გიორგი კაჭარავა - უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შესაძლებელია გადავიდეს გრძელვადიან პროცესში, რომელშიც, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შესაძლებელია გადავიდეს გრძელვადიან პროცესში, რომელშიც, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას

უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, 2012-2014 წლებში ყირგიზეთში ეუთო-ს მისიის ინსტიტუციური განვითარების ცენტრის ყოფილ უფროსს, 2014- 2021 წლებში კოსოვოში ეუთო-ს რეგიონული ცენტრის ყოფილ დირექტორს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინაში სულ უფრო იძენს ისეთ ფორმებს, რომლის ფონზე რუსეთი რეალურად ხდება გარიყული ცივილიზებული მსოფლიოსაგან. რუსეთის დღევანდელ მდგომარეობის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

მიუხედავად იმისა, რომ ვითარება სამხედრო პოლიგონად ქცეულ უკრაინაში ძალიან სწრაფად იცვლება, ჩვენი საუბარი მაინც უკრაინაში არსებულ ვითარებაზე უნდა დავიწყოთ. ცალკე საუბრის თემაა უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების თემა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება და უკავშირდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ აგრესიას?

- უკრაინაში მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი. ეს ტრაგედიაა. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უზარმაზარი ქვეყნის თითქმის მთელს ტერიტორიაზე. რუსეთი უტევს სამი ძირითადი მიმართულებით. აღმოსავლეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქთან - ხარკოვთან, და ქალაქ სუმიში. მიუხედავად მძიმე არტილერიის და დიდძალი ტექნიკისა, რუსეთმა ვერ მოახერხა ამ ფორპოსტებად ქცეული ქალაქების აღება.

აგრეთვე მძიმე მდგომარეობაა სამხრეთის მიმართულებით სადაც ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაძრულმა რუსულმა საჯარისო შენაერთებმა შეუტიეს ხერსონის რეგიონს, ქალაქებს ნიკოლაევს, ხერსონსა და მარიუპოლს.

ჩრდილოეთით მთავარი დარტყმა რა თქმა უნდა კიევის მიმართულებაზეა, სადაც 5 დღის შეტაკებების შედეგად რუსეთის ჯარი მიუახლოვდა უკრაინის დედაქალაქს ობოლონის უბნის მხრიდან. აღნიშნული მიმართულებიდან მასიური შეტევის განვითარება გახდა შესაძლებელი იმის მერე რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ნება დართო რუსეთის საჯარისო შენაერთებს გამოიყენონ ბელარუსის ტერიტორია.

ამით ბელარუსი ჩართულია აღნიშნულ ომში რუსეთის მხარეს. მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციით თვით ბელარუსის საჯარისო შენაერთებმაც გადაკვეთეს ბელარუს-უკრაინის საზღვარი და იქნენ შემჩნეულნი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ტერიტორიაზე.

ვითარება მძიმეა, მაგრამ ამავდროულად აღსანიშნავია რომ ეს ომი გადაიზარდა სახალხო წინააღმდეგობაში სადაც მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს. უკრაინამ მოახერხა რუსული შეიარაღებული ძალების პირველი ტალღის შეჩერება, აგრეთვე 100 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია, რაც ბევრისთვის რუსეთში მოულოდნელი იყო აშკარად.

ვითარება მძიმეა, მაგრამ ამავდროულად აღსანიშნავია რომ ეს ომი გადაიზარდა სახალხო წინააღმდეგობაში სადაც მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს. უკრაინამ მოახერხა რუსული შეიარაღებული ძალების პირველი ტალღის შეჩერება, აგრეთვე 100 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია, რაც ბევრისთვის რუსეთში მოულოდნელი იყო აშკარად

გარდა ამისა ბრძოლაში ჩაება სამოქალაქო მოსახლეობის დიდი ნაწილი, რაც რუსულ ჯარს დამატებით სირთულეს უქმნის.

როგორც პირველი დღეებიდან გამოჩნდა, რუსული სამხედრო მანქანა რეალურად მოქმედებს ძველი სტრატეგიითა და ტაქტიკით. ჩვენ ვერ ვხედავთ მაღალი ტექნოლოგიების და ზუსტი იარაღის გამოყენებას.

აქედან გამომდინარე მატულობს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი. განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ეს ქალაქ ხარკოვის დაბომბვის მაგალითზე, სადაც ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა და დაიჭრა უამრავი სამოქალაქო პირი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სხვადასხვა მონაცემებით ამ ომში რუსეთის ჯარის 75%-მდე არის ჩართული. გამოყენებულია ყველა სახეობის იარაღი. მიუხედავად ამისა, რუსეთი როგორც ჩანს საკმაოდ დიდ დანაკარგს განიცდის. ასეთი დიდი რაოდენობის ჯარის, ავიაციის და სარაკეტო დარტყმების მიუხედავად, რუსეთის ჯარებმა ჯერაც ვერ მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია 65 კილომეტრიანი კოლონის კიევის მიმართულებით მოძრაობის შესახებ. საუბარია ორ ათასზე მეტი ერთეული ტექნიკის გადაადგილებაზე, რაც აუცილებლად შეუქმნის დამატებით საფრთხეს კიევს.

მეორე მხრივ, საკმაოდ კარგი ორგანიზებულობის ხარჯზე, როგორც აღინიშნა, უკრაინულმა ჯარმა ჯერ-ჯერობით მოახერხა მოწინააღმდეგის შეჩერება. ამაში რაღა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა უკრაინელთა მამაცობამ და მომზადების მაღალმა დონემ, მაგრამ, გარდა ამისა აღსანიშნავია დასავლეთის მიერ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გამოყოფა.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შესაძლებელია გადავიდეს გრძელვადიან პროცესში, რომელშიც, სავარაუდოდ, ქვეყნის მთელი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას

აქვე უნდა დავძინოთ რომ ბრძოლების ინტენსიურობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, უკრაინას სჭირდება თანამედროვე იარაღით უწყვეტი მომარაგება.

მომავალი რამდენიმე დღე გვიჩვენებს მოვლენების განვითარების ტენდენციებს. ძნელია ტელეგრაფიულად რამე პროგნოზებზე საუბარი, მაგრამ ერთი არის ცხადი - უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შესაძლებელია გადავიდეს გრძელვადიან პროცესში, რომელშიც, სავარაუდოდ, ქვეყნის მთელი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა პუტინის რიტორიკას ამსგავსებს ჰიტლერის სიტყვებს, რომელიც მან 1939 წელს პოლონეთში შეჭრის გასამართლებლად წარმოთქვა. მეტიც, ბევრი იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ საბოლოოდ პუტინიც ჰიტლერივით დაასრულებს, ვინაიდან ისტორიის განაჩენს ვერავინ გაექცევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულმა ქვეყნებმა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეს ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ, არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულმა პუტინმა მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს?

- ეს კითხვა რიტორიკულად შეიძლება მოგვეჩვენო, მაგრამ, რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებიდან გამომდინარე, სადაც ის განკარგულებას აძლევს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობას საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში მოიყვანოს სტრატეგიული შეკავების ძალები, ქმნის განცდას რომ ხსენებული იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე, ვარაუდების გამოთქმის გარეშეც. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენს ასეთი იარაღის გამოყენების მექანიზმები.

რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს რომ ასეთი იარაღის გამოყენებას აქვს უმკაცრესი პროტოკოლები და წესები. საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში სტრატეგიული ძალების მოყვანა ნიშნავს რუსეთის ატომური ტრიადის ყველა ქვედანაყოფების ამოქმედებას.

რას ნიშნავს ეს? გარდა სტაციონარული სარაკეტო ბაზებისა, რუსეთს გააჩნია მოძრავი საშუალებები რომლებიც აღჭურვილია ატომური იარაღით. ასეთებია წყალქვეშა ნავები, რომლებიც ამ პირობებში გადიან ზღვაში და პატრულირებას იწყებენ მსოფლიო ოკეანეს სხვადასხვა რაიონებში; აგრეთვე სტრატეგიული ავიაციის ქვედანაყოფები რომელიც პატრულირებას იწყებს რუსეთის საზღვრებს გასწვრივ და ნეიტრალურ ზონებში, და აღჭურვილია სარაკეტო სისტემებით რომლებსაც აქვთ საშუალება 3-5 ათას კილომეტრიან რადიუსში განახორციელონ გასროლა.

აგრეთვე იარსის ტიპის კონტინენტთაშორისო რაკეტების მოძრავი გამშვები პლატფორმები, რომლებიც საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტზე არიან განლაგებული და კურსირებენ რუსეთის ძნელად მიღწევად რეგიონებში. ამ რეჟიმში აგრეთვე ხდება აღნიშნული იარაღის მეხსიერებაში პოტენციური სამიზნეების, მაგალითად ქალაქების, ან გარკვეული ობიექტების, კოორდინატების შეყვანა, რაც საბრძოლო მზადყოფნაზე მიუთითებს.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ აღნიშნული იარაღის გამოყენებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ, ეს არის სენსორის სისტემა, რომელიც აფიქსირებს სხვა მტრული ძალების მიერ რუსეთის მიმართულებით ანალოგიური იარაღის გამოყენებას, რის მერეც ეს სისტემა აძლევს საშუალებას/უფლებას ოპერატორებს რუსული სტრატეგიული იარაღის მოქმედებაში მოყვანას.

გარდა ამისა დამატებითი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ვერიფიკაციამ უნდა დაადასტუროს რუსეთის მიმართ ეგზისტენციალური საფრთხე. სხვა შემთხვევაში ასეთი აირაღის გამოიყენება ვერ მოხდება. ამავდროულად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი არ იღებს აღნიშნული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას. ეს აგრეთვე უნდა იქნას დადასტურებული თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მიერ.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ვერიფიკაციამ უნდა დაადასტუროს რუსეთის მიმართ ეგზისტენციალური საფრთხე. სხვა შემთხვევაში ასეთი აირაღის გამოიყენება ვერ მოხდება. ამავდროულად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი არ იღებს აღნიშნული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას. ეს აგრეთვე უნდა იქნას დადასტურებული თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მიერ

ჩემი აზრით ამ სისტემის უგულებელყოფა ტექნიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძნელად წარმოსადგენია.

აქვე საყურადღებოა ის, რომ რუსეთი, თუნდაც გააჩნდეს ყველაზე დიდი რაოდენობით ბირთვული ქობინები (6000 ფარგლებში), არ გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო რომელიც ბირთვულ ბალანსში მონაწილეობს გლობალური მასშტაბით.

ამიტომ აღნიშნული განცხადება, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ არავითარი პირობები მისი გამოყენებისათვის დღეს უკრაინაში ომის კვალობაზე ბუნებაში არ არსებობს.

- ახლა ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ უკრაინას. მაგრამ, აშშ და ნატო ომში პირდაპირი ჩარევისაგან თავს იკავებენ.

ვითარებაში, როცა რუსული პროპაგანდა შინამოხმარებისთვის აცხადებს, რომ მოსკოვს ომი რომ არ დაეწყო უკრაინაში, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. როცა ამას ისმენ წარმოუდგენელია არ გავიხსენოთ რომ 1994 წელს უკრაინამ თავისი ნებით როგორ გადასცა რუსეთს ბირთვული იარაღი იმ პირობით, რომ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არავინ ხელყოფდა.

რამდენადაც მახსოვს ამის გარანტორები იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ასევე კიდევ რამდენიმე ბირთვული ქვეყნები. ვხედავთ, რომ ამ ომში პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ჩართულია ბრიტანეთი.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს აშშ და ნატო?

- შეგახსენებთ რომ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მხრიდან, თავისი ბირთვული არსენალის, დაახლოებით 1400 ქობინის რუსეთისათვის გადაცემის სანაცვლოდ.

1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მხრიდან, თავისი ბირთვული არსენალის, დაახლოებით 1400 ქობინის რუსეთისათვის გადაცემის სანაცვლოდ

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს რომ ხსენებული დოკუმენტი პრაქტიკულად დასამარდა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად. არც დიდი ბრიტანეთის და არც აშშ-ს მხრიდან არ გვინახავს დიდი მოწადინება შეეხსენებინა რუსეთისთვის ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით არსებული ვალდებულებების შესახებ ამ წლების განმავლობაში.

გასული წლის ბოლოს განვითარებულმა პროცესებმა, გლობალური უსაფრთხოების მიმართ გამოწვევებმა და უკრაინის კონტექსტში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულეს დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს აქტიურად გაუწიონ დახმარება, უპირველეს ყოვლისა საბრძოლო იარაღის მიწოდებით უკრაინას.

სწორედ ამ დახმარებამ აამაღლა მყისიერად უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

ამიტომ, ჩვენ მოწმენი ვართ ნატოს წევრი სხვა ქვეყნების, აქტიური ჩართულობის უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების კამპანიაში. აღსანიშნავია გერმანიის პოზიციის ტრანსფორმაცია, რომელმაც დიდი ხნის თავის შეკავების შემდეგ, განაცხადა უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით დახმარების შესახებ.

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ნაბიჯია. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის 70 საბრძოლო თვითმფრინავების მოწოდებაზე.

რაც შეეხება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და სხვა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, და მათ საომარი მოქმედებების ჩართულობას - დღეის მდგომარეობით და იმ განცხადებებზე დაყრდნობით რომელსაც ჩვენ ვისმენთ ხსენებული ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ასეთი სახის ჩართულობა არ არის დღის წესრიგში.

მაგრამ, აშშ-ს მიერ დამატებითი სახსრების გამოყოფა, ასევე დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ნათლად მიუთითებს რომ უკრაინა არ არის მარტო ამ ბრძოლაში.

აშშ-ს მიერ დამატებითი სახსრების გამოყოფა, ასევე დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ნათლად მიუთითებს რომ უკრაინა არ არის მარტო ამ ბრძოლაში

- ახლა ბევრს საუბრობენ იმ სანქციებზე, რაც აშშ-მ და კოლექტიურმა დასავლეთმა დაუწესა რუსეთს. ამ თემაზე ყოველდღე ივსება ინფორმაციები.

ფაქტია, რომ რუსეთს შეეზღუდა მსოფლიო რესურსებთან და მსოფლიო ბაზრებთან წვდომა. ტექნოლოგიების მიღება და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ცივილიზებული სამყარო კრემლის შესაჩერებლად ისეთ სანქციებს უწესებს რუსეთს, რომლებიც არა მარტო გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან პერიოდშიც იქნება რუსეთისთვის უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა.

რა ვითარებაში აღმოჩნდება რუსეთი მას შემდეგ, რაც ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სრულად ამუშავდება? და სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე?

- დაწესებული სანქციები ნამდვილად მძიმედ დააწვება რუსეთის ეკონომიკას და სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება მისი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან სანქციებზე, რომელიც დასავლეთმა და პირველ რიგში აშშ-მ დაუწესა რუსეთს.

რუსეთის სუვერენულ ვალთან, ასევე ცენტრალური ბანკის და ყველა დანარჩენი დიდი საბანკო ინსტიტუტის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა შექმნეს იმის პირობა, როდესაც რუსეთის ფედერაცია, და მის ტერიტორიაზე მოქმედი ფინანსური თუ სხვა სტრუქტურები პრაქტიკულად გათიშულები არიან გლობალური საფინანსო სისტემიდან.

მეტიც, აქ საუბარია აგრეთვე მესამე ქვეყნის კომპანიების სანქცირებაზე, ვისაც ექნება რაიმე ურთიერთობა უკვე სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთის ბიზნეს სუბიექტებთან. ყოველივე ამან გამოიწვია უდიდესი საერთაშორისო კომპანიების გასვლა რუსეთის ბაზრიდან. ანუ შეიქმნა სიტუაცია სადაც რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო იზოლირებული ხდება გლობალური ეკონომიკური პროცესებისაგან.

გარდა ამისა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების გაყინვა, ქვეყანას ტოვებს საჭირო სავალუტო მარაგების გარეშე, რაც, როგორც კარგადაა ცნობილი ეკონომისტებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანი ბერკეტია მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის.

ცოტა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რუსეთი ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე ვერაფერს იყიდის და ვერც გაყიდის. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ რუსეთის სამოქალაქო ავიაკომპანიების ავიაპარკი. ექსპერტების გათვლებით, და ხსენებული სანქციების გამო, აღნიშნული ავიაპარკის დაახლოებით 70%-მდე რუსეთში მომუშავე ავიაკომპანიებმა ერთ თვეში უნდა დაუბრუნონ მის მფლობელს (ევროპულ სალიზინგო კომპანიებს).

რუსეთი ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე ვერაფერს იყიდის და ვერც გაყიდის

დარჩენილი თვითმფრინავების რეგულარული სერტიფიცირება კი ვერ მოხერხდება არსებული სანქციების გამო. თუ ამას დაუმატებთ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მისი საზღვრების თითქმის მთელს პერიმეტრზე, ეს ძალიან მძიმედ აისახება ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყნის საჰაერო გადაზიდვების ინდუსტრიაზე.

იგივე შეიძლება ითქვას ნავთობისა და გაზის სფეროზე. სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა რუსეთიდან გაზის მოწოდებაზე. გარდა ამისა პრაქტიკულად შეჩერდა რუსეთის ნავთობის (Urals) საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვა.

რუსეთში არსებული ოქროს მარაგების ღია საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციების გამო.

ჩემი დაკვირვებით, ჯერ სრულად არ არის გააზრებული ზარალი გაცხადებული სანქციების გათვალისწინებით, და ამის გაკეთება ობიექტურად ძალიან ძნელია. სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი მასშტაბურ სანქციათა პაკეტი უპრეცედენტოა, და არ არსებობს შესადარებლად არც ერთი მაგალითი რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება დაითვალოს პირდაპირი ზარალის როგორც ოდენობა, ასევე მათი ეკონომიკური ან თუნდაც პოლიტიკური ზეგავლენა.

სიტუაციას რუსეთისთვის აგრეთვე ართულებს მის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაართულებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას.

- ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სანქციები რუსეთს კარგა ხანს არ მოეხსნება. ვითარებაში, როცა პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყაროსაგან მოწყვეტილი შეიძლება აღმოჩნდეს, ასეთ რეჟიმში, სავარაუდოდ, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს რუსეთის ეკონომიკამ, თუნდაც საბანკო სისტემამ?

- ამაზე პასუხი ამ ვითარებაში პრაქტიკულად არ არსებობს, უბრალო მიზეზის გამო, ასეთი სანქციების გამოცდილება ჯერ არ ყოფილა, და ამიტომაც მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება შემოვიფარგლოთ.

რა თქმა უნდა, რუსეთს გააჩნია თავისი საკუთარი რესურსები და მას შეუძლია თავისი თავის გამოკვებაც და საკუთარი წარმოების გაზრდა რაღაც მიმართულებით. მაგრამ, იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს, შემოიტანოს ახალი ტექნოლოგიები, და ასე შემდეგ, საჭიროა გლობალურ ვაჭრობაში სრულფასოვანი მონაწილეობა. სხვანაირად ეკონომიკური განვითარება ძნელდება.

აქვე მოდით გულახდილად ვისაუბროთ საყოფაცხოვრებო საქონელზე, ტანსაცმელზე, ავტომანქანებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და ა.შ. თუ რუსეთს არ ექნება ტექნიკური საშუალება შემოიტანოს აღნიშნული საქონელი თავის ქვეყანაში, ბუნებრივად შეიქმნება დეფიციტი.

ამის ყველაფრის წარმოება, თან საკმარისი რაოდენობით და სათანადო სტანდარტით, როგორც ვიცით რუსეთს არ შეუძლია. შეიქმნება კლასიკური დახურული ეკონომიკის ციკლი, სადაც საქონელზე წვდომა იქნება შეზღუდული, ამავდროულად მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება. ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოიწვევს ცხოვრების დონის კლებას, რაც თავის მხრივ შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. ანუ პერსპექტივები არასახარბიელოა.

შეიქმნება კლასიკური დახურული ეკონომიკის ციკლი, სადაც საქონელზე წვდომა იქნება შეზღუდული, ამავდროულად მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება. ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოიწვევს ცხოვრების დონის კლებას, რაც თავის მხრივ შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. ანუ პერსპექტივები არასახარბიელოა

ამიტომ, როცა ვამბობთ ეკონომიკურ გაძლებაზე, მე ვფიქრობ უნდა გავიაზროთ პირველ რიგში, რომ ეს ანომალიური ეკონომიკური სიტუაციაა სადაც ლაპარაკია დახურულ ეკონომიკაზე, რომლის პარამეტრებიც უცნობია და რთულად დასათვლელი.

გარდა ამისა ეს კითხვა გულისხმობს რაღაც გარკვეულ პერიოდს. მე ასევე ალბათ მიუთითებდი რომ დროის ფაქტორი ამ შემთხვევაში იქნება ტრანსფორმირებული უფრო ფაზებში, და არა თვეებში ან წლებში. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვარაუდების კატეგორიიდან არის და ზუსტი პასუხი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მდგომარეობასთან მიმართებაში არ არსებობს.

- უშედეგოდ დასრულდა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინული და რუსული ხელისუფლებების წარმომადგენლების შეხვედრა. ვიცით, რომ ამ ტიპის შეხვედრები კიდევ უნდა გაიმართოს.

ვითარებაში, როცა პუტინი მაკრონთან საუბარში აცხადებს, რომ ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინაში შეიცვლება ხელისუფლება, კიევის ხელისუფლებაში პრაქტიკულად აბსოლუტურად პრორუსი პოლიტიკოსი იქნება, უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე და უკრაინის ხელისუფლება აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დნრ-სა და ლნრ-ის რესპუბლიკებს რუსეთის ტერიტორიებად.

პუტინის მოთხოვნების ჩამონათვალი აშკარად ამსგავსებს პუტინს ჰიტლერს, რომელიც 1938 წელს სუდეტის მიერთებას ითხოვდა, ხოლო 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთთან ომი იმის გამო დაიწყო, რომ სურდა პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს განადგურება.

როცა კიევმა და დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის რა უნდა პუტინს, გაუგებარია საომარი მოქმედებების ფონზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყება. ამ პროცესს, თუ მას შეიძლება პროცესი დაერქვას, შესაძლოა, ბევრი სხვა მიზეზი და მიზანი ჰქონდეს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რის გამო დათანხმდა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინული მხარე?

- ამ მოლაპარაკებებს წესით მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საომარი მოქმედებების შეჩერება. ერთის მხრივ უკრაინისთვის ეს არის ძალიან მძიმე განსაცდელი რომლის გამოც მთელი ქვეყანა იქცა საომარ ველად. იღუპებიან სამხედრო და სამოქალაქო პირები, ინგრევა და ზიანდება ინფრასტრუქტურა, ქვეყანა განიცდის უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს და ამის გამო ქვეყანა რეალურად ნადგურდება.

რუსეთისთვის, როგორც ჩანს, საომარი მოქმედებების პირველმა დღეებმა აჩვენა, რომ ის არ ფლობს გადამწყვეტ უპირატესობას და ეს ომი მას ძალიან ძვირი უჯდება, როგორც ეკონომიკურად ასევე სამხედრო თვალსაზრისით, არაფერი რომ არ ვთქვათ პოლიტიკურ შემადგენელზე. გარდა ამისა ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს მძიმე დანაკარგს რომელსაც რუსეთის ჯარი განიცდის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თვალსაზრისით.

ამის გამო რუსეთი ცდილობს ულტიმატუმების და უფრო დიდი სამხედრო ძალის გამოყენების მუქარით აიძულოს უკრაინის ხელმძღვანელობა წავიდეს დათმობაზე საკვანძო საკითხებთან მიმართებაში.

რუსეთი ცდილობს ულტიმატუმების და უფრო დიდი სამხედრო ძალის გამოყენების მუქარით აიძულოს უკრაინის ხელმძღვანელობა წავიდეს დათმობაზე საკვანძო საკითხებთან მიმართებაში

ასეთი საკვანძო საკითხები როგორც, ეს უკვე იყო გაცხადებული არის, ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის აღიარება, უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. ამ ორი ტერმინის სათანადო ახსნა არ არსებობს, და აგრეთვე დონბასის საკითხის რუსეთისთვის სასურველი სცენარით გადაწყვეტა.

საპასუხოდ, უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ეს მისი პირადი აზრია, როგორც თვითონ აღნიშნა, უკრაინის მოთხოვნა არის რუსული ჯარის მთლიანად უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა ყირიმის და დონბასის ჩათვლით.

ასეთი დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციების მიუხედავად ორივე ქვეყნის დელეგაციებმა გაატარეს ოთხ საათზე მეტი მოლაპარაკებათა მაგიდასთან, სადაც დისტანციურად ერთვებოდნენ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები, პოზიციების შეჯერების მიზნით. როგორც ჩანს, მოიხაზა საკითხთა წრე, რომლის ირგვლივ შესაძლებელია საუბრის გაგრძელება გაცხადებული მეორე შეხვედრისათვის.

აქვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხთა წრე არის მეორეხარისხოვანი, რადგან მოლაპარაკებების დროსაც და მათ შემდეგ მიმდინარეობდა აქტიური საომარი მოქმედებებზე, ყველა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ დაბალი მოლოდინების შესახებ. მიუხედავად ამისა უკრაინამ გააგზავნა თავისი წარმომადგენლები რათა თავიდან აიცილოს უსაფუძვლო ბრალდებები რომ მან ერთი შანსიც კი არ გამოიყენა მშვიდობის აღსადგენად.

ზოგადად, ომის დროს წარმოებული მოლაპარაკებები შეიძლება მიზნად ისახავდეს მხარეებს შორის პოზიციის მოსინჯვას ამა თუ იმ საკითხზე, დროის გაწელვას, სხვადასხვა სამხედრო მანევრების და გადაჯგუფების ჩასატარებლად.

ზოგადად, ომის დროს წარმოებული მოლაპარაკებები შეიძლება მიზნად ისახავდეს მხარეებს შორის პოზიციის მოსინჯვას ამა თუ იმ საკითხზე, დროის გაწელვას, სხვადასხვა სამხედრო მანევრების და გადაჯგუფების ჩასატარებლად

გარდა ამისა რუსეთის მიზანი შეიძლება იყოს აჩვენოს მსოფლიოს რომ ის მზად არის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად. ამის მოტივაცია შეიძლება იყოს დაწესებული მძიმე სანქციების შემსუბუქება.

ამავდროულად უნდა დავძინოთ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის ცხადია, რომ დასავლეთის გაერთიანებული პოზიცია არის ძალიან მტკიცე, და ის დათმობაზე წამსვლელი არაა.

აღნიშნული ეხება უკრაინის საკითხს (ყირიმი, დონბასი) და გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ორი ულტიმატუმის ფორმით დაწერილ შეთანხმებების პროექტებს.

ამიტომ, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებით ის სავარაუდოდ შეეცდება შექმნას დიალოგის ილუზია, რათა ამ პროცესს ამოფარებული გააგრძელოს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე.

- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა სპეციალური პროცედურით, დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში. ევროკავშირმა მიიღო უკრაინის განაცხადი ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ. ისეთი პირი უჩანს, ეს პროცესი სულ უფრო შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

კარგია, რომ საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა და როგორც ითქვა, კიდევ გააგზავნის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების უკრაინის მიმართულებით მოქმედებები მთლად კარგ შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებს, აშკარად ჩანს. გასაგებია, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ ყველა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, მაგრამ ამასთან ერთად გაუგებარი იყო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებები, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი იმის, რომ ქართული ხელისუფლება ევროკავშირის მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს არ დგამს? ან, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცება, რომ სანქციები არ მუშაობს?

- მოდით თქვენის ნებართვით მეორე კითხვიდან დავიწყებ. რაც შეეხება სანქციების ქმედითუნარიანობას, ამაზე ვისაუბრე და ამიტომ არ შევჩერდები დეტალურად ამ საკითხზე.

მხოლოდ ერთ მოსაზრებას დავამატებ - გამომდინარე სანქციების უპრეცედენტო მასშტაბისა და უკრაინაში საომარი მოქმედებების სავარაუდოდ ხანგრძლივი პერიოდისა, მიმაჩნია რომ ქართულმა ბიზნესმა, უნდა გაითვალისწინოს არსებული ვითარება და ის, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზარი ხანგრძლივი პერიოდით შეიძლება ვერ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოსთვის როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის თვალსაზრისით.

გამომდინარე სანქციების უპრეცედენტო მასშტაბისა და უკრაინაში საომარი მოქმედებების სავარაუდოდ ხანგრძლივი პერიოდისა, მიმაჩნია რომ ქართულმა ბიზნესმა, უნდა გაითვალისწინოს არსებული ვითარება და ის, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზარი ხანგრძლივი პერიოდით შეიძლება ვერ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოსთვის როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის თვალსაზრისით

ამიტომ საფიქრალია ახალი პერსპექტიული გასაღების და შესყიდვის ბაზრების გამოძებნაზე. და აი სწორედ ამაში მე ვხედავ ყველაზე დიდ და პოზიტიურ როლს რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია შეასრულოს საქართველოს ეკონომიკისთვის.

ეს გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი რადგან რუსეთის ფედერაცია (14%) და უკრაინა (7.2%) ორივენი არიან საქართველოსთვის ტოპ 10 ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორს შორის. ამიტომ ეს საკითხი წარმოადგენს საკმაოდ დიდ გამოწვევას არსებულ ვითარებაში და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

რაც შეეხება ევროკავშირს და ევროინტეგრაციასთან მიბმულ საკითხებს, ჩემი აზრით ეს ყოველივე უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს. ყველას ახსოვს, რომ ამ პროცესებში რაღაც ეტაპზე, ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები და სამწუხაროდ საქართველო ვერ დაიკვეხნის წარმატებულობით ამ პროცესში. ალბათ ამან წარმოშვა კითხვები სხვადასხვა მხრიდან თუ რა გზით უნდა საქართველოს შემდგომი სვლა.

გამომდინარე რთული ვითარებისა რომელიც მოკლედ აღვწერე, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო რათა წამოიწიოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები წინა პლანზე საქართველოსთან მიმართებაში და ეს პროცესი მიემართოს სათანადო კალაპოტში, რომელიც დააჩქარებს და დაახროვებს ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივებს.

- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან ამ თემაზე კომენტირებისას განაცხადა - „საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

აშკარად არასასიამოვნო ამბავია ქვეყნისთვის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და კრემლს საქართველოს მიმართ ისეთივე გეგმები აქვს, როგორც უკრაინის. ახლა ნაკლებად საინტერესოა რა განმარტებებს გააკეთებს ამ თემაზე ჩვენი ხელისუფლება.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე თვალჭრელიძე განაცხადა - „თუ ჩვენი ხელისუფლება ახალ სისულელეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს, ევროპას რუსეთთან ომის აღარ ეშინია“

ახლა მთავარია მომხდარს როგორ აღიქვამს ევროპა, ამერიკა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები?

- აღიქვამენ როგორც ფაქტს. ეს უკვე მოხდა. ერთი მხრივ საქართველოს მხარეს აქვს აბსოლუტური უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ საკითხზე. მეორე მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ასეთი საკითხების გადაწყვეტა უფრო უპრიანი იქნებოდა.

საქმე იმაში გახლავთ რომ ეს პოზიცია უნდა შეესაბამებოდეს ზოგად მონახაზს რომელსაც მიჰყვებიან მოკავშირეები. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პოზიცია არ დარჩება შეუმჩნეველი და ამაზე, ადრე თუ გვიან მსჯელობა გაიმართება. რამდენად ხელს შეუწყობს ეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეს სხვა საკითხია. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ რაღაც პატარა შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც სავარაუდოდ დაგვეხმარება სამშვიდობოზე გასასვლელად იხსნება.

საქართველოს პოზიცია არ დარჩება შეუმჩნეველი და ამაზე, ადრე თუ გვიან მსჯელობა გაიმართება. რამდენად ხელს შეუწყობს ეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეს სხვა საკითხია. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ რაღაც პატარა შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც სავარაუდოდ დაგვეხმარება სამშვიდობოზე გასასვლელად იხსნება

მაგრამ, ისიც შესაძლებელია რომ ამ ფანჯრის საკეტი იხსნება, მაგრამ თვითონ ფანჯარას ჩვენ უნდა დავადოთ ხელი და გავაღოთ. ყოველივე ეს უბრალოდ მიგვითითებს სიტუაციის სირთულეზე და არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ბატონ ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, მე დიდ იმედს გამოვთქვამ რომ ეს ემოციური განცხადება იყო, რომელიც ქართველ ხალხის დამოკიდებულებას არ ასახავს უკრაინის მიმართ და არც მის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ.

ბატონ ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, მე დიდ იმედს გამოვთქვამ რომ ეს ემოციური განცხადება იყო, რომელიც ქართველ ხალხის დამოკიდებულებას არ ასახავს უკრაინის მიმართ და არც მის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ

თუ გახსოვთ ერთ-ერთ ჩემს წინა ინტერვიუში მე ვისაუბრე იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს დიდი ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც ჩადებულია ურთიერთდახმარების ვალდებულება.

ამიტომ, უკრაინის დახმარება, სხვა თუ არაფერი, ჩვენ ამ ხელშეკრულებით გვევალება, რაც უნდა შევასრულოთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრს ეკადრება.

- ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთი სამხედრო იარაღს აწვდის უკრაინას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და დაბების დაბომბვას, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის ცის დაცვა, თან ისე, რომ რუსულმა რაკეტებმა ვერ შეძლონ უკრაინული ქალაქებისა და ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება.

რა ტიპის სამხედრო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი უკრაინას, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ქვეყნის მარცხი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში?

- უკრაინამ უნდა გაუძლოს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მისი მოსახლეობის ერთიანობაზე, ხელმძღვანელობის უნარზე რომ ორგანიზაციული და სამხედრო თვალსაზრისით კოორდინირებული მოქმედებები განახორციელოს ქვეყნის შიგნით და დიპლომატიურ მუშაობაზე საერთაშორისო არენაზე.

სამხედრო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია უწყვეტი და მასიური სამხედრო დახმარების მიღების უზრუნველყოფა. კარგია რომ დასავლელი მოკავშირეები გამოთქვამენ ამ საკითხზე მხარდაჭერის მზაობას.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს უკრაინის სამხედრო ეკონომიკაზე და საომარი დროის წესებზე გადაყვანა, რაც ნიშნავს უფრო ეფექტურ სახელმწიფო მართვას და კოორდინაციას, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება არსებულ პრობლემებზე მყისიერი რეაგირება.

უნდა მოხდეს უკრაინის სამხედრო ეკონომიკაზე და საომარი დროის წესებზე გადაყვანა, რაც ნიშნავს უფრო ეფექტურ სახელმწიფო მართვას და კოორდინაციას, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება არსებულ პრობლემებზე მყისიერი რეაგირება

ამის გარდა უმნიშვნელოვანესია კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფოს სათანადო ფუნქციონირებას ომის პირობებში.

რეზერვის მომზადების უწყვეტი პროცესის აწყობა, რათა უზრუნველყონ საჯარისო შენაერთების სათანადოდ გაწვრთნილი ცოცხალი ძალით. გარდა ამისა აღნიშნული სარეზერვო პოტენციალი უნდა იქნეს გამოყენებული შესაძლო ასიმეტრიული მოქმედებებისათვისაც.

როგორც მოგეხსენებათ უკრაინა არის დიდი ქვეყანა. ამ მომენტისთვის მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე ოკუპირებულია. ამიტომ, უპრიანი იქნებოდა პარტიზანული ომის დაწყება უკვე დაკავებულ ტერიტორიაზე.

უკრაინა არის დიდი ქვეყანა. ამ მომენტისთვის მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე ოკუპირებულია. ამიტომ, უპრიანი იქნებოდა პარტიზანული ომის დაწყება უკვე დაკავებულ ტერიტორიაზე

ამ თვალსაზრისით უკრაინაში არსებობს რამდენიმე ხელისშემწყობი ფაქტორები. ესენია პირველ რიგში ქვეყნის სიდიდე, ანუ ოპერატიულო სივრცე ასიმეტრიული ოპერაციებისთვის. მეორე მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხალხის ნება ებრძოლონ საოკუპაციო ძალას. გარდა ამისა, არსებობს ხალხის რესურსი, რომელსაც შეუძლია ასეთი მოქმედებები აწარმოოს.

ასეთ შენაერთებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც მტრის ტექნიკის, ასე კომუნიკაციების დაზიანებისთვის, და რაც მთავარია ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.

ყოველივე აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომი გვიჩვენებს მძიმე რეალობას რომელშიც იმყოფება დღევანდელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი რეგიონი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი