ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიწვია, “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს უცხადებს

ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიწვია, “ნაციონალური მოძრაობა”  ბოიკოტს უცხადებს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიწვია, ახლად არჩეული დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. როგორც ცნობილია, დღესვე საკრებულის უმრავლესობის წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ისინი ამ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. მათი თქმით, უმრავლესობას კვორუმი არ აქვს.

ოპოზიციის თქმით, მსგავსი შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში იყო, სადაც ოპოზიციამ 3 დეკემბრის სხდომა გაგრძელებულად გამოაცხადა და საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს, ფაქტი კი “ქართულმა ოცნებამ” სასამართლოში გაასაჩივრა. საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიაჩნიათ, რომ სენაკის მსგავსი შეცდომა ბათუმში არ უნდა დაიშვას.

“2 ოქტომბრის არჩევნებში ბათუმში გაიმარჯვა ოპოზიციამ. 60%-ზე მეტმა ბათუმში მხარი დაუჭირა ცვლილებებს. „ქართული ოცნება“, ყველაფრის ფასად ცდილობს ძალით წაიღოს ჩვენს მიერ მოგებული არჩევნები და ამის გამო, ნუგზარ ფუტკარაძის სიკვდილამდე მიყვანასაც არ მოერიდა. დღეს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კვორუმი სხდომის გასახსნელად, შესაბამისად, სხდომა ვერ იკრიბება და ვერ ხდება რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს კანონის დარღვევით ჩაატაროს სხდომა და გამოაცხადოს თითქოს ეს არის 3 დეკემბრის სხდომის გაგრძელება, მაშინ როდესაც 3 დეკემბრის სხდომის შემდგომ ოპოზიციამ ორჯერ მოიწვია სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“ და სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

თუ დღევანდელი სხდომა 3 დეკემბრის სხდომის გაგრძელებაა, ანუ 3 დეკემბრის სხდომა არ დახურულა, როგორც ამას ამბობს „ქართული ოცნება“, მაშინ ოპოზიციის მიერ მოწვეული სხდომა რატომ ვერ შედგა კვირუმის არ არსებობის გამო? ოპოზიციის მიერ მოწვეული სხდომა რატომ არ ჩაითვალა იმ სხდომის გაგრძელებად? ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ „ქართულ ოცნებას“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება და გაყალბებული არჩევნებიც არ ყოფნის საკრებულოში ძალაუფლების მოსაპოვებლად და ახლა იგი უხეშად არღვევს კანონს. ეს არის ბათუმელების შეურაცხყოფა, მათი ნების ფეხქვეშ გათელვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიის უკანასკნელი იმედის მოსპობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატებს, ხელი აიღონ ამ დანაშაულზე.

მივმართავ საკრებულოს თითოეულ წევრს პერსონალურად - მეგობრებო, ყველაფრის კადრება არ მოსულა, ხვალ და ზეგ შეგრცხვებათ თუ ამ უმსგავსობაში მიიღებთ მონაწილეობას”,- აცხადებს ენმ-ს წევრი ლაშა კილაბერია.

როგორც ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა განუცხადა, ისინი არ მიიღებენ მონაწილოებას რამაზ ჯინჭარაძისა და „ქართული ოცნების“ „გაპრავებაში“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ამას ვხსნით იმით, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რამაზ ჯინჭარაძისა და „ქართული ოცნების“ „გაპრავებაში“. ოპოზიცია არის დღეს ერთიანი, „ქართული ოცნება“ არის მარტო და ის ყოველთვის იქნება მარტო. ძალიან მალე ხალხი „ქართულ ოცნებას“ გამოუტანს განაჩენს და გაუშვებს სახლში. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ წევრებს, არ წაგიცდეთ ხელი იქითკენ, საითკენაც იწყება „ქართული ოცნების“ დასასრული. მინდა საკრებულოს წევრებს მივმართო და ვთხოვო ჩიქოვანისა და რიჟვაძის ბინძურ თამაშში არ მიიღოთ მონაწილეობა! ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა, ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობა იქნება გამოძიებული და ამ ქალაქში ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ ის განუკითხაობა, რაც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა რეზო ხარაზმა.