ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2022

ბაიდენის საგანგებო ვიზიტი ალიანსის საგენგებო სამიტზე - რისთვის ემზადებიან მოკავშირეები
რუსეთისთვის კომპრომისული შვედური ან ავსტრიული მოდელი უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია
* * *
ბაიდენის საგანგებო ვიზიტი ალიანსის საგენგებო სამიტზე - რისთვის ემზადებიან მოკავშირეები
“24 მარტს ბრიუსელში, ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება, სადაც წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განიხილვენ. სამიტის დღის წესრიგშია ასევე ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხის განხილვა. საგანგებო სამიტს დაესწრება აშშ პრეზტიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბაიდენის საგანგებო ვიზიტი ალიანსის საგენგებო სამიტზე - რისთვის ემზადებიან მოკავშირეები.
“პრეზიდენტი ამ თვის ბოლოს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც შეუერთდება 24 მარტს ნატოს რიგგარეშე სამიტს, რათა განიხილონ მიმდინარე შეკავებისა და თავდაცვის მცდელობები უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ. ასევე, აღინიშნება ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატოს მოკავშირეების მიმართ” - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი. აქვს თუ არა ალიანსს კონკრეტული გეგმა და რა ფორმით უნდა მოხდეს ომის პირობებში უკრაინის დახმარება, ამის შესახებ მსჯელობა, ნატოს საგანგებო სამიტამდე, გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, რომელშიც მჭიდრო პარტნიორი ქვეყნების სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველომ, უკრაინამ, ფინეთმა და შვედეთმა. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნატოს საზღვრებთან ახლოს ომი დროულად დასრულდეს და კიდევ უფრო არ მოხდეს ესკალაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნატოს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ამ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების ფარგლების გარეთ არ მოხდეს. განვიხილავთ თუ როგორ გავაძლიეროთ კიდევ უფრო ალიანსის თავდაცვა და შეკავება, რომ არ დავტოვოთ მოსკოვში გაუგებრობისთვის ან არასწორი გათვლისთვის არანაირი სივრცე” , - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს, რომ უმაღლესი დონის შეხვედრაზე ალიანსის ლიდერებმა მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ”, - განაგრძობს გამოცემა.
“ომის გამო სასწრაფოდ დაინიშნა სამიტი, ასეთი შეხვედრები ხდება მაშინ, როცა აუცილებლობით არის განპირობებული და როგორც წესი, პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღება. საგანგებოდ მოწვეულ ნატოს სამიტს დაესწრება აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. იმედი მაქვს, რომ უმაღლესი დონის შეხვედრაზე ალიანსის ლიდერები მნიშვნელოვან გადაწყვტილებებს მიიღებენ. შეიძლება ამ შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს” ,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ რიგგარეშე სამიტზე უკრაინის თემასთან ერთად მთავარი საკითხი იქნება ნატოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ის, თუ როგორ გაუმკლავდეს საფრთხეებს მომავალში. “მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონეზე ნატოს რიგგარეშე სამიტი გაიმართებოდა; ბუნებრივია, განხილული იქნება საკითხი, რა უნდა მოიმოქმედოს ნატომ, რათა მისი თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს, და როგორ გაუმკლავდეს მომავალში საფრთხეებს. “აქცენტი გაკეთდება იმაზეც, რომ ნატო საჭიროებს რეფორმირებას. რაც შეეხება უკრაინის ცის ჩაკეტვას, შეიძლება იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო უშუალოდ ჩაერთოს კონფლიქტში. ნატო ირიბი გზით კონფლიქტში ჩართულია, დიდ დახმარებას უწევს უკრაინას და არ უნდა პირდაპირ მონაწილეობა მიიღოს”, - ამბობს ჩიტაძე. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ნატოს საგანგებო სამიტის მოწვევასთან დაკავშირებით სამ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი არის ევროპის შეშფოთება, პუტინმა არ აამოქმედოს მასობრივი განადგურების ესა თუ ის იარაღი”, - დასძენს გამოცემა.
“ევროპის გულში ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება და ნატო გულგრილი ვერ დარჩება, რამენაირად ეს ომი უნდა შეაჩერონ. ევროპა შეშფოთებულია იმითაც, რომ რუსეთმა არ აამოქმედოს მასობრივი განადგურების ესა თუ ის იარაღი. ასევე ის გეოპოლიტიკური ფონი, რომელიც შეიქმნა უკრაინის ომთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ნატომ ამ სამიტზე მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რადგან ძალიან ცუდი სიტუაციაა და პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ზელენსკის მთავარი ამოცანა არის როგორმე შეჩერდეს ეს სასაკლაო. რაც შეეხება ნატოს მხრიდან ცის ჩაკეტვას, შეიძლება ამაზეც იყოს საუბარი. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ნატოს საგანგებო სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უკრაინისთვის მაპის მინიჭების საკითხი განიხილონ”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
რუსეთისთვის კომპრომისული შვედური ან ავსტრიული მოდელი უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია
“რუსეთმა გარკვეულ კომპრომისზე დაიწყო საუბარი - კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, “ეს არის ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად”, - განუცხადა პესკოვმა “რია ნოვოსტის”. უკრაინის მთავრობა კი არ იზიარებს რუსეთის მიერ წამოყენებულ იდეას, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნეიტრალიტეტის ხსენებული მოდელი. ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთი დასავლეთის სანქციების გამო უზარმაზარ ზარალს განიცდის და კომპრომისებზე ალაპარაკება ნიშნავს იმას, რომ სახის შენარჩუნებით გამოსავალს თავად ეძებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთისთვის კომპრომისული შვედური ან ავსტრიული მოდელი უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“უკრაინის მთავრობა კი არ იზიარებს რუსეთის მიერ წამოყენებულ იდეას, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა ახლა რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია და უსაფრთხოების მოდელი “შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული უსაფრთხოების ლეგალურად დამოწმებული გარანტიებით და არა სხვა მოდელები ან ვარიანტები”. პოდოილიაკმა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა. “სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინას სურს ჰყავდეს მართლაც ძლიერი მოკავშირეები უსაფრთხოების მკაფიოდ განსაზღვრული გარანტიებით”, - აღნიშნა მან. ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი და ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ დღეს ნეიტრალური ქვეყნებიც უკვე დამატებით გარანტიებზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობენ, რუსეთის უბრალო ხელშეკრულებას და განცხადებებს არავინ არ უჯერებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უკრაინისთვის მთავარი ორი რამაა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უსაფრთხოების ის გარანტიები, რომელიც მომავალში რუსეთს მასზე თავდასხმას გადააფიქრებინებს. ერთის მხრივ ეს შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ნეიტრალიტეტზეა საუბარი, მაგრამ დღეს ნეიტრალიტეტი ისეთ ფარატინა ქაღალდად გადაიქცა, რომ თავად ფინეთი და შვედეთი უკვე ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობენ. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ განცხადება საკმარისი არაა, აქ ძალიან სერიოზული გარანტიები უნდა იყოს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით. თუ ამ ორი მიმართულებით უკრაინა იმას მიიღებს, რაც სჭირდება, - ერთის მხრივ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მეორეს მხრივ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებს, ასეთ შემთხვევაში თავისთავად ცხადია ის ამას დათანხმდება, რადგან მას ეს სჭირდება, თუმცა, დღესდღეობით ამ წუთას ეს არ ჩანს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ერთია რას აცხადებს პესკოვი, მეორეა რუსეთს სატყუარა რა აქვს. რუსეთი ყოველთვის, როცა ნეიტრალიტეტზე საუბრობს ამბობს იმას, რომ იმ ქვეყანას არავინ არ უნდა დაეხმაროს, მაგრამ თავად რუსეთს ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავს დაესხას, ამიტომ, ესაა მნიშვნელოვანი. დღეს, როცა ვნახეთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არაფერს ნიშნავდა და როდესაც ნეიტრალური ქვეყნები უკვე დამატებით გარანტიებზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობენ, რუსეთის უბრალო განცხადებას და ხელშეკრულებას არავინ არ დაუჯერებს...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ავსტრია ისეთ ადგილზე მდებარეობს და მის ირგვლივ იმ ქვეყნებითაა გარშემორტყმული, რომ მასზე თავდასხმას არავინ არ აპირებს. ამიტომ ავსტრიისთვის ნეიტრალიტეტზე ხელმოწერა აბსოლუტიურად ნორმალური იყო. შვედეთი კი არის სახელმწიფო რომელიც სამხედრო ბლოკში გაწევრიანებული არაა, მაგრამ ევროკავშირის წევრია. შვედეთს სხვა ქვეყნებთან საკმაოდ სერიოზული სამხედრო თანამშრომლობა აქვს. დღეს შვედეთი, რომელიც სამხედრო ბლოკის წევრი არაა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მეზობელია, ნატოში გაწვერიანების შესაძლებლობებს განიხილავს. ნატო და ევროკავშირიც ფიქრობენ იმაზე, რომ შვედეთს რა დამატებითი გარანტიები მისცენ, რომ ეს ქვეყანა რადგანაც რუსეთის მეზობელია, დაცული იყოს. აქედან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადება უკვე ჩანს, რომ პოლიტიკური კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და უბრალოდ ტერმინებით მანიპულაციაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რუსეთს დღეს ე.წ. ფეისსეივინგი სჭირდება, დღეს ჩიხშია შესული, ყოველ დღე უზარმაზარ ზარალს და ზიანს განიცდის, ამიტომაც ის გამოსავალს თვითონ ეძებს და თუ უკრაინა კიდევ უფრო მედგრად იდგება და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერად იდგება, რადგან ძალიან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური დახმარება აქვს, რუსეთს კომპრომისებზე ფიქრი სერიოზულად მოუწევს”, - დაასკვნის ფხალაძე. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია კი აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ მოვლენები მათი გეგმის მიხედვით არ მიდის, მეორეს მხრივ კი სახის შენარჩუნება სჭირდებათ, პესკოვის განცხადებაც ამას ნიშნავდა”, - დასძენს გამოცემა.
“რეალურად უკვე რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ მოვლენები დიდი ხანია იმ სცენარით აღარ მიდის, როგორც მათ წარმოუდგენიათ, მაგრამ, ამავე დროს მას სახის შეარჩუნება უნდა, რადგან პუტინის რეჟიმისთვის ეს შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. ცდილობენ, რომ სახე შეინარჩუნონ და თან უკრაინაში ვერმოგება რაღაცნაირად რუსეთის მოსახლეობაში ისე გაასაღონ, რომ მათ მაინც მიაღწიეს იმას, რაც უნდოდათ. პესკოვის ეს განცხადებაც ალბათ ამ კონტექსტშიც უნდა აღვიქვათ. ბუნებრივია, რომ უკრაინასაც სჭირდება ამოსუნთქვა, რადგან უზარმაზარ მსხვერპლი ჰყავს. ის ხალხი, ვინც დღეს იბრძვის, მათი რესურსებიც ამოწურვადია. ზელენსკიმ, რაც ნატოსთან დაკავშირებით გააკეთა ესაა, რომ უბრალოდ ალიანსზე ზეწოლა მოახდინოს, მათ შორის დასავლელ ლიდერებზე, რომ ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. დასავლეთი ხვდება. რომ ამ ეტაპზე რაღაც შუალედური ვარიანტი იყოს, რომ პუტინი დააშოშმინონ, სახე შეუნარჩუნონ, მაგრამ ამავე დროს უკრაინა გადაარჩინონ” - მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.
“მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ნეიტრალიტეტის იდეა უკრაინაში ვერასდროს ვერ გაიყიდება, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ამდენი მსხვერპლი გაიღო. ეს ის არაა, რასაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს და ელოდება.ავსტრიული და შვედური მოდელი ნიშნავს იმას, რომ უკრაინა შესაძლოა დასავლეთის ნაწილი იყოს, მაგრამ, ნატოში არ შევიდეს. მაგრამ ეს შესაძლოა რუსეთისთვისაც შუალედური გამოსავალი შეიძლება იყოს. რადგან იცის, რომ უკრაინა ევრაზიულ კავშირში არავითარ შემთხვევაში არ შევა. ამავე დროს უკრაინამაც იცის, რომ ხვალ ვერ შევა ნატოში. თუმცა, არც ერთი მხარე თავის საბოლოო მიზანზე უარს არ იტყვის”, - დაასკვნის კაკაჩია.

























