ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2022

რა მოხდა მარიუპოლში - უკრაინელ საზღვაო ფეხოსანთა თავგანწირული შეტევა, რომლის შედეგსაც ორივე მხარე თავის გამარჯვებად აცხადებს
“იქ ხალხი იღუპება, ჩვენ კი აქ ვწუწაობთ...” - რატომ ვერ შედგა უკრაინაში გასაგზავნი ერთიანი დელეგაცია
პუტინის ახალი კოშმარი - ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შედიან
* * *
რა მოხდა მარიუპოლში - უკრაინელ საზღვაო ფეხოსანთა თავგანწირული შეტევა, რომლის შედეგსაც ორივე მხარე თავის გამარჯვებად აცხადებს
“რუსების მიერ ბლოკირებულ მარიუპოლში გააფთრებული ბრძოლები გრძელდება და ბოლო ორ დღეში მოწინააღმდეგეთა განლაგებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელსაც ორივე მხარე საკუთარ წარმატებად აფასებს. ანალიტიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში პროგნოზირებდა, რომ ქალაქი დღე დღეზე დაეცემოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ქარხანა “აზოვსტალს” კი, სადაც უკრაინელთა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებია განლაგებული, სამხედრო ექსპერტები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბრესტის ციხე-სიმაგრეს ადარებენ. ბოლო დღეებამდე ცნობილი იყო, რომ ქალაქში რჩებოდა წინააღმდეგობის სამი მთავარი კერა, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებდნენ - ქარხანა “აზოვსტალი”, რომელსაც ცნობილი ბატალიონი “აზოვი” აკონტროლებს, ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატი, სადაც უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მებრძოლები იყვნენ განლაგებული და მარიუპოლის პორტის ტერიტორია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა მარიუპოლში - უკრაინელ საზღვაო ფეხოსანთა თავგანწირული შეტევა, რომლის შედეგსაც ორივე მხარე თავის გამარჯვებად აცხადებს.
“ორივე მებრძოლი მხარის მიერ გავრცელებული ცნობებიდან აშკარაა, რომ ქალაქში გამავალი ფრონტის ხაზი პერიოდულად იცვლება და, სავარაუდოდ, ცალკეული შენობები, კვარტლები და შესაძლოა ქუჩებიც კი ხელიდან-ხელში გადადის. 12-13 აპრილს კი, როგორც ჩანს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რომელმაც შესაძლოა მარიუპოლის ბრძოლის საბოლოო შედეგზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციით, მარიუპოლში რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარდა 1000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ქალები. ტყვედ ჩაბარებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიდან 162 ოფიცერი და 47 ქალია. მანამდე, 12 აპრილს რუსულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიჩის სახელობის კომბინატში გამაგრებულმა უკრაინელმა საზღვაო ფეხოსნებმა ალყის გარღვევა და ქალაქიდან გასვლა სცადეს. მათივე ცნობით, უკრაინელებმა თავის საბრძოლო ტექნიკას რუსული ამოსაცნობი ნიშნები დააადეს და ისე მიიტანეს იერიში რუსულ პოზიციებზე, თუმცა, რუსულმა არტილერიამ ისინი მასირებული ცეცხლით გაანადგურა და გადარჩენილი უკრაინელები ქალაქში გაიფანტნენ. უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მებრძოლთა დანებების შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა პირიქით, რთული და სარისკო მანევრის შედეგად ალყა გაარღვიეს და “აზოვის” მებრძოლებს შეუერთდნენ. “36-ე ბრიგადამ ნაწილ-ნაწილ აიცილა ნაწილ-ნაწილ განადგურების საფრთხე და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი. ქალაქის თავდაცვის სისტემა გაიზარდა და გაძლიერდა”, - განაცხადა არესტოვიჩმა. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ძალიან რთულია ომში ტყუილ-მართალი გაარკვიო. ამიტომაც წესით იმის გვჯერა, ვის მხარესაც უფრო ვართ. შესაბამისად, კონფლიქტოლოგის აზრით, ახლა რთულია იმის დადგენა რა რაოდენობის უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა ტყვედ რუსებს და ზოგადად, ეს ინფორმაცია საერთოდ მართალია თუ არა. თუმცა ბენდიანიშვილი ვარაუდობს, რომ რადგანაც იქ ბრძოლები მაინც გრძელდება, როგორც ჩანს “აზოვის” ბატალიონის საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ წინააღმდეგობას უწევს რუსებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ომში არცერთი მხარის ინფორმაცია დასაჯერებელი არ არის. მეორე მხრივ კი ომში სიმართლე არც უნდა თქვა. ამიტომ ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ამას ვერავინ გაიგებს. შესაბამისად, მარიუპოლში რაც ხდება, ამის დასადგენად ორივე მხრიდან მიღებული ინფომაცია უნდა შევაჯამოთ და რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ. უკრაინელები ამბობენ, რომ მათმა მებრძოლებმა ალყა გაარღვიეს. ანუ ქალაქში მყოფი ერთი ჯგუფი მეორესთან მისასვლელად და დასახმარებლად რუსების ალყის გარღვევას ცდილობდა და სწორედ ეს მოხდა. საზღვაო ფეხოსნები ქალაქის სრულიად სხვა უბანში იყვნენ და მათ “აზოვსტალში” გამაგრებული მებრძოლების დასახმარებლად რუსების ალყის გარღვევა მოუწიათ. ახლა ერთად არიან და თავს უფრო დაიცავენ. ეს ისეთი ტერიტორიაა, რომ იქ რუსები ხელჩართულ ბრძოლაში უკრაინელებთან ვერ შედიან. პრაქტიკულად ეს არის მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი ლაბირინთია და ლოგიკურია, რომ ამ გზებს უკრაინელები კარგად იცნობენ. ისინი საკმაოდ გაწვრთნილები არიან და რუსებს პირწმინდად გაანადგურებენ. ეს რუსებმაც იციან და ამიტომაც ახლო ბრძოლაში ამ ქარხანასთან არ მიდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.
“უკრაინელები თავისი საზღვაო ფეხოსნების ტყვედ ჩავარდნას ბოლომდე არ უარყოფენ, თუმცა მათი ინფორმაციით, რუსების ალყაში 200-მდე მებრძოლი მოექცა და მათ იარაღი დაყარეს. ამ ბრიგადაში კი დაახლოებით 3000-მდე კაცი უნდა ირიცხებოდეს. რუსებს მარიუპოლი თითქმის უკვე დაკავებული აქვთ. უბრალოდ ამ მონაკვეთშია მხოლოდ სამხედრო წინააღმდეგობა. ეს ქარხანაა, რომლის აღებასაც ვერ ახერხებენ. მათი დახმარება ვერ ხერხდება და აქ არაფერი შეცვლილა. ერთხელ მოხდა, რომ მათი ევაკუაცია სცადეს უკრაინელებმა და ვერტმფრენები შეფრინდნენ, მაგრამ ვერ გამოიყვანეს. რუსებმა თქვეს, რომ ორივე ვერტმფრენი ჩამოვაგდეთო. უკრაინელებმა - არაო. აქაც ვერ გაირკვა რეალურად რა მოხდა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ რუსები სანამ ამ ქარხანაში მყოფ სამხედროებს სრულად არ გაანადგურებენ, მარიუპოლს ვერ გაიფორმებენ. ეს ადამიანები იქიდან მუდმივად გამოვლენ და რუს სამხედროებთან შეტაკებები არ დასრულდება”, - განმარტავს კონფლიქტოლოგი.
“ამიტომაც გამოიყენეს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი და ეს ამ ადამიანების ერთგვარი გაფრთხილება იყო, რომ დანებდნენ. წინააღმდე შემთხვევაში ამათ გაანადგურებენ არა ხელჩართულ ბრძოლაში, არამედ აკრძალული ქიმიური იარაღით. პუტინი ამაზე წამსვლელია და ეს გაფრთხილება უკვე გააკეთა”, - თვლის ბენდიანიშვილი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი გვეუბნება, რომ ამ მოვლენების ზუსტად წინა დღეს, უკრაინელების საზღვაო ქვეითმა ბრიგადამ და აზოვის მებრძოლების ნაწილმა რუსების ალყის გარღვევა სცადეს. ეს არის “ილიჩის” სახელობის ქარხანა და მათ მცდელობა ჰქონდათ, რომ ეს ალყა ჩრდილოეთით ზაპროჟიეს მიმართულებით გაერღვიათ. მცდელობა სამწუხაროდ წარუმატებლად დასრულდა, რადგან რუსებმა შეტევა მოიგერიეს. სწორედ ამის შემდეგ მათ ეს “ილიჩის” ქარხნის ტერიტორია დატოვეს”, - დასძენს გამოცემა.
“ნაწილი ნამდვილად ჩაბარდა, ნაწილის განადგურება მოხდა და ნაწილი ალყის გარღვევის შემდეგ შეუერთდა “აზოვის” ბატალიონს, რომელიც “აზოვსტალშია” გამაგრებული. სამწუხაროდ, მთელი მარიუპოლი, გარდა ამ ქარხნისა, რუსებს აქვთ უკვე დაკავებული. მარიუპოლის ადმინისტრაციის თავზე და ქალაქის ცენტრში რუსული დროშები ფრიალებს. ტყვედ ჩაბარების ფაქტს უკრაინელების მხრიდან ადგილი ნამდვილად აქვს. ამას ავაკოვიც ადასტურებს და ზელენსკიმ რუსებს ამ ადამიანების გაცვლა მედვედჩუკში შესთავაზა. ვიცით, რომ ეს ადამიანი პუტინის უახლოესი მეგობარია, რომელიც სამშაბათს დააკავეს. უკრაინელები 3000-მდე მებრძოლი იყვნენ, აქედან ალბათ 500-მდე კაცი მოკლეს, სადღაც 1000-მდე ტყვედ ჩაბარდა და როგორც ჩანს, 1500-მდე კაცმა “აზოვის” ბატალიონთან შეერთება შეძლო. ახლა “აზოვსტალსა” და იქ გამაგრებულ მებრძოლებს ისეთივე დანიშნულება აქვთ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრესტის ციხე-სიმაგრეს, სადაც საბჭოთა არმიის ნაწილები ერთი თვე იგერიებდნენ ნაცისტური გერმანის ჯარს მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები უკვე კიევამდე იყვნენ მისული. დაახლოებით იგივე ამბავი იქნება. პირველ რიგში ამას ახლა უკრაინელებისთვის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს - გმირული სახე, რაც ომის დროს სხვა მებრძოლებს მოტივაციას აძლევს და მტერს აშინებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“მეორე მომენტი ისაა, რომ თუ რუსებმა ეს ციტადელი ვერ აიღეს, მაშინ მარიუპოლი აღებულად ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ასევე იმ ქარხანაში საკმაოდ სერიოზული თანამდებობის პირები არიან - სამხედრო მაღალჩინოსნები, რომელთა ხელში ჩაგდება რუსებისთვის დიდი პრივილეგიაა, უკრაინელებისთვის პირიქით, კატეგორიულად დაუშვებელი. ამბობენ, რომ იქ არიან ამერიკელების მიერ გაწვრთნილი სამხედროები, რომლებიც ძალიან ღირებულია ორივე მხარისთვის და მათი ცოცხლად ხელში ჩაგდება არ უნდა მოხდეს. ისინი რუსებს არასდროს ჩაბარდებიან. მეორეს მხრივ ამბობენ, რომ თითქოს იქ ამერიკელების გადამდგარი გენერალია, მაგრამ რამდენად მართალია არავინ იცის. საქმე კი ისაა, რომ პუტინი ქარხნიდან ამ ხალხს თუ ვერ გამოიყვანს, მათ ვაკუუმური ბომბებით ცოცხლად დამარხავს. საშინელება ეს იქნება, რომ ამხელა ბეტონის ლაბირინთებში ისინი ვერ გადარჩებიან. ღმერთმა ქნას, რომ მათი ევაკუაცია მოხდეს, რაც უკვე ფანტასტიკის ამბავია”, - დასძენს მაისაია.
“იქ ხალხი იღუპება, ჩვენ კი აქ ვწუწაობთ...” - რატომ ვერ შედგა უკრაინაში გასაგზავნი ერთიანი დელეგაცია
“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას უკვე ამ კვირაში ეწვევა. მოგვიანებით კი უკრაინაში ქართველ ოპოზიციონერ პარლამენტართა დელეგაციაც ჩავა. ასე დასრულდა ოთხშაბათს ხანგრძლივი დაპირისპირება და კამათი ჯერ ოფიციალური დელეგაციის ფორმატსა და შემადგენლობაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, როდესაც საუბარია უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მეგობარი სახელმწიფოს სიმბოლურ მხარდაჭერაზე, ასეთ წვრილმანებზე კინკლაობა და შეუთანხმებლობა მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც ნეგატიურად წარმოაჩენს. ქვეყანა კი ამის გამო საერთაშორისო ასპარეზზე სასაცილოდ გამოიყურება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მშიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის ადგილას, ქალაქ ბუჩაში მიიწვია. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ასეთი ვიზიტის სანაცვლოდ რამდენიმე წინაპირობა დაასახელა, მათ შორის უკრაინული მხარის მიერ საქრათველოში ახალი ელჩის დანიშვნა, ასევე ბოდიში რუსული სამხედრო ტვირთის გატარების ბრალდებაზე და უკრაინის ხელისუფლებიდან ენმ-სთან დაახლოებული პირების გათავისუფლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “იქ ხალხი იღუპება, ჩვენ კი აქ ვწუწაობთ...” - რატომ ვერ შედგა უკრაინაში გასაგზავნი ერთიანი დელეგაცია.
“თუმცა, სტეფანჩუკის სამშაბათის ინტერვიუსა და ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეთა სატელეფონო საუბრის შემდეგ “ოცნების” პოზიცია შეიცვალა. კობახიძემ განაცხადა, რომ არ იყო ამორიცხული უკრაინაში ორი სხვადასხვა დელეგაცია წასულიყო - ცალკე პარლამენტის თავმჯდომარისა და ცალკე საპარლამენტო დელეგაციები. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრაც გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინდორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მსჯელობა და ვაჭრობა, თუ როგორ უნდა შემდგარიყო საპარლამენტო დელეგაცია, საბოლოოდ ერთიანი დელეგაცია ხომ არ წასულიყო პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და ა.შ. საბოლოოდ, ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში პარლამენტის თანჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობით საგანგებო შეხვედრაც შედგა ამ ყველაფრის დასაზუსტებლად, თუმცა უშედეგოდ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რატომ ვერ მოხერხდა ერთიან დელეგაციაზე შეთანხმება? ოთხშაბათსვე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა. როგორც თავად პაპუაშვილი ამბობს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები ასე განაწილებულიყო - სამი დეპუტატი უმრავლესობიდან და სამი ოპოზიციიდან, თუმცა, მისი თქმით “სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს”. ოპოზიცია კი ითხოვდა, რომ დელეგაციაში თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი ყოფილიყო. ამის შედეგად დელეგაცია 15-20 კაციანი გამოდიოდა, რაც “ქართულ ოცნებას” გაუმართლებლად მიაჩნდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“სამწუხაროდ, ეს შიდა პოლიტიკური თემები სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული აქ შიდა პოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თავის დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, როდესაც იქ არის ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ თანაფარდობა უფრო სხვა არის, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, მაგრამ ამ შეთავაზებას როგორც ჩანს ჯერჯერობით არ იზიარებენ”, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. შეხვედრის შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიცია ცალკე წავა უკრაინაში. მისი თქმით, ქართულ დელეგატთა რაოდენობის შესახებ ოპოზიციას ერთიანი შეხედულება აქვს, ხოლო “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციის ერთგვარი გადარჩევა მოახდინოს. “ოცნების” შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა “ლელოსთვისაც”, - დასძენს გამოცემა.
“პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ხედვა, რომ როგორც ზოგადად, სხვა დროს ესპანეთსა თუ სომხეთში მიემგზავრება, ამ ტიპის ვიწრო დელეგაცია გაეკეთებინა. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ არის - უკრაინაში სწორედ ერთიანობა და ქართველი ხალხის წარმომადგენლობაა საჭირო”, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, უსუფაშვილის ინფორმაციით, ძალაში რჩება ოპოზიციის გეგმა უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციით გამგზავრების შესახებ და საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცალ-ცალკე გაემგზავრებიან... კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის საქციელს სამარცხვინოს უწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი.
“როცა უკრაინელები ასეთი გამწარებული არიან და არ იციან ხვალ ცოცხლები იქნებიან თუ არა, ამ ფონზე მათ სულ არ ადარდებთ საქართველოს დელეგაციის ესა თუ ის პირი რომელი პარტიიდანაა. მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩავიდეს, დანარჩენი აქ გაარკვიონ. შეიძლებოდა უკან რომ ჩამოვიდოდნენ, მერე აქ დაეხოცათ ერთმანეთი, მაგრამ იქ ერთნი უნდა ყოფილიყვნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ მთელი საქართველო მათთანაა. ფარისევლობა იქნებოდა თუ არა, ეს უკრაინას არ ადარდებს. მათ ქართველი ხალხის ნება სურთ, ქართველი ხალხის ნება კი გამოხატულია ორ ინსტიტუტში - პარლამენტში ან პრეზიდენტში. პრემიერის ჩასვლაც კარგი იქნებოდა, მაგრამ პარლამენტის დელეგაცია უფრო მნიშვნელოვანია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ცალ-ცალკე მიდიან. ეს უკრაინას არაფერს არ ეუბნება, მაგრამ სულ არარაობას ასე მაინც იყოს. ამას მხოლოდ ისინი ხედავენ, ვისაც ახლა საქართველო აინტერესებს. უკრაინას ახლა თავისი პრობლემები აქვს და ეს კინკლაობის ეპიზოდი არ აინტერესებს, ისინი დღეს ჩვენს პრობლემასაც კი წყვეტენ. სამაგიეროდ ჩვენი კინკლაობა აშშ-ს, ევროპას და დასავლურ საზოგადოებას აინტერესებს, არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება კარგად არ ჩანს. დასავლეთისთვის ასე ჩანს, რომ შეუმდგარი პოლიტიკური კლასი ვართ, შეუმდგარი პოლიტიკური კულტურა გვაქვს, ჩვენ არაფერს არ ვიმსახურებთ - არც ევროკავშირს, არც ნატოს, რადგან ელემენტარულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით. ნუთუ არ შეიძლება უკრაინის იდეამ ხელისუფლება და ოპოზიცია გააერთიანოს?! პასუხისმგებელი ორივეა. იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი ეძებონ, ფიქრობენ ერთმანეთს როგორ აჯობონ, როგორ აჩვენონ ყველას, რომ ერთი მეორეზე უკეთესია”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“თუ ხელისუფლებამ ოპოზიციის ხალხის ამორჩევა დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებას არ უხდება და ის არა იდეების გარშემო გამაერთიანებელი, არამედ უკვე მერამდენჯერ აღმოჩნდა პრიმიტიული პრინციპების მატარებელი მხარე “დაყავი და იბატონეს” მიმართულებით. უკრაინაში მიმდინარე მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების ფონზე, სამი კაცი იქნებოდა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, თუ სამნახევარი, ეს იმდენად სასაცილოა, რომ ამაზე საუბარიც კი სირცხვილია. რატომ არ შეიძლებოდა 4/4-ზე, 5/5-ზე? მთელი ცხოვრება კონფლიქტების მოგვარებაში ვმონაწილეობ და ყოველთვის გამოსავალი უნდა ეძებო და არა მიზეზი იმისთვის, რომ თქვა “არა”. როგორც უნდათ ისე წავიდნენ და წამოვიდნენ. თუ უნდათ სულ ურმებით წავიდნენ. სანამ ეს კინკლაობა მიდის, ამდენი ადამიანი იხოცება. ოპოზიცია და ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე ვინ პირველი წავა, ვინ მეორე და ამ დროს ხალხი ჩვენთვის იღუპება, უკრაინელ ახალგაზრდებს დაქორწინება და სიბერემდე ტკბილად ცხოვრება ჰქონდათ დაგეგმილი, ჩვენ კი აქ ვწუწაობთ...” - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
პუტინის ახალი კოშმარი - ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შედიან
“დღემდე ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ივნისის ბოლოს, სავარაუდოდ, ოფიციალურ განაცხადს გააკეთებენ ნატო-ს წევრობაზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი, უკრაინის ომის გამო შექმნილი ექსტრემალური ვითარების გათვალისწინებით, მათ განაცხადებს დაჩქარებული წესით განიხილავს და გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს. ანალიტიკოსები ამას ოფიციალური მოსკოვის სერიოზულ მარცხად აფასებენ. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ნატო-ს გაფართოების შეჩერების იყო, თუმცა რუსეთმა საპირისპირო შედეგი მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინის ახალი კოშმარი - ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შედიან.
“ოთხშაბათს გაირკვა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი ოფიციალური განაცხადის გაკეთებას ნატო-ს უახლოეს სამიტზე აპირებს, რომელიც 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია 24 მაისს საგანგებო შეკრებას გეგმავს, სადაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ფინეთს, ქვეყნის პრემიერმა სანა მარინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფინეთი გადაწყვეტილება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 9 კვირაში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ორივე ქვეყანა ერთდროულად გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს ივნისის ბოლოს მადრიდის სამიტზე. 11 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები “ევროპულ კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას ვერ მოუტანს”. ამ განცხადების შემდეგ კი მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსებმა სამხედრო ტექნიკის გადასროლა ფინეთის საზღვრისკენაც დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კადრებში სავარაუდოდ ჩანს, რომ ეს არის თვითმავალი კომლექსები “კ-300პ ბასტიონი”, რომლებიც საზღვაო ხომალდების და ავიამზიდების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. მანამდე დიმიტრი პესკოვი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევდა. ფინეთ-რუსეთის საერთო საზღვრის სიგრძე 1 340 კმ-ია. ამასთან, ფინეთსაც და შვედეთსაც აქვთ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალი კუნძული ბალტიის ზღვაში. “რუსეთისთვის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ჩრდილოეთ საზღვრებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ, რადგან წესად აქვთ, რომ ნატოს საზღვართან მეტი ყურადღება და მეტი ძალებია საჭირო. თუმცა, თავს რომ არ დაესხმება ფინეთი, კი ვიცით”, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ და დასძინა, რომ ნატო-სთვის ეს დადებითი მოვლენაა, რადგან შვედეთი და ფინეთი ალიანსის შესაძლებლობებს გააფართოვებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“აქამდე ნეიტრალური ქვეყნების შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრანების სურვილს ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის სრულ მარცხად აფასებს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია, იგი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს შემდგომი გაფართოების აღკვეთა იყო. რეალურად კი მან საპირისპირო შედეგი მიიღო. “ფინეთი და შვედეთი ორივე ერთად აპირებენ ნატო-ში შესვლას და ახლა ნამდვილად არ აქვს რუსეთს თავი, რომ უკრაინის ომის ფონზე დაარტყას სხვა ქვეყნებსაც. უბრალოდ ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, ეს არის პროვოკაცია, რათა დააშინოს ფინეთისა თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობა და რაღაც ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ უკრაინის ომმა, რომლის მიზანიც ის იყო, რომ საერთოდ უარი ეთქვათ უკრაინასა სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაზე, გამოიწვია საპირისპირო შედეგი”, - ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, “ეს არის შედეგი იმ გაუთვლელი პოლიტიკისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში”, - დასძენს გამოცემა.

























