ქობულეთში ადგილობრივებსა და „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაკავებულები

ქობულეთში ადგილობრივებსა და „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია - „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში მყოფ პირებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია მანამდე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართეს, შემდეგ კი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს. ადგილობრივები უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ და ამავდროულად, პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ოფისში მყოფი პირები გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა 8 ადამიანი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები.
ამ დროისათვის აქციის მონაწილეები კვლავ "ალტ-ინფოს" ოფისთან იმყოფებიან, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

























