კახა გოგოლაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე ინსტიტუციური

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, ევროკავშირისგან კითხვარი მივიღეთ. მომხდარი პოლიტიკურმა კლასმა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ დღედ შეაფასა, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო და ვერ აღიქვა რაზეა საუბარი.
დაგვავალებთ, თუ ჩვენ და ჩვენს მკითხველს მეტს ეტყვით, სავარაუდოდ, რას ნიშნავს ევროკავშირისაგან ქვეყნისთვის კითხვარის გამოგზავნა?
- ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის გათვალისწინებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკავშირისაგან კითხვარის მიღება ერთი შეხედვით დიდი მნიშვნელობის მოვლენა არ უნდა იყოს, რადგან განაცხადის შეტანა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია.
თუ განაცხადის შეტანისთანავე ფუნდამენტური უარყოფა, ან იგნორირება არ ხდება, მაშინ ამგვარი კითხვარი ეგზავნება ნებისმიერ ქვეყანას. ამ კონტექსტში, მომხდარი ძალიან დიდი მოვლენა არ არის, რადგან განაცხადი შეგვეძლო შეგვეტანა 10 წლის წინ და მაშინ, ისევე როგორც ახლა, გამოგვიგზავნიდნენ კითხვარს.
ევროკავშირისგან კითხვარის მიღების შემდეგ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი ეტაპები. ვგულისხმობ კითხვარის შევსებას, შემდეგ ევროკომისიის მიერ მის განხილვას, ჩვენს კითხვარზე დასკვნის დაწერას, შემდეგ დასკვნაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება.
ევროკავშირისგან კითხვარის მიღების შემდეგ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი ეტაპები. ვგულისხმობ კითხვარის შევსებას, შემდეგ ევროკომისიის მიერ მის განხილვას, ჩვენს კითხვარზე დასკვნის დაწერას, შემდეგ დასკვნაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება
დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას ბევრი ექნება გასაკეთებელი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტები იქნას დამკვიდრებული.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, კითხვარის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ ქვეყანას გარანტირებული აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, თუ უნივერსიტეტში სადმე გინდა ჩაბარება და საბუთებს რომ მიიღებენ და ამის შემდეგ უნდა შეავსო აპლიკაცია.
ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განაცხადის შეტანიდან რამდენიმე კვირაში გადმოგვიგზავნეს ეს კითხვარი. სხვა შემთხვევებში რამდენიმე თვის შემდეგ უგზავნიდნენ ხოლმე კითხვარს. მაგალითად სერბეთს განაცხადის შეტანის შემდეგ მხოლოდ 8 თვის შემდეგ გაუგზავნეს კითხვარი. ევროკომისიას სერბეთის შემთხვევაში არ ეჩქარებოდა საბუთების განხილვა.
რადგან საქართველოსთვის საკმაოდ სწრაფად მოხდა კითხვარის გამოგზავნა, თავად ევროკავშირია დაინტერესებული რომ რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს ჩვენი განაცხადი.
რადგან საქართველოსთვის საკმაოდ სწრაფად მოხდა კითხვარის გამოგზავნა, თავად ევროკავშირია დაინტერესებული რომ რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს ჩვენი განაცხადი
- ახლა ყველა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა და უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ევროკავშირი გააქტიურდა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართულებით...
- დიახ, უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ პროცესში. უკრაინას სჭირდება რაც შეიძლება მალე ამ პროცედურების გავლა, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი სტატუსი მიანიჭონ და ამან გარკვეული სტიმული მისცეს იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც ახლა ომშია, პრაქტიკულად იცავს ევროპას საკუთარი მსხვერპლის გაღებით. ევროკავშირს მართლაც უნდა უთხრას უკრაინას, რომ მისთვის ევროკავშირის კარი ღიაა.
უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ პროცესში... ევროკავშირს მართლაც უნდა უთხრას უკრაინას, რომ მისთვის ევროკავშირის კარი ღიაა
- როგორც ბევრი აღნიშნავს, კითხვარის შევსება პრაქტიკულად გახლავთ მთავრობის მიერ თვითშეფასება იმისა, მათი აზრით რამდენად შეესაბამება საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ინსტიტუტები ევროპულ სტანდარტებს...
- დიახ, ეს კითხვარი მთავრობამ უნდა შეავსოს. ამაში დაიხმარს ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. კითხვარში ისეთი კითხვებია, რომ თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მთავრობას თავისუფლად შეუძლია მისი შევსება.
კითხვაზე თუ რა სახის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები გააკეთა და რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და თავად როგორ აფასებს მათ, ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში, ამაზე მთავრობას პასუხები ექნება.
გასათვალისწინებელია ის, რომ ეს კითხვარი ძალიან სწრაფად არის შესავსები. უკრაინის შემთხვევაში იყო მინიშნებები, რომ ევროკომისიის დასკვნის განხილვა შეიძლება მოხდეს ევროკავშირის სამიტზე, ან ევროპული საბჭოს სხდომაზე, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა, 24-25 ივნისს. საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი. ამ დროში უნდა გაეცეს პასუხი კითხვარს, შემდეგ ევროკომისიამ მის საფუძველზე უნდა დაწეროს დასკვნა.
გასათვალისწინებელია ის, რომ ეს კითხვარი ძალიან სწრაფად არის შესავსები... ევროკომისიის დასკვნის განხილვა შეიძლება მოხდეს ევროკავშირის სამიტზე, ან ევროპული საბჭოს სხდომაზე, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა, 24-25 ივნისს. კითხვარის შესავსებად საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკომისია დასკვნას დაწერს არა მხოლოდ კითხვარზე პასუხების საფუძველზე, არამედ თავად მოიძიებს ინფორმაციას. ევროკომისია მარტო ჩვენ პასუხებს კითხვარზე არ და ვერ დაეყრდნობა.
იმისათვის, რომ ევროკომისიამ დროულად დაიწყოს დასკვნაზე მუშაობა, საქართველოს მთავრობამ კითხვარზე პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
- ამ სფეროში საკმაოდ კარგად ჩახედული არა ერთი ადამიანი თვლის - ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაჩქარებლად.
შესაძლოა ხელისუფლებას არ გაუჭირდეს კითხვარის შევსება იმ ნაწილში რა გააკეთა, მაგრამ, იქ არ იქნება საუბარი იმაზე, რისი გაკეთება ვერ შეძლეს. თუ რისი გაკეთება ვერ შეძლეს ეს კი არაა მთავარი, არამედ ის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე უნდა იყოს დიდი ეროვნული კონსენსუსი.
იმისათვის, რომ მომავალში გასაკეთებელ საქმეზე ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსენსუსს მიაღწიონ, კარგი ხომ არ იქნებოდა, კითხვარის შევსებაში გარკვეული მონაწილეობა ოპოზიციასაც მიეღო, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც მომავალშია გასაკეთებელი?
- არა, რადგან ამისთვის ჯერ ერთი ძალიან ცოტა დროა. კითხვარის შევსებაში სხვადასხვა აქტორების ჩართვამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ხანგრძლივი დებატები, რომ ეს პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს. თან არაა გამორიცხული მხარეები საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვერც შეთანხმდნენ.
ეს მთავრობის შესავსები კითხვარია. ასე ხდება ყველა შემთხვევაში. ეს არ არის საზოგადოების შესავსები. მთავრობას შეუძლია ექსპერტების მოწვევა თუ გაუჭირდა კითხვარის გარკვეული ნაწილების შევსება.
- შარლ მიშელის შეთანხმებაში, რომელსაც ხელისუფლებამ ჯერ ხელი მოაწერა, ხოლო შემდეგ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, საუბარი იყო სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე. რაზეც მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ ყველაფერი გაკეთებული მაქვსო.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმა წლის ბოლომდე იქნება მიყვანილიო.
საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არ არის თანხმობა. არადა, ცხადია, რომ მხარეებმა ამ თემებზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ...
- მესმის თქვენი წუხილი. ევროკომისია საქართველოზე დასკვნას მხოლოდ მთავრობის მიერ მიწოდებულ კითხვარზე გაცემული პასუხების საფუძველზე რა დაწერს. ამ კითხვარით ევროკომისია კი არ იიოლებს საქმეს, მას ბევრ საკითხებზე თავად აქვს პასუხები და წარმოდგენა. იგი ჩვენი მთავრობიდან ამ კითხვარზე პასუხებს როგორც ფაქტს, მიიღებს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ბევრ საკითხებში მათ აქვთ ობიექტური ინფორმაცია.
ამ კითხვარით ევროკომისია კი არ იიოლებს საქმეს, მას ბევრ საკითხებზე თავად აქვს პასუხები და წარმოდგენა. იგი ჩვენი მთავრობიდან ამ კითხვარზე პასუხებს როგორც ფაქტს, მიიღებს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ბევრ საკითხებში მათ აქვთ ობიექტური ინფორმაცია
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას. ევროკომისიას ამ საკითხზე სრულად აქვს ობიექტური ინფორმაცია. არა მარტო ჩვენი არასამთავრობოებისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და თავისი ექსპერტებიდან მიღებული. ევროკავშირის კითხვებს მთავრობამ როგორადაც არ უნდა უპასუხოს, ევროკომისიაში საქართველოში არა მარტო სასამართლო სფეროში, არამედ სხვა სფეროებში როგორაა საქმე და რა ვითარებაა საქართველოში, საკმაოდ კარგად იციან.
ჩვენი კითხვარი მე არ მინახავს, მაგრამ ნანახი მაქვს სერბეთის კითხვარი, რომელშიც რამდენიმე კითხვა იყო სასამართლო ხელისუფლებაზე. პირდაპირაა საუბარი იმაზე, არის თუ არა სასამართლო მიკერძოებული, უზრუნველყოფს თუ არა კანონმდებლობა სასამართლოს დამოუკიდებლობას.
შესაძლოა ამ კითხვაზე მთავრობამ ასე უპასუხოს - სრულად პასუხობს. და დაწეროს თავისი არგუმენტები თუ რატომ ფიქრობს ასე. მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკომისიას და მთლიანად ევროკავშირს, გააჩნია თავისი შეხედულება ამ საკითხზე, რაც აისახება მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში.
- როგორადაც არ უნდა უპასუხოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვებს, ჩვენ და მთავრობამაც ხომ იცის, რომ საქართველოში სახელისუფლებო შტოებს შორის დამოუკიდებლობის პრობლემა რეალურად არსებობს. იგივე ეხება პროკურატურისა და გენპროკურორის დამოუკიდებლობას.
ეს ხომ სერიოზული საკითხებია და ჩვენში სახელმწიფო ინსტიტუტებში, იგივე პროკურატურაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებას მოითხოვს, თუ ევროპულ სტანდარტების ჩვენში დამკვიდრება გვინდა.
თუ ამ სფეროებში საქართველომ ვერ მოახერხა სერიოზული რეფორმების გატარება, გასაკვირიც კი იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებაზე იზრუნოს...
- საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებაზე არავინ იზრუნებს თუ ჩვენ არ მოვინდომეთ. ამჯერად საუბარია დაჩქარებული წესით მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.
ჩემი აზრით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება იქნება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე ინსტიტუციური. ეს პროცესი მეტად ფორმალურია ვიდრე სიღრმისეული. ამიტომაა, რომ ევროკომისიას სწრაფად სჭირდება ფორმალური პროცედურების გავლა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიის დასკვნაში არ ჩაიწერება ყველა ის უარყოფითი მხარეები, მათ შორის ისიც რაც სახელისუფლებო შტოების დამოუკიდებლობასა და პროკურატურის დამოუკიდებლობას ეხება.
ევროკომისიას სწრაფად სჭირდება ფორმალური პროცედურების გავლა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიის დასკვნაში არ ჩაიწერება ყველა ის უარყოფითი მხარეები, მათ შორის ისიც რაც სახელისუფლებო შტოების დამოუკიდებლობასა და პროკურატურის დამოუკიდებლობას ეხება
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ისინი ყოველწლიურად აფასებენ იმას, თუ როგორ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. პრაქტიკულად ყველა პუნქტი მოწმდება. ის, რაც ამ კითხვარში კითხვებია დასმული, პრაქტიკულად ყველაფერზეა საუბარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, როგორც ვალდებულება.
ჯერ ერთი კითხვარი სრულად მიჰყვება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ესაა პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობა და მათი მუშაობის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ისეთი ინსტიტუტების მიერ როგორიცაა სასამართლო, პროკურატურა, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო შტოები, საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ინსტიტუტები, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მენეჯმენტი.
მეორე გახლავთ ეკონომიკური მდგრადობა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ამაში შედის სიღარიბის დონე, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება, რამდენად სწორად ფუნქციონირებს საბაზრო ეკონომიკა. არის თუ არა კონკურენცია თავისუფალი, რამდენად ექვემდებარება მონიტორინგს ფინანსური ბაზარი, რამდენად ითვალისწინებს ის მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს, როგორაა განვითარებული საბაზრო ეკონომიკა. რამდენადაა მწარმოებლური სექტორი კონკურენტუნარიანი და გაუძლებს თუ არა იგი კონკურენციას სხვა ქვეყნის მწარმოებლებს.
და მესამე გახლავთ ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ეს ეხება ყველა სფეროს კანონმდებლობა
კითხვარი კოპენჰაგენის კრიტერიუმებზეა გაშლილი იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად შორსაა ქვეყანა ევროპული სტანდარტებისაგან. თუ რაა რეალურად გასაკეთებელი მას შემდეგ ჩამოიწერება, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს იღებს.
კითხვარი კოპენჰაგენის კრიტერიუმებზეა გაშლილი იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად შორსაა ქვეყანა ევროპული სტანდარტებისაგან. თუ რაა რეალურად გასაკეთებელი მას შემდეგ ჩამოიწერება, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს იღებს
ევროკომისიის შემდეგი რეკომენდაციები უფრო სიღრმისეული იქნება და იქ გაიწერება რა და როგორაა გასაკეთებელი, რომ ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს ჯერ დაუახლოვდეს, ხოლო შემდეგ სრულად იცხოვროს ევროპული სტანდარტებით.
საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხებით ევროკავშირი ამ ეტაპზე დაადგენს თუ რამდენად შორსაა საქართველო ევროპული სტანდარტებისგან. ეს ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათ დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ.
ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირისგან მიღებული გვაქვს მხოლოდ 40 გვერდიანი კითხვარი. მაშინ როცა სხვა ქვეყნებისთვის 300 ან 400 გვერდიანი კითხვარი აქვს ევროკავშირს გაგზავნილი.
- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ საქართველოს ევროკავშირმა მხოლოდ 40 გვერდიანი კითხვარი გამოუგზავნა?
- პირველ რიგში იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ევროკავშირთან თანამშრომლობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მათ იციან ბევრ მიმართულებაზე რა ხდება ჩვენთან. მეორე გახლავთ ის, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიენიჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.
ევროკავშირი დაინტერესებულია უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიენიჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი
რადგანაც ეს პროცესი თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ერთად გვაქვს დაწყებული, იმიტომაა რომ ევროკავშირი ცდილობს ყველა ქვეყანა წაიყვანოს ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით.
- სამწუხაროდ, იმ ვითარებაში კი როცა უკრაინაში ომია, კიევსა და თბილის შორის ურთიერთობები მთლად ისეთი აშკარად არაა, როგორიც სასურველია იყოს. ამ თემაზე დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანდა.
ამ თემაზე ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „არავინ მოითხოვს ხელისუფლებისაგან ომში ჩართვას, მას მოეთხოვება ისე მოიქცეს, რომ განცხადებებითა და ქცევით ქვეყნის პრესტიჟი არ შელახონ და რუსეთთან ფარული თანამშრომლობის შთაბეჭდილება არ შექმნას“.
რამდენად ქმნის რუსეთთან ფარული თანამშრომლობის შთაბეჭდილებას ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება და ქცევა უკრაინასთან დაკავშირებით?
- ძალიან რთული საკითხია. შესაძლოა, ჩვენ ამ პროცესში უკმაყოფილო ვიყოთ უკრაინის მთავრობის მხრიდან გაუფრთხილებელი განცხადებების გამო, რომელიც თუ რამ ეჭვები არსებობს სჯობია გაირკვეს მხარეების შესაბამის უწყებებს შორის მუშა რეჟიმში.
ჩემი აზრით, უკრაინის უწყებებმა საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული შეცდომები დაუშვეს. ასეა, მიუხედავად იმისა თუ როგორი ეჭვებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
მეორე მხრივ, ვფიქრობ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული. მაგრამ, არანაირად არ მინდა დავადანაშაულო ჩვენი მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობაში. ვფიქრობ დაშვებულია შეცდომები კომუნიკაციაში.
ვფიქრობ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული. მაგრამ, არანაირად არ მინდა დავადანაშაულო ჩვენი მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობაში. ვფიქრობ დაშვებულია შეცდომები კომუნიკაციაში
მაგალითად, პრეტენზია, რომ ჩვენ არ ვუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, შეიძლება კიევს ჰქონდეს, მაგრამ ქართულ მხარეს აქვს უამრავი გასამართლებელი არგუმენტები.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენი სანქციებთან მიერთება უფრო დამაზიანებელია საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთისთვის. მაგრამ, ის რომ თითქოს საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ამის დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვს და ჩვენს ხელისუფლებას ვერც დავადანაშაულებთ.
სამწუხაროდ, უკრაინის თემაზე პრემიერის საზოგადოებასთან კომუნიკაცია იყო ძალიან დაუფიქრებელი, არაპროფესიული და უაღრესად არადიპლომატიური. ფაქტია, რომ ამ ტიპის განცხადებები პირველმა საქართველოს მთავრობამ დაიწყო. ამან შემდეგ რუსეთში გამოიწვია აღფრთოვანება.
ეს იმას ნიშნავს უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით უკვე იყო ჩვენი მხრიდან არასწორი მესიჯები ნასროლი. რაზეც ომში მყოფი ქვეყნის სტრუქტურებმა ჯერ ეჭვი შეიტანეს ჩვენს მათ მიმართ ლოიალობაში, ხოლო შემდეგ ომის კონტექსტში მათ მხარდაჭერაში.
- რამდენად გამოსწორებადია ეს მდგომარეობა?
- გამოსწორება ყველაფრის შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს. ომში მყოფ ქვეყანას ყველაფერში არ შეიძლება გამოვეკიდოთ. სხვათა შორის, უკრაინის მთავრობამ შეცდომა გერმანიასთან დაკავშირებითაც დაუშვა. გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შეცდომებს უკრაინის მთავრობა უშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკით, მათ შორის მეც, მხედველობაში მაქვს მისი და მისი გუნდის მიერ ამ პროცესის მენეჯმენტი, ქვეყანა ომშია და მათაც ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ შეცდომები.
ომში მყოფ ქვეყანას ყველაფერში არ შეიძლება გამოვეკიდოთ
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის პრეზიდენტს, როცა ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რუსეთთან მიმართებაში შეცდომები აქვს დაშვებული, უკრაინას და ჩვენც მის მიმართ გვაქვს პრეტენზიები, ახლა გერმანია მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად და მისთვის კიევში ჩასვლაზე უარის თქმა, არ შეიძლებოდა.
ახლა უკრაინასთან მიმართებაში მეტ შეცდომებს არა მარტო ჩვენი მთავრობა, მმართველი გუნდი უშვებს შეცდომებს თავისი განცხადებებით. იგივე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ იყო სწორი, რადგან კიევის მიერ უკრაინაში მიწვევა იყო შანსი ურთიერთობები გარკვეულიყო.
ასე ვფიქრობ, რადგან დარწმუნებული ვარ პარლამენტების სპიკერების შეხვედრაზე შესაძლებელია ბევრი რამ კიევშივე გარკვეულიყო მარტივად და უცებ მოხდებოდა არსებული პრობლემების დარეგულირება.
- ახლა ითქვა რომ პარლამენტის თავმჯდომარე წავა კიევში. რამდენად გაქვთ იმედი, რომ იგი კიევში მართლაც გაემგზავრება?
- შეიძლება წავიდეს და სწორიც იქნება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაგრამ, უბრალოდ, კარგი მომენტია გაშვებული. მხედველობაში მაქვს ის, რომ იგი უკრაინამ ქალაქ ბუჩის ტრაგედიის სანახავად მაშინ მიიწვია, როცა უკრაინელებს თანადგომა, ამ პროცესში ჩვენი ჩართულობა ძალიან სჭირდებოდათ. ეს შანსი ჩვენ ხელიდან გავუშვით.
რადგან ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მიემგზავრება, იმედი მაქვს კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები დალაგდება. ჩვენ უნდა გვქონდეს უკრაინასთან კარგი ურთიერთობები, რადგან ეს ჩვენ უფრო მეტად დაგვაზიანებს, ვიდრე უკრაინას. ჩვენ ერთი მტერი გვყავს, რუსეთის ფედერაცია და ძალიან გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა.
რადგან ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მიემგზავრება, იმედი მაქვს კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები დალაგდება
ევროპული ინტეგრაციის გზაზე უკრაინას ექნება პრიორიტეტი და დაჩქარებული ტემპი და ჩვენ მათთან აუცილებლად დაგვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემები ერთად იყოს განხილული.
იმის გამო, რომ ახლა უკრაინაა ომში და ევროკავშირმა მოინდომა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის დაჩქარებულად მინიჭება, ამიტომ მოხვდა ამ პროცესში საქართველოც და მოლდოვაც.
რომ არა უკრაინელების თავგანწირული ბრძოლა აგრესორების წინააღმდეგ, ჩვენთვის ევროკავშირის მიერ კითხვების გამოგზავნა ასე მარტივად არ მოხდებოდა და კითხვარის დალოდება ორი წელი ან ცოტა მეტიც კიდევ მოგვიწევდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























