ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მოხუცი ქალი მოინახულა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ის საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უამინდობამ გორში პრობლემები შექმნა - ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, დაზიანებულია მე -4 საჯარო სკოლის დარბაზის სახურავის ნაწილი.
მათი განმარტებით, მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება.
„დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით. სამუშაო ჯგუფი ზარალს დაითვლის და შეისწავლის. შემთხვევის ადგილები უკვე დათვალიერდა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას შესაბამისი დახმარება გაუწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

























