მირდატ ქამადაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მხარდამჭერებს მოუწოდოს, პროვოკაციები არ მოაწყონ და უბნებიდან ე.წ. ძველი ბიჭები გავიდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან კრიმინალური ჯგუფები.
ამასთან, მისი თქმით, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამომრჩევლები მიდიან და სიაში არ არიან.
„92-ე უბანზე, „ქართული ოცნების" მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, მზია დავითაძე აღნიშნავს მოსულ ამომრჩევლებს და ადგენს სიას, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. 89-ე უბანი, ეს არის "ქართული ოცნების" ე.წ. ქალაქი, სადაც მათ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 444 ახალი ამომრჩეველი ჩაწერა, ერთ-ერთ უბანზე 402 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა, ამ უბანზე ძალიან საეჭვოდ, ვერიფიკაციის აპარატი გაფუჭდა და გადავიდნენ სამაგიდო სიებზე, ანუ ამ უბანზე არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესებით მიმდინარეობს, რაც იმაზე მიანიშნებს, თუ რა განზრახვები აქვს "ქართულ ოცნებას". 76-ე უბანზე, რეგისტრატორი ნატო შარაშიძე, რომელიც ე.წ. ნეიტრალური კომისიის წევრია, აგიტაციას ეწევა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. 69-ე უბანზე გაფუჭებულია მთვლელი აპარატი.
პროვოკაციების საპასუხოდ, „ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, როცა ისინი ჩვენკენ იშვერენ თითს, თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია კრიმინალური ჯგუფები, ე.წ. ბეიჯიანი ძველი ბიჭები და თუ ვინმეს ინტერესებში პროვოკაციები შედის, ეს მხოლოდ "ქართული ოცნებაა". ხაზგასმით და ძალიან ხმამაღლა მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, გამოვიდეს და ნაცვლად აგიტაციისა, მხარდამჭერებს მოუწოდოს, პროვოკაციები არ მოაწყონ და ე.წ. ძველი ბიჭები გავიდნენ. სხვათა შორის, მათ გვერდით პოლიცია დგას, რომელიც რეაგირებას არ ახდენს", - განაცხადა ქამადაძემ.

























