ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2022

ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოს ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეაქვს

ყველაზე მძიმე გზავნილი პუტინისათვის - ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე “ნადირობის სეზონი” გამოაცხადა

“დივერსანტებს ზელენსკის შტაბის ლიკვიდაცია აქვთ დავალებული” - ბოლო ინფორმაცია ბრძოლების შესახებ

* * *

ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოს ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეაქვს

“გადაწყვეტილება მიღებულია - “ქართული ოცნება” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოთხოვნას ხვალ წარადგენს. “ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ, რომ საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოს ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეაქვს.

“ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმით, “2024 წელს ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ”, - თქვა ირაკლი კობახიძემ. ის “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას მტრობს და ღალატობს, მმართველი გუნდი კი არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება მოღალატეების სცენარს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. ომსა და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობით ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომელიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენი მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს”, - განმარტა ირაკლი კობახიძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ხელისუფლებამ რა ახსნა-განმარტებებიც არ უნდა გააკეთოს, ოპოზიციისთვის მაინც მიუღებელი იქნება. უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ვისაც რა დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს, ადგილობრივი პოლიტიკოსები აშკარაა, რომ ამ ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ”, - დასძენს გამოცემა.

“ამ დღეებში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უკრაინის თემით საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ომის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მორალურად წარმოუდგენელია. თუმცა, საზოგადოებაში ეს დამოკიდებულება როგორც ჩანს გაჩნდა და ამიტომ დღევანდელი აქცია რასაც ოპოზიცია გეგმავდა, გაუქმდა. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, რათა ახალგაზრდების პატრიოტულ განწყობებზე ითამაშონ. ამას ადგილი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, იქ მკაფიოდ არის გაკეთებული, რომ საქართველოში “ვი-თი-ბი” ბანკის გარდა სხვა რუსული აქ არ მუშაობს, ამიტომ ბანკიც საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით მოქმედებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რაც შეეხება სხვა ხაზით სანქციების დაწესებას, ეს ძალიან აბსურდია. ჯერ ერთი რა ბერკეტი გვაქვს, რომ რუსეთს ფინანსური სანქციები დავუწესოთ. ასეთი გადაწყვეტილება რუსულ ბაზარს ნულოვან ზიანს მიაყენებს. ჩვენ კი საკმაოდ დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებთ. ჩვენი ბაზარი რუსულ ბაზარს საკმაოდ მჭიდროდ არის მიბმული. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შეტანას, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ყველაფერი ახლა ევროკავშირის პასუხზე იქნება დამოკიდებული. ვიდრე არ გავიგებთ იმას, თუ ევროკავშირს ჩვენს განცხადებაზე რა პასუხი ექნება, ამაზე საუბარი წინასწარ რთულია. უკრაინამ ომის და სისხლის ფასად მოიპოვა, რომ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მიღება დაჩქარებულიყო, ესეც მოხდა. თუმცა, რეზოლუციის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ეს სტატუსი უკვე მიენიჭა. ამას საკმაოდ დრო სჭირდება. ჩვენთან მიმართებაში ვფიქრობ, ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ რა პროგრესსაც მიაღწია ევროკავშირთან ურთიერთობაში გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთო. ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უკრაინის ვაგონს შევახტეთ. საქართველომ მსხვერპლი გაიღო და ალბათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს უნდა შევახსენოთ, რომ ეს მსხვერპლი 2008 წელს გავღეთ და ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით“, - დაასკვნის ანჯაფარიძე.

ყველაზე მძიმე გზავნილი პუტინისათვის - ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე “ნადირობის სეზონი” გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტის კონგრესში გამოსვლის მთავარი თემა უკრაინა იყო, მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა და პირობა დადო, რომ ვლადიმერ პუტინი ამისთვის მძიმე საფასურს გადაიხდის. ანალიტიკოსების თქმით, ბაიდენის მთავარი გზავნილები რუსი ოლიგარქების მისამართით გაკეთებული განცხადება და საჰაერო სივრცის დახურვა იყო. აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მოქალაქეების უშიშრობასა და გამბედაობას მიესალმა. მისი თქმით, პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, რისთვისაც საფასურს გადაიხდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე “ნადირობის სეზონი” გამოაცხადა - “ეს პუტინისათვის ყველაზე მძიმე გზავნილი უნდა იყოს”.

“ვლადიმერ პუტინმა განიზრახა თავისუფალი სამყაროს საფუძვლების შერყევა, მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. მას ეგონა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა. ამის ნაცვლად, ის შეხვდა სიძლიერის კედელს, რომელსაც არასოდეს მოელოდა ან წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს. პუტინის უკრაინაზე თავდასხმა წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან უარი თქვა დიპლომატიაზე. ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა. პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით. პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერი მასწავლებლებით დამთავრებული, სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებად გადაიქცა. მოდით, თითოეული ჩვენგანი ამ დარბაზში ფეხზე წამოვდგეთ და უტყუარი სიგნალი გავუგზავნოთ უკრაინას და მსოფლიოს...” - თქვა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ ოლიგარქები და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკები. მათი დანაშაულების გამოსაძიებლად კი შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რუსული იახტების, თვითმფრინავების, აპარტამენტების ჩამორთმევის მიზნით იმუშავებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ სასტიკი რეჟიმით მილიარდობით დოლარი მოიხვეჭეს - დასრულდა! ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და ჩამოვართვათ მათი იახტები, ძვირადღირებული აპარტამენტები, კერძო თვითმფრინავები. მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერ შემოსავლებს”, - განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ის საჰაერო სივრცის გამოყენება აეკრძალებათ, რაც რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს. როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი” კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ბაიდენის მთავარი გზავნილი მაინც რუსი ოლიგარქების მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადება იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ოლიგარქებს დაემუქრა. ეს ნიშნავს, რომ მათზე მთელს დასავლურ სამყაროში მართლაც წერტილოვანი დარტმები დაიწყება. ამის მიზანი კი ისაა, რომ ოლიგარქებზე ზეგავლენა მოახდინონ, რადგან შემდეგ მათ იფიქრონ თუ ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ. ქვეყნის შიგნიდან მოხდეს ის, რომ თავად ოლიგარქები და პუტინი ამაზე დაფიქრდნენ. ბაიდენის მხრიდან რუსეთის მისამართით საკმაოდ ხისტი განცხადებები იყო. როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამერიკა იყო დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აქამდე დარჩენილი იყო, ეს დროის საკითხიც იყო, ამას ყველა მოელოდა, რა თქმა უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“დაწესებულმა სანქციებმა საომარი მოქმედებები ვერ შეაჩერა, მაგრამ თავად რუსეთის ეკონომიკაზე მცირე დროში უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა - რუსეთში სანქციებს უკვე შედეგი აქვს, მაგრამ, მისი მიზანი გათვლილია იმაზე, რომ შედეგები საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გამოავლინოს. მოკლევადიანში დიდი მოლოდინი არც იყო, მაგრამ ახლა ჩანს, რომ მოკლევადიანშიც დიდი გავლენა აქვს, იგივე ბირჟებზე, რუბლის კურსზე. თუ მოვლენები არასასურველი სცენარით წავიდა, არაა გამორიცხული, რომ ამ სანქციებს კიდევ დაუმატონ. თუ დასავლეთი ამ რეჟიმს რამდენიმე ხანი შეინარჩუნებს, როგორც ცივი ომის დროს იყო, ამ ყველაფერს რუსეთის ეკონომიკა ასე ადვილად ვერ გადალახავს და დაცემას გამოიწვევს. უკვე ვხედავთ, რომ ამისი ნიშნები არის. რუსეთი ვერ შეძლებს იმას, რომ მსოფლიოსგან დიდი ხნით იზოლირებული იყოს, ვერ შეძლებს ვერც ტექნოლოგიურად, ვერც ეკონომიკურად, ვერც სავაჭრო ურთიერთობებისა და იმის ფონზე, რომ მათგან ნავთობს და გაზს არავინ არ ყიდულობს. ასევე ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ თვითონ უკრაინაში მოვლენები როგორ განვითარდება”, - დაასკვნის კაკაჩია.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი მაინც ის აპლოდისმენტები იყო, რომელიც ამერიკაში უკრაინის ელჩს და უკრაინელებს მიუძღვნეს - რამაც პუტინი წესით სერიოზულად უნდა დააფიქროს. “როგორც ამერიკამ მკაფიოდ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთმა უკრაინის დაჩოქება ვერ შეძლოს. ახლა კონგრესში ბაიდენს ახალი არაფერი გამოუცხადებია, თუმცა, აშშ-ის გზავნილი კიდევ უფრო მძლავრად იქნა გაჟღერებული. ის რომ უკრაინის ელჩს ამერიკაში, რომელიც პირველი ლედის გვერდით იჯდა, მთელი კონგრსი და სენატი წამოუდგა და დიდი ხნის განმავლობაში აპლოდისმეტებს უძღვნიდა, მე თუ მკითხავთ, ეს ბატონი პუტინისათვის ყველაზე მძიმე გზავნილი უნდა იყოს”, - ამბობს მენეღარიშვილი, რომლის აზრით, “თუ პუტინს კეთილგონიერება ოდნავ შერჩენია, გონზე უნდა მოეგოს, თუ არა და თავის თავს უნდა დააბრალოს რაც მოხდება”, - დასძენს გამოცემა.

“ამერიკამ ფაქტიურად ყველაფერი გამოაცხადა, რაც ეხება რუსეთის ეკონომიკას მისი პოლიტიკური კლასისა და ელიტის ცხოვრებაზე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უმძლავრესი ინსტრუმენტებია. ევროპამ რომ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა, ამით უკვე პრაქტიკულად რუსეთის დასავლეთის მიმართულებიდან მოწყვეტა შედგა მსოფლიო კომუნიკაციებთან. უფო მეტიც, ამერიკას საჰაერო სივრცის დახურვა სულ რომ არ გამოეცხადებინა, როგორც ირკვევა რუსეთი პრაქტიკულად თვითმფრინავების გარეშე რჩება, რადგან ის თვითმფრინავები, რომლითაც რუსული კომპანიები საერთაშორისო რეისებს აკეთებენ, ყველა ლიზინგით იყო მიღებული და ამ ლიზინგის ირლანდიურმა კომპანიამ პრაქტიკულად ყველა თვითმფრინავი უკან გაიწვია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ასე რომ, ცოტა ხანში რუსეთს უბრალოდ თვითმფრინავებიც აღარ ეყოლება, რომ იფრინოს. ეს კი სრული კატასტროფაა რა თქმა უნდა. სანქციების შედეგი იქნება ის, რომ რუსეთმა აგრესია უნდა შეწყვიტოს, ჯერჯერობით ამის სიგნალი არ ჩანს, მაგრამ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე რეალური ეფექტი, რომ აქვს ეს ფაქტია. შეხედეთ რა ღირს დოლარი რუბლებში, გაუგონარი ციფრებია. ეკონომიკა კრიზისშია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაფერი მაშინ შეიძლება შეჯამდეს, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ასე რომ, ბატონმა პუტინმა ომი ფაქტიურად საკუთარ ქვეყანასთან დაიწყო და მემგონი ამ ომში რუსეთი მარცხდება კიდევაც”, - მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი.

“დივერსანტებს ზელენსკის შტაბის ლიკვიდაცია აქვთ დავალებული” - ბოლო ინფორმაცია ბრძოლების შესახებ

“უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 დღეს დიდი ქალაქები კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. რუსი ოკუპანტები დედაქალაქ კიევის აღებას კვლავ ვერ ახერხებენ. გადამწყვეტი ბრძოლები კიევისა და ხარკოვის მისადგომებთან მიდის. სახმელეთო ბრძოლებს კვლავ უკრაინა იგებს. თუმცა საჰაერო სივრცეს რუსეთი თითქმის მთლიანად აკონტროლებს. ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინა შეტევაზე გადადის - განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა და ითქვა, რომ თუ აქამდე უკრაინის ჯარი თავდაცვის რეჟიმში იყო, ახლა გადამწყვეტ კონტრშეტევაზე გადადის. ამ დრომდე მიმდინარეობს საჰაერო და საარტილერიო შეტევა ხარკოვზე, საოკუპაციო ძალები შევიდნენ ხერსონში, კიევი კი ისევ იბომბება. ლვოვში კი პერიოდულად განგაშის სიგნალი, თუმცა, როდესაც განგაშის ხმა წყდება რიგითი მოქალაქეები საკუთარი ხელებით კამუფლირებულ ბადეებს ამზადებენ. უკრაინელი დევნილები საკუთარი ჯარისკაცების დასაცავ შესანიღბ ბადეებს საოცარი ხალისით აკეთებენ, მღერიან, ეცნობიან ნიუსებს და ცდილობენ ამაღლებული განწყობა შეინარჩუნონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დივერსანტებს ზელენსკის შტაბის ლიკვიდაცია აქვთ დავალებული” - ბოლო ინფორმაცია ბრძოლების შესახებ.

“უკრაინა ხერსონის დაცემას უარყოფს - ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ვერ აიღეს. ქალაქების დასაცავად უკრაინულ ჯართან ერთად ჩართულია მოსახლეობაც. ქალაქ ზაპოროჟიეს კი, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსული არმია მიადგა, თუმცა, ადგილობრივებმა ბარიკადები ააშენეს და თავადაც გამოვიდნენ ქუჩაში. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ოკუპანტებს გაუმკლავდეს. მოქალაქეებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი გზა, საიდანაც რუსული საოკუპაციო ძალები უნდა შესულიყვნენ. ლვოვში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ცენტრია გახსნილი. განსაკუთრებული საჭირობები აქვთ დევნილებს, მათი რაოდენობა რუსული აგრესიის პარალელურად იზრდება. გარდა ამისა, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ლვოვის რკინიგზის სადგური, სადაც დღის განმავლობაში აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინიდან ათასობით ადამიანი ჩადის. ცნობისთვის ქალაქი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. როგორც მერი აცხადებს, მსგავსი დატვირთვა რკინიგზის სადგურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, თავდადებით შეიცვალა. შმიგალი ასევე ამბობს, რომ უკრაინელები მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით. ყველას ესმის, რომ უკრაინელები განმათავისუფლებელ ბრძოლას აწარმოებენ თავისი მიწისა და მომავლისთვის და მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ. უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისთვის აუცილებლად დაისჯებიან ჰააგაში. რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ”, - ამბობს დენის შმიგალი. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო ბრიგადა ქალაქ გორლოვკას გარეუბანში დაწინაურდა. “მალე დადგება დრო, რომ არა მხოლოდ დავიცავთ, არამედ გავათავისუფლებთ კიდევაც ჩვენს მიწას”, - ამბობს არესტოვიჩი. კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი იმ მიმართულებით ვითარდება, რომ სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს დასახული გეგმების განხორციელება ძალიან გაუჭირდება”, - დასძენს გამოცემა.

“ის რომ ბლიცკრიკი არ შედგა, ფაქტია. უკრაინამ პირველ შეტევებს წარმატებით გაუძლო. რუსეთის მინიმუმი ამოცანა იყო, რომ უკრაინის სივცრე დაეკავებინა და განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილი. მათი გეგმა იყო, უკრაინისთვის სამუდამოდ მარიუპოლი, ოდესის მხარე ჩამოეშორებინა. ასევე, ზელენსკი და მისი მთავრობა პრორუსული მთავრობით ჩაენაცვლებინა. ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, რომ დიდი ქალაქების დაბომბვა ხდება და მთელი უკრაინის დაკავება უნდათ, ეს პუტინის გეგმებში არ შედიოდა. მას მსხვილი ქალაქების მარყუჟში მოქცევა უნდოდა, ხელისუფლება გადაეყენებინა და სამხრეთ უკრაინა სრულიად გაეკონტორლებინა. რუსეთის გეგმა წერტილოვანი დარტყმები იყო. ეს გეგმა უარყვეს და ახლა ისეთ მასირებულ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, როგორიც ჩეჩნეთში გააკეთეს. ხარკოვის და ჩერნიგოვის მსგავსი დაბომბვები თავიდან დაგეგმილი არ იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“პრინციპში შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინისგან და მსოფლიოსგან უპრეცედენტო წინააღმდეგობა მიიღო. პუტინს ზურგი ჩინეთმაც კი აქცია. უპრეცედენტო დაპირისპირება და უკრაინელების კონსოლიდაცია მიიღეს, რაც უკრაინის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწლიც კი უკარაინის ხელისუფლების მხარდამჭერია.... სხვათაშორის, ჰაკერების მიერ სხვადასხვა რუსული უწყების მიერ გატეხილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ დივერსანტებს ზელენსკის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი შტაბის ლიკვიდაციის მოხდენა აქვს დავალებული. ამ ომმა ძალიან ბევრი ლიდერი წარმოაჩინა. არ იქნება ზელენსკი, - იქნება სხვა. ამიტომ რუსებს ბოლომდე ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცვლა ძალიან გაუჭირდებათ. უნდა დააუთოვოს და დაანგრიოს უკრაინა, რომ ისინი გატყდნენ. ვხედავთ კადრებში უკრაინელები შიშველი ხელებით რუსულ ტანკებს უდგებიან. მოსკოვმა იმდენი ქნა ეს ხალხი გააერთიანა. პუტინის ყველაზე დიდი მარცხი ესაა. ამ განწყობას ვერავინ ვერ შეცვლის... გამორიცხულია, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ან საერთოდ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს. მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში მსოფლიოს მხრიდან პასუხს მიიღებენ”, - მიიჩნევს არეშიძე.