ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლი ბალახს უკიდია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის სამი კერა დაფიქსირდა. ცეცხლი სოფელ ოჩხამურში, მუხაესტატეში და "აგურ ქარხნის" ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახსა და ეკალ-ბარდს გაუჩდა.
ქობულეთის მერის ლევან ზოიძის თქმით, ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
“ხანძარი უახლოეს პერიოდში ლიკვიდირებული იქნება. ხანძრის მიზეზები უცნობია, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, - აცხადებს ქობულეთის მერი ლევან ზოიძე.
გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები და ავტომობილები დააზიანა.
როგორც ქობულეთის მერი ლევან ზოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ქარის შედეგად ხეებმა საავტომობილო გზები ჩახერგა, თუმცა ყველა მიმართულებით გზები ამ დროისათვის გაწმენდილია.
ლევან ზოიძის თქმით, ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ქობულეთის მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის.
“ქობულეთში ძლიერი ქარი იყო, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ხეებმა კი გზები ჩახერგა. ამ დროისათვის, ყველა ლოკაციაზე გზა გაწმენდილია, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
რამდენიმე ადგილზე ვიმყოფებოდი დავათვალიერე კორპუსები, ჩვენ მაქსიმალურად ხალხის გვერდითი ვართ, დაითვლება ზარალი და შესწავლის შედეგად ყურადღებას მივაქცევთ”, - აღნიშნა ლევან ზოიძემ.

























