ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია აქტიურად მიმდინარეობს

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია აქტიურად მიმდინარეობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში უკრაინის მხარდასაჭერად და სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში მოსახლეობა, ბიზნესის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ. უკრაინელთა დასახმარებლად განკუთვნილ ტვირთი „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში" (ტურიზმის ცენტრში) გროვდება.

ამასთან, ჰუმანიტარული აქციისთვის ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო. შექმნილია საგანგებო ფონდი, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები.

„უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ამ საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში. დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები თანხას რიცხავენ საგანგებოდ შექმნილ ფონდში. ეს აქცია გაგრძელდება იქამდე, სანამ უკრაინელ ხალხს ჩვენი დახმარება დასჭირდება. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.