ნიკოლოზ ვაშაკიძე - რუსეთის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა უკრაინაში მისი სამხედრო მარცხი, ამის შემდეგ კი სანქციებით მუხლებზე დაყენება

ნიკოლოზ ვაშაკიძე - რუსეთის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა უკრაინაში მისი სამხედრო მარცხი, ამის შემდეგ კი სანქციებით მუხლებზე დაყენება

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ბრიუსელში გამართული სამიტების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გეოპოლიტიკური ვითარების და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შესახებ საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ ნატოს საგანგებო სამიტიდან და ასევე, „დიდი შვიდეულის“ და ევროპის საბჭოს შეხვედრებიდან. ასეთ რთულ დროს ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის მონაწილეობით, შეიძლება აღმოჩნდეს შედეგიანი უკრაინაში ომის შესაჩერებლად?

- ამ ღონისძიებებს უნდა დავამატოთ, ასევე, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში, რომელიც განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს უმაღლესი დონის შეხვედრები ეძღვნება შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტას: სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის, რუსეთზე სანქციური რეჟიმის გაძლიერებას და ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებას. პრინციპულად მნიშვნელოვანია თუ რა მიდგომა გადაწონის ამ საკითხების განხილვისას - პრობლემის ღრმა, სტრატეგიული გადაწყვეტა თუ ისევ კომპრომისული და სანახევრო მიდგომა, რომელიც რეალურად ვერაფერს მოაგვარებს და უფრო მძიმე სიტუაციას შექმნის მომავალში. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ სტრატეგიულად რა ხასიათი ექნება ამ დახმარებას - იქნება ის ორიენტირებული მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგობის გაწევის უნარის უზრუნველყოფაზე, თუ მიცემს მას საშუალებას განავითაროს მძლავრი კონტრშეტევა და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რისთვისაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან. საჭიროა მხოლოდ შესაბამისი შეიარაღება და აღჭურვილობა. გასაგებია, რომ ეს არა იმდენად ტექნიკური, რამდენადაც პოლიტიკური საკითხია და დამოკიდებულია სწორედ იმ სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელსაც საბოლოოდ აირჩევს დასავლეთი პრობლემის გადასაწყვეტად. რაც შეეხება რუსეთზე სანქციურ ზეწოლას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ამ თემას და შესაბამისად, წესით, ამ ასპექტის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ევროპისა და მისი ცალკეული ქვეყნების სამხედრო გაძლიერების თემა და აქ ორი მიმართულებით ვხედავთ ძალისხმევას - როგორც ნატოს კუთხით, ასევე, ევროკავშირის სამხედრო კომპონენტის ჩამოყალიბებაში. მასშტაბზე სამსჯელოდ კონკრეტული გადაწყვეტილებების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ცხადია, შემთხვევითი არ არის, რომ ბაიდენი ჩადის პოლონეთში. ეს ევროპული ქვეყანა უშუალოდ ომის ხაზზეა და ყველაზე ღრმად არის ჩართული კონფლიქტში. შესაბამისად, მისი უსაფრთხოების განმტკიცება პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს. საყურადღებოა ვარშავის ინიციატივა სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის ფორმატთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ თამამი ინიციატივაა, მაგრამ, ვფიქრობ, მას ევროპისა და ნატოს ფარგლებში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდება. პოლონეთის საკითხი უკიდურესად სენსიტიურია, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან შედის უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარება და ის რუსეთის სამხედრო სამიზნე ხდება, რაც ავტომატურად იწვევს კონფლიქტში ნატოს უშუალოდ ჩართვის საკითხს ბირთვული საფრთხის ჩათვლით. ამდენად, უმნიშვნელოვანესი პრობლემების რთულ მოზაიკასთან გვაქვს საქმე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პრობლემატიკას კოლექტიურმა დასავლეთმა ეფექტიანად უპასუხოს.

- რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეს, რამდენიმე დღის წინ პესკოვის განცხადება, თუ რუსეთს შეექმნება ეგზისტენციალური საფრთხე, ის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თქვენ როგორ აღიქვით - ეს არის მორიგი ულტიმატუმი და შანტაჟი რუსეთის მხრიდან თუ შეიძლება პუტინი ამ ნაბიჯზეც წავიდეს, მითუმეტეს რუსულმა მხარემ უკვე ღიად გამოხატა მუქარა პოლონეთის მიმართ?

- პესკოვის განცხადება სპეციალურად არის კონსტრუირებული ისე, რომ მას ბუნდოვანი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. მთავარი აქ ისაა, რომ რუსეთი თავის ოფიციალურ განცხადებებში უშვებს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო რა იგულისხმება ამ კონტექსტში ე.წ. ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, ეს არავინ იცის და ამას თავად რუსეთი განსაზღვრავს. ეს არის სწორედ რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის მუხანათური ბირთვული შანტაჟის ტექნოლოგია. ვფიქრობ, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ რადგან ბირთვული შანტაჟის თემას ერთხელ უკვე ტაბუ მოეხსნა, შესაბამისი რეაგირების არგაკეთების შემთხვევაში, ის მუდმივად დარჩება დღის წესრიგში და მომავალში შეიძლება გაცილებით უფრო სახიფათო გახდეს. დიახ, ეს სარისკო საქმეა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ახლა რუსეთის შანტაჟზე აყოლიება შეიძლება მართლაც დამღუპველი გახდეს ახლო მომავალში.

- რუსეთს ვერ აჩერებს ვერც საერთაშორისო იზოლაცია, ვერც მკაცრი სანქციები და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვის მუქარა. რა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად? როგორ შეიძლება დაამარცხოს ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი?

- ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა რუსეთის სამხედრო მარცხი უკრაინაში და შემდგომ მისი სანქციებით მუხლებზე დაყენება. ჯერჯერობით, ორივე კომპონენტი საკმაოდ კარგად ვითარდება. აუცილებელია აქ ბოლომდე პრინციპულობის გამოჩენა და საქმის ბოლომდე მიყვანა. ამისათვის საჭიროა გაძლიერდეს უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის მხარდაჭერა და შემდგომ აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთის მმართველი ჯგუფის შეცვლა, არამედ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ ფუნდამენტური ცვლილებები რუსეთის სახელმწიფოებრიობასა და იდეოლოგიაში. რუსეთის რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს და ამ ქვეყნის დანაშაულებრივი ბუნება და პოლიტიკა დეტალურად უნდა იქნეს მხილებული ნამდვილი ეროვნული მონანიების გამოწვევით, ისე, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში და რაც, სამწუხაროდ, ჯეროვნად არ მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია მკაფიოდ იქნეს იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილი ის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მრავალი დანაშაულებრივი რეჟიმის საფუძველს წარმოადგენს. ალბათ დამეთანხმებით, რომ არარელევანტური იქნებოდა ნაცისტური გერმანიის დემონტაჟისას ხელუხლებლად დაეტოვებინათ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც SS- ის ორდენი იყო. ამგვარი ორგანიზაცია არსებობს რუსეთში, რომელიც დღეს ფსბ-ს სახელს ატარებს, თუმცა ისტორიის მანძილზე ის სხვადასხვა სახელებით გვევლინებოდა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის და კომუნისტური რეჟიმის დაშლის დროს ის პრაქტიკულად ხელუხლებელი დატოვეს, ჩათვალეს რა ჩვეულებრივ სახელმწიფო ინსტიტუტად. ამ დროს კი ის სინამდვილეში იყო და არის იმ ბოროტების სათავე, ის კიბოს კერა, რომელსაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გრძელი შლეიფი მოსდევს თან და რომელიც სისტემატიურად უმწარებს ცხოვრებას თავად რუს ხალხს და მთელ გარშემო სამყაროს. სწორედ მასზე აღმოცენდა ის ბოროტება, რომელსაც დღეს ჩვენ პუტინის რეჟიმს ვუწოდებთ და რომლის წიაღიდანაც გამოვიდა რუსეთის დღევანდელი დიქტატორი, სამხედრო დამნაშავე, 21-ე საუკუნის ადოლფ ჰიტლერი, ვლადიმირ პუტინი. აუცილებელია ამ სტრუქტურის რადიკალური მხილება, საფუძვლიანი დემონტაჟი და საერთაშორისო გასამართლება.

- რას შეცვლის ეს ომი გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ამ ომის დასრულების შემდეგ და რა საფრთხეების წინაშე დგას ამ მოცემულობაში საქართველო?

- რაც შეეხება იმას, თუ რას შეცვლის ეს ომი გეოპოლიტიკურ ვითარებაში და, კერძოდ, საქართველოსთვის, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება ომის შეწყვეტა. თუ პუტინის რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, ხოლო უკრაინის საკითხი მთლად სასიკეთოდ არ გადაწყდა, საქმე გვექნება საშიშ გეოპოლიტიკურ ბუნდოვანებასთან და არასტაბილურობასთან. ასეთ შემთხვევაში, პუტინის რუსეთი გააკეთებს მაქსიმუმს საქართველოში არსებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად. თუ დასავლეთს ეყო ძალა და პრინციპულობა იმისთვის, რომ რუსეთის პრობლემა რადიკალურად გადაწყვიტოს, რეჟიმის სიღრმისეული შეცვლის სახით, მაშინ მსოფლიოს აქვს შანსი დაალაგოს სტაბილური გეოპოლიტიკური კონსტრუქცია შედარებით ხანგრძლივი ვადით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საკითხი აუცილებლად და მყარად დადგება დღის წესრიგში და დიდი ალბათობით ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება.