27 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რეკორდული მასშტაბის გარიგება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე

კომპანია „York Towers“-მა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კერძო უძრავი ქონების ტრანზაქცია დაასრულა. საქართველოში დაარსებულმა საერთაშორისო დეველოპერმა ბათუმის პირველ სანაპირო ზოლში 6 საცხოვრებელი/აპარტოტელის შენობა და 2 სასტუმრო შეიძინა. პროექტს „ბიანკა ბათუმი“, ანუ „თეთრი ბათუმი“ ეწოდა.
გარიგება აქტივზე ხანგრძლივი და გაფართოებული მოლაპარაკებების შედეგია. შეძენილი ქონება ბათუმში, რომელიც პრემიუმ საკურორტო მიწის 30,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, 1000+ ბინას, 2 სასტუმროს, 2 სპა ცენტრს, კაზინოს, 3 რესტორანს და MICE ტურიზმის ობიექტებს მოიცავს. „კიდევ უფრო გააფართოვებს „York Towers“-ის უძრავი ქონების ბიზნესს და გააძლიერებს „York Holding Group“-ის პოზიციას, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დივერსიფიცირებული დეველოპერისა და ინვესტორის“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აღნიშნული ტრანზაქციით „York Towers“-მა გააფართოვა საქმიანობის არეალიც და ჰორეკა ბიზნესშიც შევიდა. ამის დასტურია ბათუმის კომპლექში სასტუმრო Ibis Styles-ც. ამასთან, როგორც „York Towers“-ში აცხადებებ, აქტიურია მოლაპარაკებები Wyndham-თანაც, რომელიც ტაბახმელას კომპლექსისთვის განიხილება.
„ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან აღდგენას ბათუმის უძრავი ქონების და სასტუმრო ბაზრებზე, ამრიგად ვთვლით, რომ აქტივების შეძენილი პორტფელი ჩვენთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა „York Holding Group“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამრ ალ აბვაზმა. „ჩვენ მას მიმზიდველ ფასად ვყიდულობთ, გვჯერა, რომ ბაზარი აღდგენის გზაზეა, რასაც ჩვენი სხვა აქტივების მაგალითზე ნათლად ვხედავთ“, - დასძინა მან.
(R)

























