მირდატ ქამადაძე - არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობაში და ამით „ქართულ ოცნებას” ხელი შევუწყოთ თანამდებობების გადანაწილებაში

მირდატ ქამადაძე - არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობაში და ამით „ქართულ ოცნებას” ხელი შევუწყოთ თანამდებობების გადანაწილებაში

ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობაში და ამით „ქართულ ოცნებას” ხელი შევუწყოთ თანამდებობების გადანაწილებასა და ბათუმელების ხარჯზე თავიანთი კომფორტის მოწყობაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი მზად არიან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც აწუხებს ბათუმელებს (ავარიული სახლები, სოციალური პროგრამები, ტრანსპორტი და ა.შ.), რიგგარეშე სხდომა „ქართულ ოცნებასთან”ერთად მოიწვიონ და გადაწყვეტილებები მიიღონ. მირდატ ქამადაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიზანია ქალაქის პრობლემების დაუყოვნებლივ გადაწყვეტა და არა თანამდებობების გადანაწილება.

„შეთავაზება „ქართულ ოცნებას“!

ორი ოქტომბრის არჩევნებზე ცალსახად დადასტურდა, რომ ბათუმი არის ოპოზიციური ქალაქი (60%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, ოპოზიციას ერგო 19 მანდატი, „ქართულ ოცნებას“ კი - 16 და ეს დადასტურდა ცესკოს შემაჯამებელი ოქმითაც).

„ქართული ოცნება“ თავის მხრივ, შეეცადა ბათუმელთა ნების გადაწერას და ამისთვის ნუგზარ ფუტკარაძის სიკვდილამდე მიყვანასაც არ მოერიდა.

სამი დეკემბრიდან დღემდე ოპოზიციამ რამდენჯერმე მოიწვია საკრებულოს სხდომა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, თუმცა ამ სხდომაზე არ გამოცხადდა „ქართული ოცნება” და სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

12 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” თავად მოიწვია ბათუმის საკრებულოს სხდომა, თუმცა თავისივე წევრების სრულად მიყვანაც ვერ შეძლო ამ სხდომაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ნების ხელოვნურად შეცვლა შეუძლებელია.

აღნიშნული ფაქტებიდან ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნების” მთავარი მიზანია თანამდებობების გადანაწილება და არა ბათუმის პრობლემების მოგვარება.

კიდევ ერთხელ საჯაროდ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას”:

მათთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში, მზად ვართ, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, შევხვდეთ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, და ვისაუბროთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც აწუხებს ბათუმელებს (ავარიული სახლები, სოციალური პროგრამები, ტრანსპორტი და ა.შ.), მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია ქალაქის პრობლემების დაუყოვნებლივ გადაწყვეტა და არა თანამდებობების გადანაწილება.

ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობაში, და ამით „ქართულ ოცნებას” ხელი შევუწყოთ თანამდებობების გადანაწილებასა და ბათუმელების ხარჯზე თავიანთი კომფორტის მოწყობაში.

ჩვენთვის ბათუმის ინტერესებია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და იმედს ვიტოვებ „ქართული ოცნების” ყველა წევრს თუ არა ნაწილს მაინც აღმოაჩნდება ძალა დადგნენ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ერთად გადავწყვიტოთ ქალაქის პრობლემები.

წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე) კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და შესაბამისად ქალაქში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ“, - აღნიშნავს მირდატ ქამადაძე.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები არ დაესწრნენ.

სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ახლად არჩეული წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანია არეულობა.