კავკასიის უნივერსიტეტი გერმანელ პარტნიორებთან ერთად ლოგისტიკის რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბს აფუძნებს

15-19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით გერმანიაში, ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
TH Wildau და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა.
აქედან გამომდინარე ციფრული ლოგისტიკის პროგრამა უნიკალურია კავკასიის უნივერსიტეტისთვის, როგორც საგანმანათლებლო სივრცისთვის, ასევე, უპრეცედენტო ღირებულების მატარებელია მთლიანად რეგიონისთვის.
შეხვედრები სამ ეტაპად წარიმართა, პირველ ეტაპზე კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვდა TH Wildau-ის წარმომადგენლებს, მხარეებმა განიხილეს პროექტის სტატუსი, ასევე, დაათვალიერეს პარტნიორი უნივერსიტეტის კამპუსი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკის ლაბორატორია, გაეცნენ იმ სერვისებს, რომლითაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გერმანიაში ყოფნისას.
მეორე ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, TH Wildau-ის პარტნიორ ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას - e Com logistic - ესტუმრა. კომპანიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს სტუდენტთა პრაქტიკისთვის ვაკანტური ადგილების გამოყოფის საკითხი. რადგან აღნიშნული პროგრამა, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გერმანიაში სწავლისას, თეორიასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებში სტაჟირება გაიარონ.
შეხვედრების სერიის ბოლო ეტაპზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - TH Wildau-ის პრეზიდენტს - ულრიკე ტიპეს - შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს პროექტის სტატუსი, შემდგომი ნაბიჯები და დასახეს სამომავლო გეგმები ურთიერთთანამშრომლობის გამყარების მიზნით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტისთვის არამედ, მთელი რეგიონისთვის.

პროექტში, უნივერსიტეტების გარდა, ქართული და გერმანული პარტნიორი კომპანიებიც არიან ჩართულნი.
TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.
(R)

























