ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ქვემო ქართლის რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძლიერმა თოვამ გადაადგილების პრობლემა შექმნა, საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ძალისხმევით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად, ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

როგორც მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, შესაბამის ლოკაციებზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში ხდება მოსახლეობის მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით მომარაგება.

„ამ ეტაპზე, უკვე გაწმენდილია თბილისი-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ასევე დაწყებულია თეთრიწყარო-მანგლისის დამაკავშირებელი მონაკვეთის წმენდა. შესაბამისი სამუშაოები სოფელ დურნუკში, ქოსალარში, ხაიშსა და წინწყაროში ჩატარდა. დამატებითი ტექნიკით იწმინდება სოფელი ჭივჭავი. სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის შიდა ქუჩებზეც, თუმცა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არის სოფლები, სადაც მისასვლელი გზების გაწმენდა, არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო კვლავ ვერ ხერხდება.

ძლიერი თოვის გამო, გადაადგილება შეზღუდულია სოფელ ბოლნისის, დარბაზის, ტანძიის, ძველი ქვეშისა და ქვეშის თემებში, ასევე სოფელ დისველში - სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, ადგილზე, ეტაპობრივად, ახორციელებს და პროცესი, საჭიროების შესაბამისად, კვლავ აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, მოძრაობა შეფერხებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებიც - ირგანჩაი, საკირე, გორა, ლოქჭანდარი, კამიშლო, კარაბულახის ზედა სოფლები და იფნარის თემი.

სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული წალკის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დროებით შეფერხებულია - ამ ეტაპზე, თოვლის საფარისგან ქალაქ წალკის შიდა ქუჩები იწმინდება, ეტაპობრივად განახლდება სოფლებთან მისასვლელი გზების წმენდის პროცესიც.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.