სოფელ ითხვისში, ე.წ. მახათაძეების უბანში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

სოფელ ითხვისში, ე.წ. მახათაძეების უბანში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, ე.წ. მახათაძეების უბანში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც საცხოვრებელი სახლის მეპატრონე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, სახლს დატოვებენ, რადგან ადგილზე ცხოვრება საფრთხის შემცველია.

"ნგრევის ხმა როდესაც გავიგე, მეგონა კლდე ჩავარდა. ეზოში ვიყავი, როდესაც ჩამოინგრა. ამ ტერიტორიას უკვე აღარაფერი ეშველება. 1961 წელს აშენდა ეს სახლი, ჩემი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო. ბოლო 1 კვირაა საჩხერეში, ნათესავებთან ვათენებ ღამეს. სახლიდან ნივთების გამოტანა მინდა და ვერ შევდივარ. არ ვიცი წვიმის შემდეგ რა იქნება. ამ უბანს წვიმის ძალიან ეშინოდა",- აღნიშნა ბინის მეპატრონე.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დღის განმავლობაში სოფელ ითხვისში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ელოდებიან.

ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინფორმაციით, მიწის ჩავარდნის გამო, სოფელში 20-მდე სახლია დაზიანებული. როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, შენობების დაზიანება განპირობებულია იმით, რომ კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.