გორთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა.
სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ხერხემლის ტრავმა აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა ავტობანზე, გორთან ახლოს მოხდა, საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაშავდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 176-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

























