დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭოს ბიუროს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება წარუდგინა

აჭარის უმაღლეს საბჭოში "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-3 სხდომაზე მიიღეს.
ამასთან, საკითხი ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარუდგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „მინისტრის საათის“ განრიგი. 21 აპრილს კანონმდებლები ერთდროულად მოუსმენენ აჭარის სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს.
ასევე, ბიუროს წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებასაც, რომელიც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა, ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.
სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისაკენ მოუწოდა.

























