„სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს“ - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა

უკრაინის მხარდასაჭერად, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, ქუთაისში აქცია გაიმართა. „სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს“ - ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციას შეუერთდნენ აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა თქმითაც, კარგად იციან, რა ხდება უკრაინაში.
სპეციალურად ამ აქციაში მონაწილეობისთვის აქტივისტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ.
„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, ვიცით, რას ნიშნავს მშობლიურ მიწაზე რუსული ოკუპაცია და გვერდით დგომა, ამ დროს ყველაზე დიდი ძალაა. ამიტომ შევიკრიბეთ და სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელებს.
ქალთა ფონდის სახელით მზად ვართ, არა მარტო სიტყვით, მორალური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ტვირთებით და ფინანსურად დავეხმაროთ უკრაინელ ქალებს და ბავშვებს. ჩვენ ვიზრუნებთ მათზე, როგორც გმირი ერის დედებზე, გმირი ერის ღირსეულ მომავალ თაობაზე", - განაცხადა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელმა ეკატერინე გამახარიამ.

























