სოფელ ითხვისის მცხოვრებლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ დაზარალებული ოჯახები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ სამოქმედო გეგმას მას შემდეგ გამოაცხადებენ, როდესაც გეოლოგები დასკვნას დადებენ. გეოლოგთა ჯგუფი სოფელ ითხვისში დაზიანებულ სახლებში არსებულ სიტუაციას რამდენიმე დღე სწავლობდა, შემოწმების საფუძველზე შესაბამის დასკვნას კი რამდენიმე დღეში დადებენ.
რაც შეეხება ადგილობრივების მოთხოვნას, როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ დაზარალებული ოჯახები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს. მათივე ცნობით, მერიიდან პასუხს 1 კვირის ვადაში ელოდებიან.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინფორმაციით, მიწის ჩავარდნის გამო, სოფელში 20-მდე სახლია დაზიანებული. როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, შენობების დაზიანება განპირობებულია იმით, რომ რაიონში კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.

























