მამუკა გამყრელიძე - ჩვენ თვალწინ ხდება გეოპოლიტიკური რევოლუცია, ევროპის გამოღვიძება, „პუტინიზმის“ კრახი და რუსეთის, როგორც პოლიტიკური ცენტრის რუკიდან გაქრობის პროცესი

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე უკრაინის კრიზისის, ვერსალის სამიტის და ევროპაში ომისშემდგომი საფრთხეების შესახებ საუბრობს.
- როგორ შეაფასებთ, ვერსალში ევროსაბჭოს ქვეყნების ლიდერების შეხვედრას და სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც ევროპის შუაგულში რუსეთი უმძიმეს ომს აწარმოებს, რას ცვლის ეს ომი ევროპის „დღის წესრიგში“?
- ვერსალის სამიტი, რომელიც საფრანგეთში, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში, ემანუელ მაკრონის მასპინძლობით და შარლ მიშელის მოწვევით გაიმართა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ კრიტიკულ დროს, ცხელი ომის ფაზაში, რაც ევროპას სრულიად ახალ რეალობაში ამყოფებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას ჰქონდა შედარებითი სიმშვიდის პერიოდი. მიუხედავად ხანგრძლივი ცივი ომისა არ ყოფილა მწვავე დაპირისპირებები, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტს იუგოსლავიაში, რომელიც ძალიან სწრაფად დამთავრდა. ევროპა იმყოფებოდა ერთგვარი კომფორტის ზონაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ევროპას მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა იძულებით. მიუხედავად ომის საშინელებისა, ამას შესაძლოა პოზიტიური გავლენა იქონიოს როგორც ევროპაზე, ასევე მსოფლიოზე. ჩვენ მომსწრე ვართ ევროპის ახალი არქიტექტურის შექმნის, ყალიბდება სრულიად ახალი ურთიერობები, რაც საჭირო და აუცილებელი იყო. პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხდება გეოპოლიტიკური რევოლუცია. აქამდე მსოფლიოში არსებობდა ოთხი ძირითადი ძალის ცენტრი, ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და რუსეთი, გამომდინარე მათი ბირთვული სტატუსიდან და ისტორიული გავლენებიდან. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ცენტრი პრაქტიკულად რღვეის პროცესშია და მიმდინარეობს რუსეთის, როგორც პოლიტიკური ცენტრის რუკიდან გაქრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო, რუსეთი უკვე დამარცხებულია არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, ასევე იდეოლოგიურადაც. პუტინმა უკრაინაში კრახით დაასრულა ე.წ. მესამე რომის იდეა, რომელიც ივანე მესამესგან მოდის და რომლის აპოლოგეტადაც თვითონ გვევლინებოდა.
რუსეთს დაეხურა ძლიერი სახელმწიფოს ცენტრის პერპექტივა, აუცილებლად მოხდება იმ შესაძლებლობების გადანაწილება, რაც ჰქონდა რუსეთს, სხვა პოლიტიკურ ცენტრებზე, ევროპასა და ჩინეთზე, ასევე თურქეთზე, რომელიც გამოჩნდა როგორც ახალი ძლიერი მოთამაშე, თურქული თურანის იდეის გაძლიერების სახით.
შეიძლება ითქვას, რომ ევროპის განახლება დაიწყო ბრექსიტის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთმა, როგორც ევროპის და სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებელმა ერთეულმა, სრულიად ახალი როლი შეიძინა და გააკეთა განაცხადი, როგორც ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა სახელმწიფომ. ეს გამოჩნდა ახლაც, ომის დროს, როგორც ბრიტანეთის აქტიურობის თვალსაზრისით უკრაინის დასახმარებლად, ასევე ახალი ალიანსის შემოთავაზებით, რაც არის ბრიტანეთის, პოლონეთის, უკრაინის კავშირი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს და მასში თურქეთიც ჩაერთოს. ეს არის ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მოდელი. ბრიტანეთის და თურქეთის სამხედრო და იდეოლოგიური სიძლიერე, ისტორიული კავშირი, გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ეს ორი ქვეყანა ითამაშებს წამყვან როლს მომავალ ევროპაში. უკვე ახალი სახით გვევლინება საფრანგეთი და გერმანია. 2017 წელს ჩვენ მოვისმინეთ მაკრონის პროგრამული სიტყვა, სადაც ის ევროპის ახალ აქტივობაზე და საფრანგეთის, როგორც ლიდერის როლზე საუბრობდა. ასევე ვნახეთ გერმანიის ახალი მთავრობის სრული შემოტრიალება, რაც გამოვლინდა იმითაც, რომ გერმანიამ დამატებით 100 მილიარდი ევროთი დააფინანსა საკუთარი ჯარი. ასეთ სიტუაციაში ევროპის ლიდერების შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის პერსპექტივისთვის და იმ საფრთხეების გასათვლელად, რომელიც ომის შემდგომ დადგება ევროპაში. ევროპა ფხიზლდება, რადგან პირისპირ აღმოჩნდა კრიზისების წინაშე.
- ეს რეალობა იყო ომამდეც თუ ომმა მეტად დააჩქარა პროცესი?
- ომი 2014 წლიდან გრძელდება, მაგრამ ასეთმა ცხელმა ფაზამ, რაც დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დააჩქარა ეს პროცესი. ევროპა დადგა სამხედრო და ბირთვული საშიშროების წინაშე. ძალიან დიდი პრობლემაა დემოგრაფიული საფრთხე, უკვე 2,5 მილიონს მიაღწია დევნილების რიცხვმა და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე ღიად და აშკარად ჩანს ენერგეტიკული საფრთხე, ევროპა იყო რუსეთისთვის მთავარი ბაზარი, მას ეკავა გაზის და ნავთობს 40 % . ომის შემდგომ იქნება ეკონომიკური კრიზისი. რუსეთის ბაზრიდან გავიდა ბევრი ევროპული კომპანია გავიდა, რაც ცხადია დაკავშირებული იქნება დიდ დანაკარგებთან ევროპაში, იქნება სასურსათო კრიზისიც, რადგან უკრაინა, როგორც მარცვლეულის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი, დღეს მთლიანად ამოვარდნილია პროცესიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროპა დადგა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე, რასაც ის უნდა გაუმკლავდეს. ევროპამ დაიწყო ფიქრი საკუთარ უსაფრთხოებაზე სამი მიმართულებით - სამხედრო, ენერგეტიკული და ეკონომიკური. სამიტზე მოხდა შეთანხმება, რომ გაკეთდება დიდი ინვესტიციები სამივე მიმართულებით. ევროპამ უნდა მიაღწიოს მეტ ავტონომიას, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. მაკრონმა შეხვედრამდეც თქვა, ჩვენ ვერავინ დაგვიცავს ვერც ხმელეთზე, ვერც ცაში, ვერც ზღვაში, საკუთარი თავის გარდა. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო, რა თქმა უნდა კარგია და თავდაცვითი პროცედურები ნატოსთან ერთად კვლავ გაგრძელდება, მაგრამ ევროპას უნდა ჰქონდეს მეტი ავტონომია და მეტი დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამის საფუძველი იქნება მცირე, სწრაფი რეაგირების და ავტონომიური გადაწვეტილებების ალიანსები, რომელთა ჩამოყალიბებაც უკვე დაიწყო. უახლოეს ხანებში ჩვენ დავინახავთ ამ ალიანსებში თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მცირე ალიანსის საფუძველია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ახლახან გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებზე აგრესიის პერიოდებში. ეს იქნება ის სტანდარტი, რომელიც გააძლიერებს ევროპის სამხედრო დამოუკიდებლობას. ცხადია, იქნება მნიშვნელოვანი პროექტები ენერეგეტიკული დამოუკიდებლობის და ეკონომიკური მიმართულებით. წლების განმავლობაში არსებულმა უკიდურესად პასიურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან, ევროპა გახადა რუსული გაზის და ნავთობის „მძევალი“. უკვე გაწერილია გეგმა, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ევროპის მთლიანად განთავისულება რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან. ძალიან დიდი ინვესტიციებია დაგეგმილი ეკონომიკის მიმართულებით, რისი გაჟღერებაც ევროპის მხრიდან მოხდება მაისში.
საყურადღებოა ერთი მომენტიც. მნიშვნელოვანია ის სანქციები, რაც დაუწესა ევროპამ რუსეთს. ამ სანქციების შემოღებით ევროპამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ როგორც სახელმწიფოების მეთაურები, ასევე მოსახლეობა, მზაადაა ამ მსხვერპლისთვის, ოღონდ შეაჩერონ რუსული აგრესია.
რამდენადაც ვიცით, რომ პუტინს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სიმბოლოებისადმი, გასათვალისწინებელია რომ 104 წლის წინ, მარტში დაიდო რუსეთისთვის სამარცხვინო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის მიხედვითაც რუსეთს იმპერიის ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩამოაშორეს. პუტინს უნდოდა დაკარგული მიწების შემოერთება და ივანე მესამეს მსგავსად დაკარგული „მიწების შემგროვებლის“ სახელით შესულიყო ისტორიაში. ომის დასრულების შემდეგ პუტინს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება საკუთარ ქვეყნაში. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ფედერალური მოწყობის რუსეთში, რეგიონები მოსკოვს აღიქვავენ, როგორც მეტროპოლიას, საკუთარ თავს კი მის მიერ კოლონიზირებულ პროვინციებად, შესაბამისად, აუცილებლად იქნება ძლიერი ცენტრიდანული მოძრაობა, რომელიც გახდება რუსეთის რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლის საწინდარი.
რაც შეეხება უკრაინას, ამ ხალხა აჩვენა, რომ მათ შეძლეს გმირული ბრძოლა უსამართლო ომში. უნდა ითქვას, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, რაც სავარაუდოდ, მალე უნდა მოხდეს, უკრაინის აღგენაში მონაწილეობას მიიღებს მთელი მსოფლიო. ამერიკამ უკვე გამოყო 16 მილიარდი დოლარი, ასევე დიდი ინვესტიციები ჩაიდება უკრაინაში ევროპიდან, როგორც ითქვა, შეიქმნება „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმა და ჩვენ ვიხილავთ ახალ უკრაინას, ქვეყანას, რომელიც იქნება ლიდერი სახელმწიფო არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
























