთი დღის შემდეგ თბილისმა და კიშინიოვმა ევროკავშირისგან მიიღეს შესავსებად კითხვარი, რომელმაც შესაძლოა დააჩქაროს ამ ქვეყნების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ომში ჩართულმა უკრაინამ ხსენებული კითხვარი უკვე შეავსო და ბრიუსელს გადასცა. ჯერჯერობით ჩვენს ხელისუფლებას არ უთქვამს რომ ეს გააკეთა. ვიცით, რომ ხელისუფლებამ კითხვარი გაასაჯაროვა, მაგრამ უარი თქვა კითხვარის თემებზე საჯაროდ ემსჯელათ ოპოზიციას და ხელისუფლებას.
ოპოზიციის მტკიცებით, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებშია, საქართველოს ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება იმიტომ რომ, ამგვარი რამ მმართველი გუნდის პოლიტიკურ გეგმებში არ შედის.
ის რომ ომში ჩართულმა უკრაინამ შევსებული კითხვარი ბრიუსელს გადასცა, ხოლო საქართველოს იგი ჯერ არ შეუვსია და ადრესატისთვის არ გადაუცია, ამას როგორ შეაფასებდით? ასევე ოპოზიციის იმ მტკიცებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ გეგმებში არ შედის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველო უკრაინაში ომის ფონზე სულ უფრო მეტად ხდება მოსკოვზე დამოკიდებული?
- ოფიციალურად, გაცხადებული პოლიტიკური კურსით „ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ევროკავშირისკენ, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს.
ახლა ივანიშვილს გულში რა უდევს, რა ხვაშიადი აწუხებს, რა მზაკვრული ჩანაფიქრი აქვს, ამაზე მხოლოდ მჩხიბაობა შეიძლება. ამ „მზაკვრობის“ ჩარჩოში ისიც მოსჩანს, რომ რაიმე კონკრეტული მამხილებელი, ქვეყნის დამაზიანებელი, კონკრეტული ნაბიჯი მას არ გადაუდგამს.
ვის უფრო ენდობა ივანიშვილის დასავლეთს თუ რუსეთს? ვინ უფრო მისაღებია მისთვის, რომელი მიმართულება? ამაზე საუბარი ძნელია, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ის ქვეყნის დასავლური ვექტორის მომხრეა. თავისი აქტივების ¾ დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებს ანდო, გარკვეული ნაწილი ოფშორებს, რომლებსაც შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მეთვალყურეობენ. ამას რატომ გარისკავდა „რუსი ოლიგარქი“ თუ ის ამ ქვეყანას მოსკოვისკენ მიაქანებს? ხშირად ვყოფილვარ მისი ოპონენტი და ვარ კიდეც, მაგრამ ამ თვალსაზრისს ვერ გავიზიარებ, რადგან არგუმენტები არ მაქვს.
თუ ქვეყანა თავის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობას არ ენდობა, ის არ ყოფილა დემოკრატიული და რა უნდა ევროკავშირში? და ერთიც - მესმის ოპოზიციის, მესმის მისი პრობლემების, მაგრამ მოდით, ყველაფერს თამაშად ნუ გადავაქცევთ, არავის ეს ხელს არ აძლევს
სამწუხაროდ, რუსეთზე დამოკიდებულება ბალტიის ქვეყნების გარდა, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში იგრძნობა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სად მეტად, სად ნაკლებად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ დამოუკიდებელ ქვეყნებს მოუხდებათ იმის დამტკიცება, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბება და აქვთ შესაბამისი ნათელი პერსპექტივა.
ყაზახეთის ამასწინანდელმა ამბებმა ეს კარგად აჩვენა. სომხეთ-აზერბაიჯანის დაუსრულებელი დაპირისპირებაც ამას ცხადყოფს. ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი მთავარი მეგობარი შორსაა, ოკეანის გაღმა, მოსკოვზე გარკვეული დამოკიდებულება ისევ რჩება.
დღემდე მივიჩნევდით, რომ პოლიტიკით და დიპლომატიით ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება შეიძლება. სამწუხაროდ, უკრაინის ამბებმა დაგვანახა, რომ ჯერ ბევრი მძიმე განსაცდელი გველის ამ გზაზე.
არ მიმაჩნია რამე განსაკუთრებულ მომენტად კითხვარი ვინ სწრაფად შეავსო და ვინ დააგვიანა, საჯაროდ უნდა იქნას შეკითხვებზე პასუხი გაცემული, თუ დემოკრატიული ქვეყნის, არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის წევრებმა უნდა შეიმუშაონ სათანადო მიდგომები და პასუხები.
თუ ქვეყანა თავის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობას არ ენდობა, ის არ ყოფილა დემოკრატიული და რა უნდა ევროკავშირში? და ერთიც - მესმის ოპოზიციის, მესმის მისი პრობლემების, მაგრამ მოდით, ყველაფერს თამაშად ნუ გადავაქცევთ, არავის ეს ხელს არ აძლევს.
რუსეთი აპრიორი დამარცხებულია. 21-ე საუკუნის დასაწყისში ომი გააჩაღა მეზობელი და მოძმე ხალხის წინააღმდეგ. ომი ახალ დროში კანიბალიზმის ყველაზე რელიეფური და მკაფიო გამოვლინებაა
ევროკავშირში შესვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უკრაინამ ამისთვის დიდი სისხლი დაღვარა და ეს რომ კმაროდეს მხოლოდ, უკრაინას ავტომატურად, განაცხადის საფუძველზე უნდა იღებდნენ ევროკავშირის წევრად, იმდენად დიდი მსხვერპლი გაიღო მან დასავლური ცივილიზაციის და საკუთარი მომავლის ინტერესებისთვის.
თუმცა, ჩანს, ხშირად ესეც არაა საკმარისი და პოლიტიკის ლაბირინთში გარკვევა ხშირად უჭირთ პოლიტიკურ ლიდერებს და ხალხის რჩეულებს.
- უკრაინაში ახლა გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს დონბასისათვის. ომში რუსულმა სისასტიკემ და ბარბაროსულმა ქმედებებმა აიძულა კოლექტიური დასავლეთი სამხედრო ტექნიკითა და პოლიტიკური მხარდაჭერით დახმარებოდა უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელს ხალხს.
ომის გამო უკრაინა ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. 11 მილიონი იძულებული გახდა ქვეყანაში ტერიტორიაზე უფრო უსაფრთხო ადგილებში გადაადგილებულიყო. ზოგი ამ ომში რუსეთის უპირობო გამარჯვებას პროგნოზირებს, ზოგი პირიქით, დარწმუნებულია, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება.
დამკვირვებელთა მესამე ნაწილი თვლის, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები უკრაინაში, რუსეთი უკვეა დამარცხებული, რადგან მას მსოფლიო პოლიტიკის რომელიმე პოლუსობაზე არც მორალური, არც ფინანსური და არც ეკონომიკური შესაძლებლობები ვეღარ ექნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი სახე ექნება ომისშემდგომ მსოფლიოს?
- რუსეთი აპრიორი დამარცხებულია. 21-ე საუკუნის დასაწყისში ომი გააჩაღა მეზობელი და მოძმე ხალხის წინააღმდეგ. ომი ახალ დროში კანიბალიზმის ყველაზე რელიეფური და მკაფიო გამოვლინებაა.
თუმცა, ამ მხრივ მხოლოდ რუსები არ სცოდავენ. ყველა დიდი მოთამაშე ყოფილა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ აგრესიის ინიციატორი, შესაძლოა სხვადასხვა მიდგომით, სხვადასხვა მიზნით, ზოგჯერ კეთილშობილურითაც, მაგრამ ეს არ ცვლის კანიბალიზმის არსს, რომლის თანახმადაც ომი უნდა გამოირიცხოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის პრაქტიკიდან.
კაციჭამიობა წარსულს უნდა ჩაბარდეს და რახან ომი და ხოცვა-ჟლეტა დღესაც ხდება ჩვენს გვერდით, აუცილებელია ვიფიქროთ მომავალზე, გამოსავალზე.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ თავიდან ვერ ააცილა მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომი და კიდევ უფრო მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა. ვერც გაერო აღმოჩნდა ხალხთა შორის მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველმყოფელი ინსტიტუტი.
მის რეფორმირებაზე ხომ არ ვიფიქროთ?.. ბევრი საქმეში ჩახედული ადამიანი ფიქრობს ასე. სხვა შემთხვევაში, მის არსებობას აზრი ეკარგება. მისი როლი გლობალური საფრთხეების თავიდან აცილებაში უნდა გაიზარდოს, სხვა გზა არ არსებობს. მითები და შიშები „მსოფლიო მთავრობის“ მიმართ დაძლეულ უნდა იქნას. მხოლოდ ამ გზით ვივლით უკეთესი მსოფლიოსკენ.
ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინაო, ბრძანეთ. ჩვენ სულ 3.7 მილიონამდე ვართ დარჩენილი. ესეც დამაფიქრებელია. სამი მილიონი სირიელი დევნილი მხოლოდ ერთ ქვეყანას - თურქეთს აფარებს თავს. ასეთივე როგორც უკრაინაში და უფრო მძიმე ნგრევა და სისხლის ღვრა იყო სირიაში, ალეპოში, რაქაში, დამასკოში. ეს ქალაქები მიწასთან გაასწორეს და აქ ჩვენი მტრებიც აქტიურობდნენ და მოყვრებიც.
ამ დღეებში თურქეთს სპეცოპერაცია აქვს ერაყელი ქურთებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. არ ვაყენებ ეჭვქვეშ, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და არ გავიზიარებ ინსინუაციებს მასთან დაკავშირებით, მაგრამ შევნიშნავ, რომ ამის თაობაზე საინფორმაციო საშუალებები არაფერს იუწყებიან.
მშვიდობა, მისთვის ბრძოლა ღირს. მხოლოდ მშვიდობის პირობებში უნდა წყდებოდეს ყველა პრობლემა ქვეყნებს, ხალხებს და ადამიანებს შორის. იქნებ რუსეთ-უკრაინის ომი, სასტიკი და ულმობელი, გახდეს ის შემობრუნების წერტილი, საიდანაც დავიწყებთ მოძრაობას უკეთესი მსოფლიოსკენ.
მერწმუნეთ, ერთპოლუსიანი იქნება იგი, თუ მრავალპოლუსიანი, უნდა იყოს უკეთესი საცხოვრებელი ადგილი, ვიდრე დღესაა. არადა, როგორ გინდა ძველი და ახალი ვეშაპები მოარიგო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი.
ეს ურთულესი ამოცანა იქნება და ამ ამოცანის გადასაწყვეტად იქნებ გაეროს რეფორმირებით დაგვეწყო.
“ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
























