ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკრაინის მოქალაქეების დახმარებისთვის, ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეებს მადლობას უხდის

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მერიის შენობაში უკვე რამოდენიმე დღეა გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.
ამასთან, უკრაინის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს თბილი ტანსაცმლის, არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების მოტანა შეუძლია.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
„უკრაინასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მერიის შენობაში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც უკვე რამოდენიმე დღეა მოაქვთ ტანსაცმელი თუ პროდუქტი. ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო ძალიან ბევრი ადამიანი, გასაგზავნ ტვირთს აგროვებენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ კეთილ და ჰუმანურ საქმეში“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

























