„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, განხორციელებული ცვლილების შედეგად, 671.5 ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 44 980 ჰექტარი.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მომატებული 671.5 ჰა-დან სახმელეთო ფართობი გაიზრდება - 196.5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და გახდება - 15 751 ჰა.
უწყების ცნობითვე, კოლხეთის ეროვნულ პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლიდან იგი იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.
ამასთან, მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების შესანარჩუნებლად, რომელიც გადაშენების პირასაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

























