ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2022

ევროპა საგანგებო გადაწყვეტილებებისთვის იკრიბება - “ამ სამიტზე მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე გავხდებით”

გეოპოლიტიკური კატასტროფა - ადამიანთა მასობრივი გადაადგილება დაიწყო

* * *

ევროპა საგანგებო გადაწყვეტილებებისთვის იკრიბება - “ამ სამიტზე მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე გავხდებით”

“ევროპული ლიდერების შეხვედრა საფრანგეთში, ვერსალში 10-11 მარტს გაიმართება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს იწვევს, სადაც განხილვის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები იქნება. ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. რუსულ ბუნებრივ რესურსებზე ენერგოდამოკიდებლობის შემცირებასა და ეკონომიკური ფუნდამენტის გაძლიერებაზე. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა საგანგებო გადაწყვეტილებებისთვის იკრიბება - “ამ სამიტზე მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე გავხდებით”.

“რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში. ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. რუსეთი უკრაინელ მოსახლოებას წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს. ჩვენ ვაქებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი ავლენენ მათი ქვეყნის დაცვისას. უკრაინასთან ერთად, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია”, - წერს შარლ მიშელი თავის წერილში. სამიტამდე განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა და ევროპა ისტორიის ახალ ეპოქაში შედის. მისი თქმით, ევროპელებმა უნდა შეძლონ გაუმკლავდენენ გამოწვევებს, რომელსაც რუსეთი ქმნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინს ეგონა, რომ ევროპა ზედმეტად სუსტი და დაყოფილია. დამოკიდებულია მის გაზზე. მას ეგონა რომ აშშ და ევროპა ისე არ გაერთიანდებოდა როგორც შევძელით. მას ეგონა, რომ მისი არმია უკრაინას ერთ დღეში აიღებდა, კიევს აიღებდა და მარიონეტულ მთავრობას დასვამდა. ეს ყველაფერი ასე არ წავა. ეს ომი გაგრძელდება და მოგვიწევს შედეგიანი გამკლავება. ჩვენ გვჭირდება ჭიპლარის გადაჭრა, რომელიც გვაკავშირებს რუსეთის ეკონომიკასთან”, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, პუტინი ელოდება როდის გადადგავს ევროპა უკან ნაბიჯს, ეცდება ევროპის გამოცდას, რასაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ევროპამ”, - განაგრძობს გამოცემა.

“პუტინის შეჭრამ ჩვენ კონტინენტზე გააჩინა ისეთი საფრთხე, რომელიც არ გვინახავს 1939 წლის შემდეგ. რუსეთის ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან განსხვავებული იქნება. ასევე განსხვავებული იქნება უსაფრთხოების მიმართ ევროპელების მიდგომა. ევროკავშირმა უსაფრთხოების კუთხით ბოლო ორ კვირაში ბევრი რამ შეცვალა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. სანქციების დაწესების კუთხით, ევროკავშირმა იმოქმედა საგანგებო რეჟიმში და აჩვენა ერთიანობა, რაც პუტინისთვის და მსოფლიოსთვის მოულოდნელობა იყო. ჩვენ ვიმოქმედებთ, როგორც გეოპოლიტიკურმა კავშირი, რუსეთი ელოდება, რომ მალე უკან გადავდგამთ ნაბიჯს, პუტინი ეცდება ჩვენს გამოცდას და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ”, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას”, - დასძენს გამოცემა.

“რა მოლოდინები აქვთ ქართველ ანალიტიკოსებს ვერსალის სამიტიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. “ასეთი მაღალი დონის შეკრება იგეგმება მაშინ, როცა პრინციპული საკითხებია გადასაჭრელი. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, მსოფლიო ყირაზე დადგა, ამ აგრესიის ფონზე მოსაფიქრებელია როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, როგორი უნდა იყოს დასავლეთის მიდგომები. “შესამუშავებელია ერთიანი პოზიცია, საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, ამ სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საზოგადოება კი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე გავხდეთ”, - განაცხადა მენაღარიშვილმა. პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე აცხადებს, რომ არაფორმალური სამიტის ფორმატში საკითხები, რომელიც იქნება გახილული, სხვადასხვა სიმწავისაა, განსაკუთრებულად კი ეკონომიკის თვალსაზრისით”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამიტის დღის წესრიგში დგას სხვადასხვა საკითხი, ეკონომიკური და პოლიტიკური. ეკონომიკური თვალსაზრისით საკითხების განხილვა არის დროული და სასწრაფო, რადგან ყოველდღე იცვლება სიტუაცია. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, უშუალოდ ევროპის სხვა ქვეყნებს, გარდა უკრიანისა საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ საჭიროა ერთიან მიდგომა და იმედია, არაფორმალურ სამიტზე ევროპელი ლიდერების მიდგომა იქნება ერთიანი” - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებლია, რომ სამიტის მთავარი თემა იქნება, რა ტიპის ზეგვლენა მოახდინონ რუსეთზე, ამისთვის, მისი თქმით, კონკრეტული ტაქტიკა უნდა შემუშავდეს. მისი თქმით, “სამიტის მთავარი თემა იქნება, რა ტიპის ზემოქმედება უნდა მოახდინონ რუსეთზე. ერთია სანქციების მიღება და მეორეა როგორ ამოქმედდება ეს სანქციები, როგორი იქნება შედეგი; ამიტომ, კონკრეტული ტაქტიკა უნდა იყოს შემუშავებლი, ენერგეტიკის, თავდაცვის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მიიღებენ” - დასძენს სტატიის ავტორი.

გეოპოლიტიკური კატასტროფა - ადამიანთა მასობრივი გადაადგილება დაიწყო

“ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი სხვადასხვა ინტენსივობით კიდევ რამდენიმე კვირას მაინც გაგრძელდება. ორი კვირის თავზე საომარ მოქმედებებს გლობალური მასშტაბით მოჰყვა ის შედეგი, რომ ევროპაში ლტოლვილთა მასშტაბური კრიზისი დაიწყო. კრიზისის დაწყების ნიშნები უკვე იკვეთება ეკონომიკური კუთხითაც. ექსპერტების აზრით, მიმდინარე პროცესების ჯერჯერობით სარკისებური ასახვა საქართველოში არაა, თუმცა, ფაქტია, რომ დაპანიკებულმა მოსახლეობის ნაწილმა სხვადასხვა პროდუქტის დაგროვება დაიწყო, ამან კი ზოგიერთი მაღაზიის თაროებიდან პირველადი მოხმარების პროდუქტები გააქრო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გეოპოლიტიკური კატასტროფა - ადამიანთა მასობრივი გადაადგილება დაიწყო.

“ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთზე გაზისა და ნავთობის შეძენის შეწყვეტის ფაქტორმა იმოქმედოს, თუმცა, ომი სხვადასხვა ინტენსივობით მაინც შეიძლება გაგრძელდეს. “მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოლაპარაკებების რაღაც ფორმატის შექმნას ცდილობენ, ვთვლი, რომ ომი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. არსებული მოლაპარაკებების ფორმატი სერიოზული არაა, რადგან განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან არასერიოზული დელეგაციაა. რომ გითხრათ უკრაინის მხრიდანაც ისეთი დელეგაციაა, რომ დედა ეს რა ვნახეო, არც ასე არაა. „მნიშვნელოვანია ლავროვისა და კულებას ანტალიაში სავარაუდო შეხვედრა. როგორც ჩანს დასავლეთი ერთის მხრივ უკრაინას ეხმარება, მეორეს მხრივ ზეწოლასაც ახორციელებს ზელენსკიზე, რომ მან რაღაც მოლაპარაკებების ფორმატი შექმნას და რაღაცა დათმოს”, - ამბობს არეშიძე, რომლის აზრით, “დასავლეთში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ თვლიან, რომ თუ ზელნსკი რამეს დათმობს, დათმობს რუსეთიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეჭვი მეპარება, რომ პუტინის ხელისუფლებამ რამე დათმოს. შესაძლოა რუსებზე ერთადერთმა ფაქტორმა იმოქმედოს, ესაა ენერგომატარებლების შესყიდვის შეზღუდვა, მაგრამ, ომი სხვადასხვა ინტენსივობით ყველა ვარიანტში მაინც გაგრძელდება. პუტინისთვის კიევის დაკავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თან ნაკლები ნგრევების ხარჯზე, მაგრამ უკრაინელებს ისეთი ტიპის ზღუდეები აქვთ აშენებული, რომ ნგრევების გარეშე ეს არ გამოვა. პუტინს რუსეთის მიოსახლეობისთვის კიევის დანგრევის ახსნა უჭირს და მათ პროპაგანდისტულ არხებს რომ დავაკვირდეთ, იგრძნობა, რომ ამას თავს არიდებენ. თუმცა, დასავლეთის ზე ამოცანას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებას გულისხმობს, მაშინ როგორც ჩანს რუსეთი კიევის დანგრევასაც არ მოერიდება. ერთის მხრივ უნდათ, რომ ეს ომი სწრაფად დამთავრდეს, მეორეს მხრივ უაღრესად დასუსტებული რუსეთი უნდათ, რომელიც დასავლეთის მიმართ ლოიალურად იქნება განწყობილი და ჩინეთთან დაპირისპირების საქმეშიც სავარაუდო მოკავშირე იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“საქართველოს რაც შეეხება, აქ ეკონომიკური ფაქტორები მუშაობს. ჩვენ გვინდა თუ არა გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკაზე ვართ მიბმულები. ამაში დამნაშავე მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებები არაა. დასავლეთის შემრიგებლურმა პოლიტიკამ და იმის თქმამ, რომ რუსეთთთან საერთო ენა გამონახეთ და ეკონომიკური კავშირები შექმენითო, (ეს ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი) დღეს კი გვსაყვედურობენ, ასევე ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენის უქნარობამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულად ვართ მიბმულები. ამიტომაც რუსეთში რა კატაკლიზმაც ხდება, ის ჩვენზეც მოქმედებს. რეგიონიც ასეთია, გვერდით გვყავს ინფლაციაში ჩაძირული თურქეთი, აქ რუსეთი არაფერ შუიაშია, ეს მისი ამბიციური სამხედრო პოლიტიკური სურვილების ბრალია. ასევე ომით გათანგული სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლის ვექტორი ბუნდოვანია. მოკლედ, არის რეგიონალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კონტექსტშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებიც არიან და საკმაოდ ბევრნიც, უამრავმა ჩემმა ახლობელმა მიიღო. მათ ასევე ბელარუსიდანაც მიიღეს ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდო ჯარში გაწვევას აქ თავს აფარებენ. ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული ისედაც 5 ათასი ბელარუსი იყო გამოქცეული, ამას ერთი იმდენი დაემატა, პლუს უკრაინელები და რუსები. რუს შემომსვლელებს შორის ბევრი კავკასიელია, რომელმაც უბრალოდ საზღვარი გადალახა და მერე სადღაც წავიდნენ. ჩვენ ახლა გეოპოლიტიკური კატასტროფის მოწმენი ვართ და ამ კონტექსტში ადამიანების გადაადგილება უკეთესი ადგილის საპოვნელად ხდება ხოლმე, ეს ელემენტარულია. იმის თაობაზე საუბარი, რომ რუსები შემოვიდნენ და მაღაზიებში პროდუქტის გაქრობა და ლარის კურსის განსაკუთრებული ცვლილება გამოიწვიეს, ეს სწორი არაა, ჯერ ერთი ხელისუფლება კეთილი უნდა ენება, ყველაფერი უნდა გაეთვალა და ლარის კურსზე ეზრუნა”, - განმარტავს არეშიძე,

“შესაძლოა ამ ნაკადმა ლარის კურსის ვარდნას რაღაცნაირად ხელი შეუწყო, რადგან დიდძალი ვალუტა შეიძინეს, მაგრამ, მეორეს მხრივ სერიოზული სახელმწიფოსთვის ეს ნაკადი ისეთი არაა, რომ ყველაფერი დაანგრიოს. მოცემულობა ასეთია, რომ ეკონომიკურად სერიოზული დარტყმების რეჟიმში ვართ, ფინანსურადაც ასეთი. პლიუს გაქვს გაუცხოვების ფაქტორიც. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის რუსული პასპორტებით შემოსული ადამიანები მიუღებლები არიან. ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური ფონი იყო, პლუს სუსტი ეკონომიკა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც უკეთესი მდგომარეობა არაა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და იმ უზარმაზარი ნაპრალისა, რომელიც საზოგადოებასა და პოლიტიკაში არსებობს, საზოგადოებას მინდა ვურჩიო, რომ დამშვიდდნეს და გონს მოვიდნენ, რადგან ასეთი ანტაგონიზი არ შეიძლება არც ერთმანეთის და არც მათ მიმართ ვინც აქ ჩამოვიდნენ”, - დაასკვნის არეშიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა ომი ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ამასთანავე რუსეთზე ზეწოლაც სანქციების თვალსაზრისით გაგრძელდება, რაც ახალ-ახალი ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს წარმოშობს. “ჩემი აზრით შესაძლოა ომი ერთ თვეზე მეტხანსაც გაგრძელდეს, რადგან უკვე ორი კვირაა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და არცერთი მიმართულებით რუსეთს ჯერჯერობით სერიოზული წარმატებისთვის ვერ მიუღწევია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ომს გააგრძერლებს. ამასთანავე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა და მსოფლიო ეკონომიკიდან მისი იზოლირება გაგრძელდება. მეორეს მხრივ გაგრძელდება უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებაც, რაც უკრაინულ ჯარებს უფრო ბრძოლისუნარიანს გახდის”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ასევე ისინი რუსეთთან ბრძოლის გარკვეულწილად წარმატებულად გამოცდილებას იღებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ასე რომ, ეს დაპირისპირება საკმაოდ ხალნგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს. ომის თითოეული დღე ადამიანების დანაკარგთანაა დაკავშირებული, ამას კი ახალ-ახალი ეკონომიკურ და სოციალური პრობლემები ემატება. მიმდინარე პროცესებზე ჯერჯერობით სარკისებური ასახვა საქართველოში არაა, მაგრამ უკვე იგრძნობა ის, რომ თუნდაც ლარის კურსი დაეცა. კი ბატონო, შესაძლოა ეს აჟიოტაჟის გამო იყოს, მაგრამ ჩემი აზრით დოლარი სამ ლარს ვერ დაუბრუნდება. ჩვენთან უფრო ეკონომიკური კრიზისები წარმოიშობა. უკრაინაში რუსეთის წარმატებული სვლა რომ ყოფილიყო, რეალური იქნებოდა ის, რომ რუსეთს ჩვენთანაც იგივე ულტიმატუმები წამოეყენებინა, მაგრამ ამ ეტაპზე არა მგონია, რომ რუსეთს ამ მიმართულებით ჩვენთვის ეცალოს. ამასთანავე რუსეთიდან ლტოლვილთა ნაკადი გაიზრდება, ოღონდ ხელისუფლემაბ ამის კონტროლირება აუცილებლად უნდა მოახდინოს. ამასთანავე, ალბათ გართულდება სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ეს პირდაპირ იქნება მიბმული იმაზე, რომ რუბლის კონვერტაცია ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება იმ მარაგების გამო, რაც რუსეთს აქვს, რუსეთს კი ძალიან ცოტა მარაგი დარჩა იმისთვის, რომ რუბლის კურსი როგორმე დაიჭიროს, მით უმეტეს ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებიც კი გაუყინეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“უფრო ეკონომიკურ პრობლემებს ველოდები, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება. ჩავთვალოთ, რომ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები თითქმის განულებულია. საომარ ვითარებაში ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ეს სწრაფად აღდგეს. მძიმე ვითარებაა რუსეთთანაც, მათთან ვაჭრობაში ალბათ უფრო ბარტერის ვარიანტი იქნება, ვიდრე ცივილური სავაჭრო ურთიერთობები. ოღონდ ეს ეკონომიკური ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან და კოალიციასთან სრული კოორდინაციით და მათი თანხმობის პირობებში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გაცილებით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ”, - დასძენს ძაბირაძე.