მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მათი ინფორმაციით, სტუმრებმა, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს ტრადიციული რეწვის სახელოსნო-სტუდია, აზერბაიჯანული ეთნო კუთხე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობისა და მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო-მასალა, ასევე წიგნების გამოფენა.
„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლური კოცონიც აანთეს. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში სპორტული აქტივობებიც გაიმართა. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში ტრადიციულმა დღესასწაულმა გალა კონცერტის გარეშე ჩაიარა. ფორმატის შეცვლის მიზეზი უკრაინაში განვითარებული მოვლენებია. კონცერტისთვის გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტი მეგობარ ქვეყანას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























