კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია იწყება

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია იწყება

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ფინანსურ რესურსს გამოყოფს, შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს

,,ხვალიდან, 1-ელი მარტიდან, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება ჰუმანიტარული აქცია. კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და დახმარების გასაღებად ნებისმიერ მსურველს შეუძლიათ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება.

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში ხვალიდან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში. ერთიანობით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.