ლადო მგალობლიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი და შესაბამისად, არანაირი რეზოლუციის მიღების უფლებამოსილება და კომპეტენცია საგარეო პოლიტიკის საკითხებზე არ გააჩნია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი და შესაბამისად, არანაირი რეზოლუციის მიღების უფლებამოსილება და კომპეტენცია საგარეო პოლიტიკის საკითხებზე არ გააჩნია, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეროვნულ დონეზე განზრახული აქვს, უკრაინაში მიმდინარე პროცესები გამოიყენოს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და სწორედ ამ პროცესის ნაწილად განვიხილავთ აღნიშნული საკითხის დასმას უმაღლეს საბჭოში.
„პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და სრულად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მიმართ გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, აჭარის მთავრობა და ყველა სახელისუფლებო შტო აჭარაში, ჩართულია უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში.
რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტს ,,უკრაინის შესახებ“, აქვე დავძენ, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის საერთაშორისო ურთიერთოებების სუბიექტი. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგარეო პოლიტიკა მიეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. აქედან გამომდინარე, აჭარის უმაღლეს საბჭოს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია მიიღოს ისეთი სახის რეზოლუცია, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ეროვნულ დონეზე განზრახული აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები გამოიყენოს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და სწორედ ამ პროცესის ნაწილად განვიხილავთ აღნიშნული საკითხის დასმას უმაღლეს საბჭოში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკითხის განხილვის დროს იხელმძღვანელა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე", - განაცხადა მან.

























