უჩა ნანუაშვილი - კრემლი ღიად უჭერდა მხარს ბიბილოვს, მის გამარჯვებას აანონსებდა, თუმცა, არჩევნების მეორე ტურში გაგლოევს გამარჯვების დიდი შანსი აქვს

ცხინვალში მალე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ოპოზიციის ლიდერმა ალან გაგლოევმა საგრძნობლად გადაუსწრო. გაგლოევმა ხმების 36.9 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა 33.5 %. ეს მაშინ, როდესაც ბიბილოვზე მუშაობდა ადმინისტრაციული რესურსი და მას პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა მოსკოვიდან.
- ვინ არის ოპოზიციის ლიდერი ალან გაგლოევი?
- ალან გაგლოევი, ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ხელმძღვანელია. ის 1997-2002 წლებში სწავლობდა თიბილოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პარალელურად სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 2003 წელს ვლადიკავკაზში დაამთავრა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში კადრების მომზადებას ითვალისწინებს. ის „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრია, სადაც 2002 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა. მას უკვე აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება - 2017 წელს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. 2004 და 2008 წლებში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი მშობლები ძარის გზაზე დაიღუპნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
- როგორ მოხდა რომ კრემლის პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე ასეთი შედეგი დადგა ცხინვალში?
- ოპოზიციის კანდიდატმა გაგლოევმა სწორი ნაბიჯები გადადგა რამდენიმე კრიტიკულ შემთხვევაში. საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. იმდენად, რომ ჯაბიევის ქვრივმა ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა“ დააარსა, რომელმაც გაგლოევს არჩევნების დროს მხარდაჭერა აღუთქვა.
კრემლი ღიად უჭერდა მხარს ბიბილოვს, მის გამარჯვებას აანონსებდნენ საინფორმაციო არხებიც და ქმნიდნენ სურათს, რომ კრემლი სწორედ ბიბლოვთან საუბრობს და მხარს უჭერს. თუმცა, არჩევნების მეორე ტურში გაგლოევს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი სამი ოპოზიციური კანდიდატი - დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პარლამენტის წევრი გარი მურადოვი და ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ტასოევი ღიად აცხადებენ, რომ მეორე ტურში ალან გაგლოევს დაუჭერენ მხარს. ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვი საკმაოდ პასიურად, პრაქტიკულად ნაკლებად ჩაერია შიდა პოლიტიკურ საკითხში და სავარაუდოდ ერთ ჯგუფს ჩაანაცვლებს მეორე ჯგუფით.
- რა მნიშვნელობა აქვს თბილისისთვის ამ ყველაფერს?
- საინტერესოა რომ გაგლოევი ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას და აზრს გამოხატავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღალა ბიბილოვის მმართველობის პერიოდში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, უფლებების შელახვის ფაქტებით, დაუსჯელობით, უკანონობით, კორუფციით. მათ სურთ ცვლილებები, თუმცა მოსკოვთან გაერთიანება არაა უმრავლესობის აზრი. ბევრი მაინც დამოუკიდებლობის რაღაც ფორმას ემხრობა.
რეფორმები, ძალაუფლების განაწილება ხელისუფლების ორგანოებს შორის, კანონის უზენაესობა, კანონის და სამართლის ჩარჩოებში დაბრუნება, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოების ჩართულობა და საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, საჯარო უწყებების ფინანსების კონტროლის აუცილებლობა - ეს იყო თემები, რაზეც გაგლოევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა აქცენტს. ასევე ჰპირდებოდა საზოგადოებას ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯასაც.
ეს საკითხები დღემდე აქტუალურია ცხინვალისთვის და ვფიქრობ, სწორედ ამ დაპირებებით მოიპოვა გაგლოევმა უპირატესობა. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ის ამ დანაპირების შესრულებას. კრემლი ნებისმიერ კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუკი დაინახავს რამე რისკს, რომ ვეღარ აკონტროლებს სრულად სიტუაციას. მისთვის ერთი კლანის ჩანაცვლება მეორით არასოდეს იყო პრობლემა და პოლიტიკურად რაც იქნება მისთვის მომგებიანი, იმ ნაბიჯს გადადგამს. ამ ვითარებაში გამოჩნდა, რომ მოსკოვმა საკუთარ პროტეჟეს საკმარისი დახმარება ვერ გაუწია და ის პირველ ტურში დამარცხდა. ეს კრემლისთვის გარკვეულწილად მარცხის ტოლფასია და ის აუცილებლად ეცდება ამ მდგომარეობის გამოსწორებას.
- როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?
- რუსეთში შესვლის შესახებ მოწოდებები, მათ შორის, რეფერენდუმის მეშვეობით, ცხინვალში რამდენიმე ათეული წელია, პერიოდულად ისმის. ეს საკითხი დე ფაქტო პრეზიდენტის ბიბილოვის პროგრამაში ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა რაიმე კონკრეტული განვითარება არ მოჰყოლია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამ საკითხის კვლავ წამოწევა ბიბილოვს კრემლისგან შემდგომი მხარდაჭერის მოსაპოვებლად დასჭირდა. ამასთანავე, ეს ესახება ცხინვალში დაგროვილი პრობლემების რუსეთის მიერ მოგვარების ერთგვარ საშუალებად. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვს უკრაინაში გაჭიანურებული ომი, სანქციები და მისგან მომდინარე საკუთარი პრობლემები აქვს. უახლოეს მომავალში, ეს ცხინვალისა და სოხუმისთვის პირდაპირ გამოიწვევს დაფინანსების შემცირებას. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებში რუსეთის თანადაფინანსების წილის თანდათანობით შემცირებას - 2022 წლიდან 2025 წლამდე თანადაფინანსება 85 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირდება. ბიბილოვმა ეს მეთოდი დაფინანსების შემცირების შემთხვევაში საკუთარი გავლენის შენარჩუნებისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის გზით ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების პერსპექტივიდან დაინახა.
არჩევნების პირველ ტურში ბიბილოვის დამარცხება, ამ საკითხის შემდგომ აქტუალიზებასაც გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ კრემლი არ დაინახავს ცხინვალის რუსეთთან შეერთებით სარგებელს. მოსკოვს ამ ეტაპზე ნაკლებად აწყობს ქართული მხარის გაღიზიანება, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც თბილისი აგრძელებს რუსეთისთვის მისაღებ პოლიტიკას და არ ცდილობს სტრატეგიულ საკითხებში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას. მსგავსი მანევრი მოსკოვმა მხოლოდ მაშინ შეიძლება განახორციელოს, როდესაც ამ საკითხში თავისთვის სარგებელს დაინახავს, მაგალითად, შეიძლება შეეცადოს უკრაინაში, საკუთარი სამხედრო წარუმატებლობის ცხინვალის ანექსიით გადაფარვა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია.
- თუ ფლობთ ინფორმაციას, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მცხოვრებლებს? ამასთანავე, საინტერესოა ადგილობრივი ოპოზიციის განწყობები ამ თემასთან დაკავშირებით.
- შეერთების იდეას საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, თუმცა მეორე მხრივ ამ საკითხისადმი საკმაოდ განსხვავებული მიდგომები აქვთ არა მხოლოდ ცხინვალში, არამედ ჩრდილოეთ ოსეთშიც. გაერთიანების იდეას ცალსახად არც იქ უჭერენ მხარს, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს პოლიტიკური, ფინანსური და სხვა სახის შედეგების გამო. თვით ოპოზიციის ნაწილის პოზიციაც კი გაიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ოპოზიციის კანდიდატი ალან გაგლოევი სკეპტიკურად უყურებდა მოქმედი პრეზიდენტის ბიბილოვის ინიციატივას რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკითხზე მან გაცილებით ფრთხილი და მოზომილი განცხადებები გააკეთა. ის რეფერენდუმის იდეას ხალხის ცნობიერებაზე წინასაარჩევნო მანიპულაციებით ზემოქმედებად აფასებდა და ბიბილოვის ინიციატივას უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ რუსეთის ფედერაციაში სამხრეთელი და ჩრდილოელი ოსების გაერთიანება იყო ოსი ხალხის ოცნება. თავის ტელეგრამ არხზე ბიბილოვმა დაწერა, რომ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი იდეოლოგია - მას მხედველობაში ჰქონდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მისი შესვლა რუსეთის ფედერაციაში.
მოსახლეობას კი ამ საკითხზე მეტად აწუხებს ეკონომიკური პრობლემები, ინფლაცია, ფასების ზრდა, კორუფცია, დაუსჯელობა, კრიმინალი, უკრაინაში მიმდინარე ომში ოსი სამხედროების მონაწილეობის საკითხი და სხვა საკითხები.
- უკრაინის ომის ფონზე, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით არის თუ არა საჭირო სამოქმედო სტრატეგიის ცვლილება თუ ამ ეტაპზე ნებისმიერი აქტივობა შესაძლოა პროვოკაციად შეფასდეს?
- რუსეთის საოკუპაციო სამხედრო შენაერთების ნაწილის გასვლის და მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ორივე რეგიონში იზრდება შიშები შესაძლო ომის და თბილისის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების ალბათობაზე.
ხელისუფლებამ ნათლად, გარკვევით და თანმიმდევრულად, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით უნდა აუხსნას ორივე რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ თბილისს აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რომელიც სავალდებულოა და ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გვაქვს დაფიქსირებული და რომ ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არის მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
ხელისუფლებამ და საზოგადოებამ რევანშისტულ ძალებს უნდა გასცენ ადეკვატური პასუხი და აუხსნან ყველას, რომ კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარება დაუშვებელია.
- რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესის შესაჩერებლად/შესაფერხებლად? თუ შეიძლება დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ ის რეკომენდაციები, რაც ოკუპირებული რეგიონების მიმართ უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიხრიდან.
- საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აამუშაოს ანტი-ანექსიური სტრატეგია, რომლითაც ხელს შეუწყობს რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დაწესება-გაძლიერებას, აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას და საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ყველა ბერკეტის ამუშავებას, მათ შორის სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასამართლოების აქტიური გამოყენება, საქართველოს რუსეთისადმი დამოკიდებულების შემცირებისკენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორისი ენერგეტიკული, ეკონომიკური და სხვა დამოკიდებულების შემცირება, ალტერნატიული სივრცეების ათვისება და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურება.
ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამების და ინიციატივების წახალისება და ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული, საინფორმაციო და სხვა სივრცეების შექმნა-გაძლიერება უნდა გახდეს პრიორიტეტული მიმართულება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი
უჩა ნანუაშვილი

























