გორის მერია - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამაში სიახლეა

გორის მერია - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამაში სიახლეა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამაში სიახლეა.

მათი ცნობით, ამხანაგობებსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებებს თანადაფინანსების მისაღებად, 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახორციელებელი პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ მოუწევთ.

ამასთან, როგორც გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამის მიხედვით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია გარკვეული კატეგორიის პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მომზადების პასუხისმგებლობას იღებს.

ასეთი პროექტებია: შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; სახურავის რეაბილიტაცია (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; სადარბაზოების რეაბილიტაცია; ეზოების კეთილმოწყობა და საბავშვო მოედნების მოწყობა.

ასევე, გარკვეული კატეგორიის პროექტებისთვის (შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოსაწყობად, ლიფტისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის) თანადაფინანსების მისაღებად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება კვლავ მრავალსართულიანი კორპუსების ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების ვალდებულად რჩება.

გორის მერიის ინფორმაციითვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.