გიორგი შენგელაია - პარტიის დაარსების მიზანი არსებულ ხელისუფლებასთან ბრძოლაა

„საქართველოს ვაზის პარტიის“ მიზნებთან დაკავშირებით დღეს პირველი პრესკონფერენცია გაიმართა.

; როგორც პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე გიორგი შენგელაიამ განაცხადა, პარტიის დაარსების მიზანი არსებულ ხელისუფლებასთან ბრძოლაა.

;მისი თქმით, “საქართველოს ვაზის პარტია“, რომელშიც ინტელიგენცია გაერთიანდება, ამ ეტაპზე რადიკალური ოპოზიციის გვერდით დგას და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

;სამომავლო გეგმა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია დიალოგთან დაკავშირებით.

;შენგელაიას განაცხადებით, პირადად მისთვის არსებულ ხელისუფლებასთან საუბარი წარმოუდგენელი და შეუძლებელია, თუმცა, თუ ოპოზიცია ამას გადაწყვეტს, იგი თანახმაა ამ გადაწყვეტილებას შეუერთდეს.

;“ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა თქვა, რომ ჩვენ მონარქები სცენაზე მდგომი მსახიობებივით ვართ, ჩვენს პერანგზე მცირედი ლაქაც კი კარგად ჩანსო. ჩვენს პრეზიდენტს კი ტანსაცმელი სავსე აქვს ლაქებით. ჩვენ სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ”, - განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

;როგორც მან აღნიშნა, იგი გეგმავს პარტიაში მიიზიდოს ინტელიგენცია სხვადასხვა სფეროებიდან.

;არსებული ხელისუფლების გადადგომის შემთხვევაში, “საქართველოს ვაზის პარტია” მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტიას დაგეგმილი აქვს იბრძოლოს დემოკრატიის აღსადგენად, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

;გიორგი შენგელაიას განმარტებით, “საქართველოს ვაზის პარტია” ყრილობაზე მიმდინარე წლის 22 მარტს დაფუძნდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან რეგისტრაციაზე ოფიციალური დასტური რამდენიმე დღის წინ მიიღო.; პარტია მომავალში აქტიურად გეგმავს მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.