ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ". დარბაზში ხმაური, ენმ-ს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილ ღია წერილს მოჰყვა. ისინი თავმჯომარისგან, ხუთი საკითხის განხილვას ითხოვდნენ, მათ შორის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციას, სახელფასო ფონდის შემცირებას და ბოტანიკური ბაღში შესვლაზე დაწესებული გადასახადის გაუქმებას. მათ სხდომა მას შემდეგ დატოვეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, ღია წერილს ხელი არ მოაწერა.
ღია წერილს საკრებულოს თავმჯდომარემ ულტიმატუმი უწოდა.
„საჯარო სამსახურს პერიოდულად ოპტიმიზაცია სჭირდება, შეიძლება რეორგანიზაციაც დასჭირდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ულტიმატუმის სახით წამოყენებული წინაპირობები. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ყველა წინადადების, ყველა ჯანსაღი წინადადების განხილვაში, რომელიც ნაკარნახები იქნება მუნიციპალიტეტის, საზოგადოების და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების ინტერესებით“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
„ქართული ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ღია წერილში აღნიშნული საკითხების დიდი ნაწილი საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის.

























