შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ძლიერი ტალღის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აყრილია ფილები, შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაც.

არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასთან და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.

,,ძლიერი შტორმის შედეგად მნიშვნელოვნად ზიანდება კუნძულის სანაპირო ზოლი. ფაქტიურად ბერმი დამცავ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ბერმის წინ არსებული ფერდიც წარეცხვას განიცდის მუდმივად, სიღრმე კლებულობს შესაბამისად ტალღა უფრო ძლიერად ურტყამს სანაპიროს და აზიანებს არსებულ ინფრასტრუქტურას, რის გამოც ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა კუნძულის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაგვეუქმებინა ხელშეკრულება. ახლა გუბერნატორის ჩართულობით შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით გზების დეპარტამენტმა უნდა მოამზადოს ნაპირგამაგრების პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს ვიზრუნოთ სანაპირო ზოლის ფუნქციის შენარჩულებასა და მის შემდგომ განვითარებაზე", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.