ჭიათურის მერის განცხადებით, სოფელ ითხვისში 26 სახლია დაზიანებული, 114-ზე კი გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდებიან

ჭიათურის მერის განცხადებით, სოფელ ითხვისში 26 სახლია დაზიანებული, 114-ზე კი გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდებიან

სოფელ ითხვისში 26 სახლია დაზიანებული, მოსახლეობა დაცულია - ხალხთან კომუნიკაციაში ვართ, ჩვენც და მოსახლეობაც მოლოდინის რეჟიმში ვართ, - ამის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ ითხვისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაზიანებული სახლები დაათვალიერეს.

ამასთან, მერი აღნიშნავს, რომ ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც სოფელში მოსახლეობის ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, როგორც ჭიათურის მერი განმარტავს, მას შემდეგ, რაც გეოლოგების დასკვნა გახდება ცნობილი, მოსახლეობასთან ერთად მსჯელობის შედეგად, მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით დაეხმარებიან მოსახლეობას.

"ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ჩართულია. მოსახლეობის გასახლება დავიწყეთ, ახალი საცხოვრებელი შევთავაზეთ. ზოგი წამოვიდა, ნაწილს არ უნდოდა წამოსვლა მეურნეობის გამო. მოსახლეობას გამოვუყავით ავტომობილი და სახლები მოვძებნეთ, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ. ექსპერტები ჩამოვიყვანეთ. ჩართულია პრემიერის აპარატი, ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ კომისია შევქმენით, სადაც შედის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახური, საკრებულო და მოქალაქეები. 26 სახლია ამჟამად დაზიანებული. გეოლოგებმა 114 სახლი შეისწავლეს. ველოდებით მათ საბოლოო დასკვნას.

პირველი ვარიანტია, რომ თუ სრულად, 114 ოჯახი იქნება გასასახლებელი, ეს უკვე დიდი პროექტი იქნება, კერძოდ, რას ვაკეთებთ, სრულად უნდა დავცალოთ უბანი და ერთობლივად უნდა ავაშენოთ სახლები, ვუქირაოთ თუ ვიყიდოთ, ამ შემთხვევაში დიდი პროექტია გასაწერი. თუ 26 სახლია გასასახლებელი, ეს გაცილებით ნაკლები დროის და ფინანსების დახარჯვას მოითხოვს. ამ პრობლემას მარტივად მოვერევით. მოსახლეობა დაცულია.

ელექტროენერგია და გაზი ჩაჭრილია უბედური შემთხვევა რომ არ მოხდეს. მაქსიმალურად მორიგეობს 112, ასევე კომისია, ჩვენი წარმომადგენლები იქ არიან. ხალხთან კომუნიკაციაში ვართ. ჩვენც და მოსახლეობაც მოლოდინის რეჟიმში ვართ", - აღნიშნავს მოდებაძე.

ცნობისთვის,, ჭიათურის სოფელ ითხვისში ნიადაგის ჩავარდნის გამო რამდენიმე სახლი დაზიანდა. როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, შენობების დაზიანება განპირობებულია იმით, რომ რაიონში კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.