„ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს და რამდენიმე საკითხის განხილვას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოს სრულ დაკომპლექტებამდე გიორგი გახარიას პარტიამ, რომლის წევრიც არის საკრებულოს თავმჯდომარე, რამდენიმე საკითხზე უნდა იმსჯელოს, მათ შორისაა საკრებულოს აპარატის და მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, კერძო აუდიტის მოწვევა, სახელფასო ფონდის შემცირება და ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული ტარიფის გაუქმება.

„მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პოზიციაზე, მხარი დავუჭირეთ გიორგი გახარიას კანდიდატურას. ერთადერთი მოტივით, აგვეცილებინა კრიზისი.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვაცხადებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ყველა პრივილეგიაზე, მათ შორის სახელმწიფო ავტომობილებით სარგებლობაზე, საწვავზე, სატელეფონო და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე. ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, რომ ავიღოთ მზაობა მუნიციპალიტეტის მართვაზე, მაგრამ ვთვლით, რომ ჩვენი პოზიცია ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ.

მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია დაკომპლექტებამდე ჩვენ გვქონდეს კითხვებზე საჯაროდ პასუხი საკრებულოს თავმჯდომარისგან და გახარიას პოლიტიკური გუნდისგან, რადგან იმ საკითხებზე მსჯელობის და იმ საკითხების გადაწყვეტის გარეშე ვფიქრობ საკრებულოს მუშაობას არ ექნება არანაირი დადებითი ეფექტი ზუგდიდელებისთვის.

ეს საკითხებია:

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის სრული რეორგანიზაცია, საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნა და არაპოლიტიკური ნიშნით;

ზუგდიდის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია. ჩვენ ვითხოვთ, დროებით სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შედგება საკრებულოს წევრებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, კერძო აუდიტის მოწვევა, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს ობიექტურ დასკვნას ზუგდიდის ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე, საშტატო შემადგენლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე და სახელმწიფო შესყიდვებზე;

ზუგდიდის ბიუჯეტში სახელფასო 22 მილიონიანი ფონდის შემცირება და დაზოგილი თანხის სოციალური, ინფრასტრუქტურული და განათლების პროექტებისკენ მიმართვა;

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის საფასურის გაუქმება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები და ჯერ არ აურჩევიათ.