აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად იმყოფებოდა.
„უკრაინის დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების დასახმარებლად, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყო.
პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
ჰუმანიტარული ტვირთი სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























