ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მორიგი ინიციატივით, რეგიონში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა.

გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დოკუმენტის თანახმად, დღეიდან ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამ პროცესის გამარტივება ხელისუფლების მთავარი ამოცანაა.

„ფარმაცევტულ კომპანიებთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, თითოეული ბენეფიციარი, რომელიც მუნიციპალიტეტს მედიკამენტების დაფინანსებაზე მიმართავს, მთელი კვირის განმავლობაში ხარჯთაღრიცხვას საშეღავათო პირობებით მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამ პროცესის გამარტივება ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა - ზუსტად ეს მემორანდუმი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, ქვემო ქართლის რეგიონში, თითოეულმა მოსახლემ მეტი საშეღავათო პირობებით ისარგებლოს,“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის - ,,ავერსი - ფარმა“ ,,პსპ ფარმა“, ,,ფარმადეპო", ,,გეფა“, ,,ინპექსფარმი“ და ,,კალანდაძეს“ წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.