გიორგი ბილანიშვილი - საბაბის არსებობის შემთხვევაში დასავლეთი აღარ ჩათვლის მიზანშეწონილად დიპლომატიის მეშვეობით მოაგვაროს პრობლემები თბილისთან და საქართველოც რუსეთის მსგავსად სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოჩნდება

გიორგი ბილანიშვილი - საბაბის არსებობის შემთხვევაში დასავლეთი აღარ ჩათვლის მიზანშეწონილად დიპლომატიის მეშვეობით მოაგვაროს პრობლემები თბილისთან და საქართველოც რუსეთის მსგავსად სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოჩნდება

უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინაში ომის დასრულების რა სავარაუდო სცენარები არსებობს, რა შანსები აქვს უკრაინას, რომ უსაფრთხოების მაღალი ხარისხის გარანტიები მიიღოს, რა კორექტივები შეიტანა ომმა უკრაინაში საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები ცივილიზებული სამყაროსათვის აქტუალური გახადოს, „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ცენტრის მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მას შემდეგ რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სამ კვირაზე მეტი გავიდა. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავგანწირული ბრძოლის ფონზე სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ მსოფლიო ისეთი აღარაა, როგორც ის ომის დაწყებამდე იყო და ისეთი პირი უჩანს, რომ უკვე ისეთი ვერც ვერასოდეს იქნება.

აშშ-მ და ევროპამ რუსეთს უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ამის პარალელურად ვაშინგტონი და კოლექტიური დასავლეთი იმდენ იარაღს აწვდიან უკრაინას, რამდენიც სჭირდება აგრესორებისგან დასაცავად.

კარგა ხანი იყო უკრაინის ცის დაცვის პრობლემა. ნატო ცდილობდა რუსეთთან კონფრონტაციაში ღიად არ შესულიყო. ახლა უკვე ვიცით, რომ უკრაინამ აშშ-საგან იმ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო, რომ უკრაინული ცის დაფარვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ რუსული თვითმფრინავებისაგან, არამედ რუსული რაკეტებისაგან რომლითაც რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით უკრაინის ომში მომხდარია გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ, ხოლო ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდება.

როგორ შეაფასებდით 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობას?

- უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერაა და აღტაცება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითს აჩვენებს. ამავე დროს, ისინი არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან, არამედ იცავენ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, ჩვენ ქვეყანას. ასევე იცავენ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას პუტინის რეჟიმის უაღრესად აგრესიული გეგმების განხორციელებისგან.

რაც შეეხება, უშუალოდ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ყოვლად უსამართლო სამხედრო აგრესიის შემდეგ შექმნილ მდგომარეობას, ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მინდა გამოვყო:

1) უკრაინელთა პატრიოტიზმი, საბრძოლო სულისკვეთება და მზაობა დაიცვან საკუთარი სამშობლო, აღმოჩნდა ბევრად იმაზე მაღალი, ვიდრე ამას პუტინის აგრესიული რეჟიმი ელოდა,

უკრაინელთა პატრიოტიზმი, საბრძოლო სულისკვეთება და მზაობა დაიცვან საკუთარი სამშობლო, აღმოჩნდა ბევრად იმაზე მაღალი, ვიდრე ამას პუტინის აგრესიული რეჟიმი ელოდა

2) საერთაშორისო სამყაროს, მათ შორის განსაკუთრებით დასავლეთის კონსოლიდირებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რაც ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაძლიერებაში, მის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერასა და რუსეთის მიმართ დაწესებულ უპრეცედენტო სანქციებში გამოიხატება, ასევე იმაზე ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ამას კრემლი ელოდა,

3) იმ ქვეყნების, მათ შორის, განსაკუთრებით ჩინეთის პოზიცია, რომელთა მხარდაჭერის იმედი რუსეთს ჰქონდა, აღმოჩნდა მეტწილად ზომიერი და დაბალანსებული. ამასთან, იმედი მაქვს, რომ თუ მომავალში ამ ქვეყნების პოზიცია შეიცვლება, ეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სასარგებლოდ მოხდება,

4) და ბოლოს, ამ ეტაპზე, პუტინის აგრესიული რეჟიმის სამხედრო დანაკარგები და ასევე მისი ეკონომიკური ზარალი, არის ბევრად უფრო იმაზე მაღალი, ვიდრე ამას ეს დანაშაულებრივი რეჟიმი მოელოდა.

ამ ეტაპზე, პუტინის აგრესიული რეჟიმის სამხედრო დანაკარგები და ასევე მისი ეკონომიკური ზარალი, არის ბევრად უფრო იმაზე მაღალი, ვიდრე ამას ეს დანაშაულებრივი რეჟიმი მოელოდა

- პრეზიდენტი პუტინის განცხადებები უკრაინის საკითხზე თითქოს შერბილებულია, მაგრამ მისი გუნდის წევრები, მაგალითად ექსპრეზიდენტი მედვედევი აგრძელებენ იმაზე საუბარს, რომ „რუსეთს შეუძლია ყველა მოწინააღმდეგეს მიუჩინოს ადგილი“.

ის, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების ინიციატორი კრემლი იყო და არა კიევი, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობის ფონზე ახლა ამუშავებს მოქმედების გეგმა ბ-ს.

ზოგი თვლის, რომ ახლა მკაფიოდ არ ჩანს კრემლის გეგმა ბ -ს კონტურები, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული ახლა რუსები ძალების მობილიზებით იყვნენ დაკავებული და კიევის შტურმისთვის ემზადებოდნენ.

დამკვირვებელთა ნაწილი არც იმას გამორიცხავ, რომ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მოვლენათა სხვადასხვა სცენარებზე, ომის დასრულების ვადებზე ახლა ბევრს მსჯელობენ, მაგრამ იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ თუ ვინმეს შეუძლია პუტინი ადეკვატური გახადოს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინია.

ვიცით, რომ პეკინმა უკრაინის ომთან დაკავშირებით საკმაოდ გაწონასწორებული განცხადებები გააკეთა, მაგრამ ვაშინგტონს მაინც მოუწია ჩინეთის გაფრთხილება იმაზე, არ შეეწყო ხელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით მიეღო ის საქონელი, რაზეც ხელი რუს ბიზნესმენებს არ მიუწვდებათ. მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ ჩინეთიდან საქონელი რუსეთისათვის ყაზახეთის გავლით ხვდება.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ სი ძინ პინს შორის უკრაინის თემაზე მოლაპარაკებები გაიმართა, რისი თქმა შეიძლება, სავარაუდოდ, რა სცენარით განვითარდება პროცესები უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ და შეასრულებს თუ არა პუტინის შემჩერებლის როლს ამხანაგი სი ძინ პინი?

- ჩინეთს მისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მართლაც შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება. უკვე 10 წელზე მეტია, რაც რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, მათ შორის, განსაკუთრებით დასავლეთის დასუსტების მიზნით.

ასევე, ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები გააჩნიათ პუტინსა და პრეზიდენტ სი ძინ პინს. ამ ფონზე, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსკოვს ქონდა პეკინისგან ქმედითი მხარდაჭერის მიღების მოლოდინი, თუმცა, ჩინეთმა მეტწილად დაბალანსებული პოზიცია აირჩია.

ახლა უკვე იმ ფონზე, როდესაც როგორც ბრძოლის ველზე, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე, რუსეთის მარცხი თანდათანობით სულ უფრო იკვეთება, ჩინეთის მხრიდან რუსეთის სასარგებლო ქმედებების ღიად და აქტიურად განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელად უნდა მივიჩნიოთ.

არა მგონია პრეზიდენტმა სი ძინ პინმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, პუტინის შეჩერების თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებული მისია აიღოს საკუთარ თავზე

რაც შეეხება, შეკითხვის იმ ნაწილს, რომელიც ეხება პუტინის შეჩერებას, ჩინეთის როლი ამაში ალბათ არაპირდაპირი, მაგრამ საკმაოდ სოლიდურია. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინ პინს, არ მგონია, რომ მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, ამ თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებული მისია აიღოს საკუთარ თავზე.

- იმის ფონზე რომ ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში სამხედრო უდანაშაულობებს სჩადის, პრეზიდენტი ზელენსკი ცივილიზებული სამყაროსაგან უკრაინის უსაფრთხოებისათვის მყარ გარანტიებს ითხოვს.

ასე საკითხი მან მას შემდეგ დააყენა, როცა მისივე თქმით, - „უკრაინისთვის ნატოს კარი დახურულია“. მიუხედავად, რომ რეალურად უკრაინისთვის ნატოს კარი დახურულია, უკრაინა დღეს სწორედ ნატოს ქვეყნების დახმარებით აქვს შესაძლებლობა გაუმკლავდეს აგრესორ რუსეთს.

დღეს უკრაინა ისეთ სამხედრო ტექნიკას იღებს, როგორიც შესაძლოა ბევრ ნატოს წევრ ქვეყნებს არ აქვთ. მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ახალი გაერთიანება U24, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

უკვე ცხადზე უცხადესია, რომ უკრაინის ომის შემდეგ უსაფრთხოების სისტემა ვერ იქნება ისეთი, როგორიც 24 თებერვლამდე იყო. რა შანსები აქვს უკრაინას ცივილიზებული სამყაროსაგან მიიღოს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის შესაძლებლობას?

- უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ, სამწუხაროდ აჩვენა, რომ თანამედროვე სამყაროში რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელია. ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა ძალთა როგორი ბალანსი დადგება ომის დასრულების შემდეგ და კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი, უკრაინაზე, რუსეთზე და მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა ძალთა როგორი ბალანსი დადგება ომის დასრულების შემდეგ და კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი, უკრაინაზე, რუსეთზე და მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

ერთი რამ ცხადია, რომ ცვლილებები არსებითი იქნება. ასევე ცხადია ისიც, რომ უკრაინა მიიღებს აქამდე უპრეცედენტო საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს, სხვადასხვა სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების ამოქმედების შედეგად. მესმის, რომ ამ კითხვაზე ჩემი პასუხი საკმაოდ ზოგადია, მაგრამ დღეს არსებული ვითარება, ჩემი აზრით, არ იძლევა მისი კონკრეტიზების შესაძლებლობას.

- უკრაინაში ომისა და ლამის მთელი ცივილიზებული სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ კონსოლიდირებისა, დაწყებულია მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის. ამ მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

ჯერ არ ჩანს, საბოლოოდ როგორ შეთანხმებაზე გავლენ მხარეები, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ახლა ყველა იმაზე ფიქრობს რომ როგორმე შეჩერდეს ომი, რუსეთის ჯარები გავიდნენ უკრაინიდან და ამას როგორ აუხსნის პრეზიდენტი პუტინი რუსეთის მოქალაქეებს, ახლა ნაკლებადმნიშვნელოვანია.

ასე ბევრი ფიქრობს, მაგრამ კიევი დაჟინებით მოითხოვს და სამართლიანადაც მისი სუვერენიტეტისათვის გარანტიებს, რომ უკრაინული მხარე უარს არ იტყვის ყირიმსა და დონბასის ოლქებზე.

სამწუხაროდ, ომი უკრაინაში მალე არ დასრულდება, მაგრამ როგორც ყველა ომი დასრულებულა, ეს ომიც ალბათ დასრულდება, მაგრამ მთავარია როგორი შედეგებით ერთი მხრივ უკრაინისთვის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთისთვის?

- ამ ეტაპზე რისი თქმაც შეიძლება ის არის, რომ მოსკოვი, როგორც მას სჩვევია სამშვიდობო მოლაპარაკებების კვალდაკვალ აგრძელებს საკუთარი სამხედრო ძალების მობილიზაციას, ცდილობს განახორციელოს გააფთრებული იერიშები, რასაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა. ცხადია ეს იმისთვის კეთდება, რათა პუტინის რეჟიმმა გაიმყაროს პოზიციები და მიაღწიოს მისთვის უფრო სასურველ შედეგს მოლაპარაკებების პროცესში.

საბედნიეროდ, ისე ჩანს, რომ სამხედრო პოზიციების გამყარებას მოსკოვი წარმატებულად ვერ ახერხებს. თანდათანობით ბრძოლის ველზე იკვეთება უკრაინელთა ზომიერი კონტრ-შეტევების ტაქტიკა, რაც არა თუ ამყარებს მოსკოვის პოზიციებს, არამედ ასუსტებს მას.

საბედნიეროდ, ისე ჩანს, რომ სამხედრო პოზიციების გამყარებას მოსკოვი წარმატებულად ვერ ახერხებს. თანდათანობით ბრძოლის ველზე იკვეთება უკრაინელთა ზომიერი კონტრ-შეტევების ტაქტიკა, რაც არა თუ ამყარებს მოსკოვის პოზიციებს, არამედ ასუსტებს მას

იმედი მაქვს, რომ უკრაინელთა წარმატება უახლოეს დღეებში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, რაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ის თანამედროვე შეიარაღებაც, რომლის მიწოდებას კიევს დასავლეთი სულ ახლახან დაჰპირდა. თუ ეს ყოველივე ასე მოხდება, მაშინ ომიც შედარებით ახლო მომავალში დასრულდება.

- რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა არა მარტო ევროპასა და დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში შეიტანა კორექტივები.

ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან სულაც არაა აზრს მოკლებული მოსაზრება, რომ ახლა უკრაინის ომში საქართველოს მომავალიც წყდება. მიუხედავად ათასი პრობლემებისა კრემლის პროპაგანდისტები საქართველოსთვის პოულობენ დროს.

არ მალავენ, რომ კრემლის შემდეგი სამიზნე მოლდოვა, საქართველო, ბალტიის ქვეყნები და ბოსნია-ჰერცოგოვიან შეიძლება იყვნენ, რადგან ეს უკანასკნელიც მიილტვის ატლანტიკური ალიანსისაკენ.

რა გავლენა იქონია უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე? რა სასიკეთო და სამწუხაროდ, არასასურველი ტენდენციები გამოიკვეთა?

- აშკარაა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდნენ სხვადასხვა პრო-რუსული აქტორები საქართველოში. ისინი ღიად ეწევიან პრო-რუსულ პროპაგანდას და ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ მითი რუსეთის უძლეველობის, დასავლეთის ქმედუუნარობისა და სისუსტის თაობაზე.

აშკარაა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდნენ სხვადასხვა პრო-რუსული აქტორები საქართველოში. ისინი ღიად ეწევიან პრო-რუსულ პროპაგანდას და ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ მითი რუსეთის უძლეველობის, დასავლეთის ქმედუუნარობისა და სისუსტის თაობაზე... სამწუხაროდ, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ სათანადო ზომებს არ იღებს

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრორუსული აქტორების საქმიანობა საკმაო ზიანს აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას, რადგან იგი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ სათანადო ზომებს არ იღებს.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკის, ასევე სამწუხაროდ, როგორც მმართველი პარტია ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიუსადაგოს და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს.

სამწუხაროდ, როგორც მმართველი პარტია ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიუსადაგოს და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს

- საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდის ლიდერშიფის განცხადებები ხან წინააღმდეგობრივია, ხანაც გაუგებარი. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის სასარგებლოდ იმოქმედა. უკრაინაზე საუბრისას პრემიერის განცხადებები ტოვებს განცდას, რომ რუსულ აგრესიაში ჩვენი პრემიერი თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც პრეზიდენტ ზელენსკის ადანაშაულებს. ასეთი განცდა მას შემდეგ რჩება, როცა იგი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აიცილა თავიდან რუსეთთან ომი.

უცნაურია, რომ ამგვარი განცხადებები საქართველოში იმის მიუხედავად კეთდება, როცა ახლა ვაშინგტონსა და ევროპაში ლამის ყველა ხვდება, რომ მათი რეაქცია 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ სამარცხვინო იყო.

სიფრთხილე პოლიტიკაში კარგია, მაგრამ ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ახლა როცა მსოფლიოში ეპოქალური ცვლილები ხდება საქართველოს ხელისუფლება უკიდურეს არაპროფესიონალიზმსა და დანაშაულებრივ პასიურობას ავლენს.

თქვენ რამდენად ეთანხმებით ასეთ შეფასებას? და რეალურად რასთან უფრო გვაქვს საქმე - უკიდურეს არაპროფესიონალიზმთან, თუ დანაშაულებრივ პასიურობასთან?

- ამ შეკითხვის საპასუხოდ, პირველ რიგში, უნდა გავიმეორო ჩემი ზემოხსენებული შეფასება, რომელშიც შევეცადე განმეხილა უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენს შიდა პოლიტიკურ განზომილებაში, ძირითადი პოლიტიკური აქტორების პოზიციებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანია ცდილობენ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის გამოყენებას საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესების შესაბამისად.

რაც შეეხება, იმას თუ რასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლების „უკიდურეს არაპროფესიონალიზმთან, თუ დანაშაულებრივ პასიურობასთან“, ამას ჩემი აზრით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი ადგება.

რასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლების „უკიდურეს არაპროფესიონალიზმთან, თუ დანაშაულებრივ პასიურობასთან“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი ადგება

- აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა - „არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს“.

რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციებზე მიერთებულმა ქვეყანამ უზრუნველყოს რომ რუსეთმა სანქციებზე მიერთებული ქვეყნის მეშვეობით არ აარიდოს თავი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ვითარებაში,, როცა ცნობილია, რომ საქართველოში 30 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე, ასევე ბელარუსიდან 15 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს 200-ზე მეტი კომპანია, ამ კომპანიებმა არ დაიწყონ ისეთი საქონლის შეძენა და რუსეთში შეტანა, რაზეც სანქცია დადებულ რუსეთს ხელი არ მიუწვდება.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებით ამერიკულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მან უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით.

გასაგებია, რომ ამ მიმართულებით ახლა ბევრი საქმე ექნებათ ჩვენს სპეცსამსახურებს. გაქვთ განცდა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამ საქმეს თავს წარმატებით გაართმევენ?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებული დიპლომატიური განცხადება, არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება, რომლის შემდეგაც დასავლეთის მხრიდან უფრო ხისტ ქმედებებს უნდა ველოდოთ. კერძოდ, საუბარი მაქვს იმაზე, რომ საბაბის არსებობის შემთხვევაში დასავლეთი აღარ ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ დიპლომატიის მეშვეობით მოაგვაროს ეს პრობლემა და საქართველოც, რუსეთის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების გვერდით სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოჩნდება.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებული დიპლომატიური განცხადება, არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება, რომლის შემდეგაც დასავლეთის მხრიდან უფრო ხისტ ქმედებებს უნდა ველოდოთ... საბაბის არსებობის შემთხვევაში დასავლეთი აღარ ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ დიპლომატიის მეშვეობით მოაგვაროს ეს პრობლემა და საქართველოც, რუსეთის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების გვერდით სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოჩნდება

რაც შეეხება შეკითხვას ჩვენი სპეცსამსახურების შესაძლებლობების შესახებ, წლების განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ საქართველოს, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სპეცსამსახურების შესაძლებლობების გასაზრდელად.

მჯერა, რომ ჩვენს საჯარო სექტორში, მათ შორის სპეცსამსახურებში, არის საკმაოდ ბევრი პროფესიონალი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი პროფესიონალი. მაგრამ, სამწუხაროდ, არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ ხელისუფლება სპეცსამსახურებს უმეტესად იყენებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არა მათი დანიშნულებისამებრ.

ე.წ. „პოლიტიკური პოლიციის“ ფუნქციის მინიჭება იმ უწყებებისთვის, რომლებსაც საკვანძო როლი გააჩნიათ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დამახასიათებელია სუსტი სახელმწიფოებისათვის და ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რის ნიშნებსაც ჩვენ საქართველოში დღეს სამწუხაროდ უკვე ვხედავთ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტენდენცია სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მისკენ საქართველოს ყველა ხელისუფლება ისწრაფოდა.

- ფაქტია, რომ სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემებზე საჯარო სივრცეში დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები მეტს საუბრობენ, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები.

მეტიც, ნაწილი თვლის, რომ თუ მოსკოვი დამარცხდა, საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა ცხინვალსა და სოხუმზე. გასაგებია, რომ ბევრი რამ სწორედ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ამ მიმართულებებზე მუშაობა დაწყებული უნდა იყოს.

თქვენი ინფორმაციით სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით თუ იდგმება გარკვეული ნაბიჯები? თუ კი, - რა ტიპის? თუ არა, შექმნილ ვითარებაში როგორი უნდა იყოს თბილისი გზავნილები სოხუმისა და ცხინვალისათვის?

- ცხადია ინფორმაცია ამის თაობაზე მე არ გამაჩნია და არც უნდა მქონდეს პრინციპში თუ რაიმე კონფიდენციალურად კეთდება.

ძალიან მინდა მჯეროდეს იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით გარკვეულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამს და შესაბამისი გეგმის მიხედვით მოქმედებს.

მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მხრივ, სრულიად ცხადია, რომ საქართველოში მოშლილია ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესი, რომელიც პრინციპში არც არასდროს ყოფილა გამართული, მაგრამ ბოლო წლებში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამის გათვალისწინებით, რაიმე დამაიმედებლის თქმა ძნელია.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი