ლენტეხში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა

ლენტეხის N1 და ჩოლურის საჯარო სკოლებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა, რომელსაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ქართული ენის დამწერლობის სიძველეზე, მიმოიხილეს საქართველოს ისტორია. გაიხსენეს მისი მოთხრობები და ცნობილი ქართველი პოეტების დედაენისადმი მიძღვნილი ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით გაალამაზეს ღონისძიება.
მარადი ლიპარტელიანმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დედაენის დღე მასწავლებლებს, ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა.
"14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია-დღეს დედაენის დღეა. გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ დღეს! მშობლიური ენა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხის სიამაყე, მას ჩვენი მხრიდან მოფრთხილება და დაცვა სჭირდება’’.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს დედაენის დღეს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























