იმერეთიდან უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი გაიგზავნა

იმერეთიდან უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება განხორციელდა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მოსახლეობისთვის დახმარების აქცია მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთში, ზვიად შალამბერიძის თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მას მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
"დღეს იმერეთიდან უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი იგზავნება. ეს არის დაახლოებით 40 ტონა ტვირთი. მეორე ეტაპზე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნახევარი მილიონი ლარით შევიძენთ მედიკამენტებს და საველე ჰოსპიტლის აღჭურვილობას, რომელიც ახლა ძალიან სჭირდებათ უკრაინაში.
საქართველო დგას უკრაინის გვერდით და მხარს უჭერს მას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისის მერიის ცნობითვე, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევდა, პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.
ამასთან, უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში იმართება, მასში აქტიურად არიან ჩართულები როგორც საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორი და მოსახლეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

























