ზაზა ფირალიშვილი - პუტინის ულტიმატუმი ამოქმედდა

ზაზა ფირალიშვილი - პუტინის ულტიმატუმი ამოქმედდა

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და იმაზე, სავარაუდოდ რა გაგრძელება ექნება უკრაინულ კრიზისს, „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის შანტაჟი თითქმის ორი თვე გაგრძელდა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ვაშინგტონს, ბრიუსელსა და ევროპის სხვა დადაქალაქებზე მომარჯვებული კვანძი რუსეთმა გახსნა და დნრ-სალნრ-ის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის ვრცელი გამოსვლა, რომელშიც მან არა ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის სურვილია აღადგინოს არა სსრკ, არამედ ოქტომბრის გადატრიალებამდე არსებული რუსეთის იმპერია.

ვიდრე პუტინის გამოსვლის შეფასებას გთხოვდეთ უფრო დეტალურად, მანამდე საუბარი უნდა დავიწყოთ დნრ-სა და ლნრ-ის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. დამკვირვებელთა ნაწილი მომხდარს პუტინის სტრატეგიულ შეცდომად აფასებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ კრიზისული ვითარებიდან პუტინმა მისთვის ყველაზე უმტკივნეულო გზა აირჩია.

რადგან არ იწყებენ საომარ მოქმედებებს, როგორც ჩანს დონბასის 3/4-ზე უარს ამბობს კრემლი იმ იმედით, რომ აშშ და კოლექტიური დასავლეთი მას მკაცრ სანქციებს არ დაუწესებს. ამ თემაზე საუბრისას იხსენებენ ბაიდენის განცხადებას რუსეთის მხრიდან „შეზღუდული შეჭრის“ თაობაზე.

ვითარებაში, როცა დნრ-სა და და ლნრ-ის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით მოსკოვმა სტრატეგიულად ბევრი ვერაფერი მოიგო, კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაზე ევროპის ხმა მკაფიოდ არ ისმის.

კითხვას ასე დავსვამდი - თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისს, იგულისხმება ულტიმატუმები და ის, თუ რა შედეგით დასრულდა დიპლომატიური მოლაპარაკებები - იგულისხმება დნრ-სა

და ლნრ-ის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარება, რითაც კრემლმა ბევრი ვერც ვერაფერი მოიგო?

- სიტუაცია ყოველწამიერად იცვლება და ახლა ძალიან რთულია რაიმეზე დაბეჯითებით ლაპარაკი. ხვალ უკვე მოძველებული შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი დღევანდელი ვარაუდები.

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ სეპარატისტული რეგიონების აღიარებამ აზრი დაუკარგა კითხვას, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი. აშკარაა, რომ შედეგი ყველა შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, იგივე იქნებოდა. ხოლო ჩვენი ზოგი პოლიტიკოსის განცხადებამ, სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყოო, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე ერთგვარად პირი მოწმინდა.

სეპარატისტული რეგიონების აღიარებამ აზრი დაუკარგა კითხვას, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი. აშკარაა, რომ შედეგი ყველა შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, იგივე იქნებოდა. ხოლო ჩვენი ზოგი პოლიტიკოსის განცხადებამ, სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყოო, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე ერთგვარად პირი მოწმინდა

როგორც ჩანს, მავანთ და მავანთ იმედი ჰქონდა, რომ ამგვარი განცხადებით რუსეთის ლიდერებს გულს მოულბობდა და რაიმეს მიაღწევდა. ყველა შემთხვევაში ომის დაწყების საკითხი და ქართული მხარის მიერ დაშვებული სავარაუდო შეცდომები ჩვენი საშინაო საქმეა და მათი გატანა საერთაშორისო ასპარეზზე, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა.

ბევრი ჩვენი პოლიტიკოსის სურვილი, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები სასწრაფოდ საერთაშორისო განხილვის საგნად აქციოს, სულ მცირე, პოლიტიკური ინფანტილიზმია.

იმის გადაჭრით თქმა, რომ რუსული სამხედრო შენაერთები არ გასცდებიან სეპარატისტული რეგიონების ფარგლებს, აღარ შეიძლება. 2008 წელს სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ გორის დაკავების შემდეგ, მიუხედავად ველიკოდერჟავნიკების მოწოდებისა, რუსები ცხინვალის რეგიონს მხოლოდ მცირე ხნით გამოსცდებოდნენ. მაშინ ისინი ჯერ კიდევ ითვალისწინებდნენ, რომ ერთია კონფლიქტური რეგიონის „ჩაგრული მოსახლეობის დაცვა“ და მეორე - დიდი სამხედრო ძალებით იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა.

ამ უკანასკნელს ვეღარავითარი ჰუმანისტური მიზანი ვეღარ გაამართლებდა. პუტინმა - მას მაშინ მედვედევი ახმოვანებდა - თავი შეიკავა უფრო მკვეთრი მოძრაობისაგან, რადგან ამას უკვე სერიოზული რეაქცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

სამაჩაბლოს ფარგლებში დარჩენით კი მას შესაძლებლობა მიეცა, სამხედრო მოქმედებების დაწყების თემით დაეწყო სპეკულირება. დასავლეთიც არ იყო განწყობილი, მკვეთრი ზომებისათვის მიემართა. მერე იყო ტალიავინის კომისიის ორაზროვანი დასკვნა და ა.შ. 2008 წელმა პუტინს საშუალება მისცა, მოესინჯა, თუ რამდენად ერთიანია დასავლეთი და რამდენად არის ის მზად, თავისი კომფორტის ზონიდან გამოვიდეს.

2008 წელმა პუტინს საშუალება მისცა, მოესინჯა, თუ რამდენად ერთიანია დასავლეთი და რამდენად არის ის მზად, თავისი კომფორტის ზონიდან გამოვიდეს

მას შემდეგ რუსულ არმიაში ბევრი რამ შეიცვალა. ამას ისიც ემატება, რომ რუსული იმპერიული აზროვნებისათვის უკრაინის დაკარგვა საკუთარი ისტორიის დაკარგვას ნიშნავს. ამას დავუმატოთ რამდენიმე სუბიექტური ფაქტორიც.

პუტინი უკვე 70 წლისაა და ჩქარობს. მას სურს „რუსული მიწების დიდი შემომკრების“ სახელით შევიდეს ისტორიაში. გარდა ამისა, რუსეთი ყოველდღიურად კარგავს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის როლს და მას ამის დაშვებაც არ უნდა.

ალბათ, ოდესმე დაიწერება პუტინისა და ჰიტლერის პარალელური ბიოგრაფიები და გაიხსენებენ, რომ, ჰიტლერის მსგავსად, პუტინიც გატაცებულია ოკულტიზმით, დარწმუნებულია, რომ აქვს სასწაულთმოქმედი იარაღი და, რაც მთავარია, ჰიტლერის მსგავსად ფიქრობს, რომ ევროპა დეგრადირებული და კასტრირებულია და ა.შ.

თუნდაც დავუშვათ, მას ესმის, რომ ახლა ეს „გამარჯვება“ უნდა შეინარჩუნოს იმის იმედით, რომ დასავლეთი შედარებით მცირე მასშტაბის სანქციებით შემოიფარგლება, ის უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნის. საქმეში ერთვება მის მიერვე გაღვიძებული ნეოიმპერიალიზტური რევანშიზმი, რომელსაც მისთვის ჯერაც არ უპატიებია, რომ 2008 წელს თბილისი არ აიღო.

დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკური ლიდერი კონტროლს ვეღარ უწევს მის მიერვე წამოწყებულ პროცესებს და რომ არც უნდოდეს, იძულებულია, სათავეში ჩაუდგეს მათ. ამიტომაც ვფიქრობ, დიდია ალბათობა, რომ პუტინი დაძაბულობის ესკალაციის გზით წავა იმის იმედით, რომ დასავლეთის ლიდერები დიდი ომის დაწყების შიშით უკან დაიხევენ. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება ძალზე დიდია.

დიდია ალბათობა, რომ პუტინი დაძაბულობის ესკალაციის გზით წავა იმის იმედით, რომ დასავლეთის ლიდერები დიდი ომის დაწყების შიშით უკან დაიხევენ. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება ძალზე დიდია

უკრაინის მიერ ყირიმის აღიარება რუსეთის ნაწილად, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და ქვეყნის სრული დემილიტარიზაცია უკრაინის მიმართ წაყენებული ისეთი პირობებია, რომლებიც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სრული კაპიტულაციის მოთხოვნას ნიშნავს. ამას უკრაინელები არც კი განიხილავენ. ნათქვამია, ვინც ომსა და სირცხვილს შორის სირცხვილს არჩევს, ომსაც მიიღებს და სირცხვილსაც. სერგეი ლავროვი არ ჩამორჩა და სულაც უკრაინის სუვერენიტეტი დააყენა ეჭვქვეშ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ გამწვავების გარეშე პუტინი აღმოჩნდება იმ არაფრისმაქნისი მოჩხუბარას როლში, ვინც არც კი გააკავეს, უბრალოდ, მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს და მიუშვეს, ჰოდა, გაჩერდა და აღარ იცის, რა ქნას. ცხადია, ის ყველაფერს იზამს, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ასე მოხდა, რომ ჩვენს თვალწინ საბჭოთა უშიშროების წვრილფეხა მაიორი მთელი კაცობრიობისათვის საშიშ მონსტრად იქცა.

ჩვენს თვალწინ საბჭოთა უშიშროების წვრილფეხა მაიორი მთელი კაცობრიობისათვის საშიშ მონსტრად იქცა

აშკარაა, რომ უკრაინელები მზად არიან, რომ თავი დაიცვან. მათ საკმაო იარაღი, რაც მთავარია, საბრძოლო შემართება აქვთ. თვალს ვადევნებ და მშურს მათი დამოკიდებულებისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ წლების განმავლობაში იბრძოლა.

ჯარისკაცისათვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამეა. ხელიდან არ უშვებენ მომენტს, რომ ხოტბა არ შეასხან დაღუპულებსა და დაჭრილებს. ამ დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ის უბადრუკი პენსია, რომელსაც ჩვენი ვეტერანები იღებენ - მითუმეტეს, ჩვენი მოხელეების შემოსავლების ფონზე.

- რუსეთის უშიშროების სხდომაზე ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნებსით თუ უნებლიეთ პრაქტიკულად განაცხადა შემდეგ - ჩვენ გვესმის, რომ დნრ-სა და ლნრ-ის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარების შემდეგ დასავლეთი მკაცრ სანქციებს დაგვიწესებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დესტაბილიზაციამ კერამ იარსებოს.

მედვედევის განცხადებები ბევრმა ვაშინგტონთან ვაჭრობის ნიშნად აღიქვა. უკანასკნელ დღეებში უკრაინულ კრიზისზე ვაშინგტონში ბევრ განცხადება გაკეთდა. ბევრი თვლის, რომ ამერიკის მხრიდან ამ ინფორმაციების გავრცელებამ მოახდინა საომარი მოქმედებები არდაწყების პრევენცია.

მიუხედავად ამისა, რომ უკრაინულ კრიზისზე დიამეტრულად განსხვავებულ მოსაზრებებს ამ თემაზე კითხვა ასე გამოიყურება - ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ პუტინს პრინციპულ საკითხებზე არ ეთანხმება, თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ერთი მხრივ მოსკოვსა და ევროპულ ზოგ ქვეყნებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ აშშ- რუსეთს შორის ხდება?

- ჯერ მედვედევთან დაკავშირებით ვიტყვი - როგორც ჩანს, გადაწყვიტა, მსოფლიოს თავი გაახსენოს. მან კიდევ რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადება გააკეთა. დასავლეთს შეუთვალა, მოგესალმებით იმ სამყაროში, სადაც 1000 კუბური მეტრი გაზი 2000 ევრო ღირსო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ენერგომატარებლები რუსეთისათვის, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური იარაღია.

რა უნდა თქვა კაცმა? რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო პოლიტიკაში ასეთი ტონით არ ლაპარაკობენ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმავე მედვედევმა ქვეყნიერებას გაახსენა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მისი ისტორიული „დამსახურებაა.

რას იზამ?! ისიც ისტორიას ებღაუჭება. საერთოდ, რუსული პოლიტიკური ელიტა ისე გულმოდგინედ ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებში რუსული კრიმინალური „გაგება“ დაამკვიდროს, რომ საბოლოოდ დაემსგავსა განათლებულ საზოგადოებაში შემთხვევით მოხვედრილ თავხედ მდაბიოს.

რაღაც ეტაპზე პუტინმა შეძლო დასავლური სამყაროს მთლიანობის შელახვა. ეს აშკარაა. მაგრამ უკრაინის გაჭიანურებულმა კრიზისმა დასავლეთი შედარებით გამოაფხიზლა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ - საბოლოოდ.

უკრაინის გაჭიანურებულმა კრიზისმა დასავლეთი შედარებით გამოაფხიზლა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ - საბოლოოდ

დასავლელი ლიდერების, პირდაპირ რომ ვთქვა, მოსყიდვამ - ამის ყველაზე კარგი მაგალითი გერმანიის ყოფილი კანცლერი შროდერია - თავისი შედეგები იქონია და ეს კიდევ კარგა ხანს ითამაშებს როლს, თუმცა ამასაც თავისი საზღვრები აქვს. უკვე დადგა მომენტი, როდესაც შროდერიზაცია გამჭვირვალე და მიუღებელი გახდა. თანაც დასავლეთში ბევრს კარგად ესმის, რომ უკრაინაში დღეს ევროპის ბედი წყდება.

დასავლურ დემოკრატიას თავისი აქილევსის ქუსლი აქვს. საერთაშორისო ცხოვრებაში მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის მომზადებას გულისხმობს და ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ბაიდენი თავისი განცხადებებით ასე ძაბავდა სიტუაციას.

ეს, თუნდაც, უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გასამართლებლად იყო საჭირო. ვფიქრობ, დღეს სიტუაცია საკმარისად მომწიფებულია და დასავლეთში უკვე ნაკლებად შევხვდებით სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშეს, ვინც მიიჩნევს, რომ „პუტინს უნდა გავუგოთ“.

ბაიდენის კიდევ ერთ განცხადებას მივაქცევდი თქვენს ყურადღებას. მან ამერიკელები გააფრთხილა ნავთობის პროდუქტები ფასის მოსალოდნელი ზრდის შესახებ. სულ მცირე ხნის წინ, საზოგადოებრივი აზრის მომზადების გარეშე, ამგვარ განცხადებას ვერ გააკეთებდა. თავის გამოსვლაში მან რბილად და ევფემიზმების მოშველიებით პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც მიანიშნა.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ კრემლის ლიდერთა ანატინატოური რიტორიკა მალე წარსულს ჩაბარდება.

ძნელია ამის დაჯერება, რადგან კრემლის სახელისუფლებო პროპაგანდა უარს იტყვის ანტიდასავლურ, ანტინატოურ პროპაგანდაზე. გაქვთ იმის განცდა, რომ ვაშინგტონმა სწორად გაიგო პუტინის გზავნილი 1917 წლამდე არსებული რუსული იმპერიის აღდგენაზე?

- ძალიან ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი დღესაც ისტორიის ლიბერალური დასასრულის ილუზიაშია. 1992 წელს ფრენსის ფუკუიამამ გამოსცა წიგნი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი,“ რომელშიც ამტკიცებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება კაცობრიობის სოციო-კულტურული ისტორიის დასასრულს ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ კონფუციური, რუსული მართლმადიდებელი და მუსლიმური სამყაროები სრულიადაც არ იზიარებდნენ ისტორიის ამგვარი დასასრულის კონცეფციას, ამ თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურ აზრზე.

უკრაინის კრიზისი ცვლის ვითარებას. ადრე თუ გვიან დასავლეთს მოუწევს აღიარება, რომ ისტორიის დასასრულამდე ჯერაც შორია

არ გამოვრიცხავ, რომ პუტინის განცხადებებს, განსაკუთრებით მის მიერ მიუნხენში წარმოთქმულ ცნობილ სიტყვას დასავლეთში ბევრი აღიქვამდა, როგორც ისტორიულ ნონსენს და არა როგორც პუტინის სამყაროს კანონზომიერ პროდუქტს. მათთვის ძნელი მისაღებია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას შეიძლება ასეთი არქაული იმპერიალისტური ალტერნატივა ჰქონდეს.

იმედია, უკრაინის კრიზისი ცვლის ვითარებას. ადრე თუ გვიან დასავლეთს მოუწევს აღიარება, რომ ისტორიის დასასრულამდე ჯერაც შორია.

- მოსკოვი ისე დიდხანს აშანტაჟებდა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებით დასავლეთს, თუ მის ულტიმატუმს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დასავლეთი და უპირველესად აშშ არ მიიღებდა, ახლა როცა კრემლმა ამ ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, გაუგებარია სტრატეგიულად რა მოიგო რუსეთმა?

- სეპარატისტული რეგიონების აღიარებამდე პუტინმა ერთ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია - დასავლეთი დისკუსიაში ჩააბა. ეს მისთვის სერიოზული ამოცანა იყო. მუდმივად ჩიოდა, რომ დასავლეთი რუსეთს ანგარიშს არ უწევს და პატივს არ სცემს. თანაც პატივისცემის მიზეზი მხოლოდ მისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი უნდა ყოფილიყო.

დისკუსიას მიაღწია. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დიალოგიც შედგა, მაგრამ, როგორც ვთქვი, მოვლენებს თავისი ლოგიკა აქვს, აშშ-სა და რუსეთს და დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებული დისკუსია კონფრონტაციად იქცა. თანაც დასავლელებს მოუწიათ აღიარება, რომ საქმე არ აქვთ იოლად მოგვარებად პრობლემასთან.

მოვლენებს თავისი ლოგიკა აქვს, აშშ-სა და რუსეთს და დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებული დისკუსია კონფრონტაციად იქცა. თანაც დასავლელებს მოუწიათ აღიარება, რომ საქმე არ აქვთ იოლად მოგვარებად პრობლემასთან

შედეგი კი ჯერჯერობით ისაა, რომ ყველაფერი ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირებაზე და ყოველდღიურად ახალ-ახალ სანქციებს აცხადებენ. რუსეთმა უკვე 11 მილიარდი დოლარი დახარჯა ამ გაზსადენის გაყვანაში და ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ იარაღს კარგავს.

რაც შეეხება სხვა სანქციებს, მათ არა აქვს ისეთი ხასიათი, რომ სწრაფად აისახონ რუსეთის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. დასავლეთს საერთოდ არ ახასიათებს ყველა ტყვიის ერთად გასროლა. მათ კარგად იციან, რომ ეს სანქციების ფსიქოლოგიურ ეფექტს ამცირებს.

ამასთან ერთად, ყოველი ახალი სანქციის გამოცხადების წინ ისინი წინასწარ გაითვლიან, რომ თავადაც არ იზარალონ სერიოზულად. არ არის გამორიცხული რუსეთმა კონტრსანქციები გამოაცხადოს, როგორც ეს ადრე გააკეთა და ამან მას შეიძლება გაცილებით დიდი ზარალი მოუტანოს.

ამ ეტაპზე რუსეთი წაგებაშია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვფიქრობ, კონფრონტაციის დაძაბულობა გაიზრდება. გავიმეორებ, რომ დღეს პუტინს თავისი შინაურებისა უფრო უნდა ეშინოდეს და ამ შინაურებში იგულისხმებიან არა მხოლოდ ქორები, არამედ ისინიც, ვინც იაზრებს, რომ თუ ქვეყნის პოლიტიკურ ფასადს არ შეცვლიან, ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მიიღონ. დასავლეთთან მკვეთრი დაპირისპირება და თავისი მომხრეების სრული მობილიზება პუტინისთვის დღეს თვითგადარჩენის გზაცაა.

პუტინი უკვე იმდენად პოზიციონირდა დასავლეთის მტრად, რომ მას დიკუსიისა და დიალოგის რეჟიმის დაბრუნება უკვე გაუჭირდება. ბევრი აღარ უკლია სიტუაციას, როდესაც მასთან ყოველგვარი თანაშრომლობა დასავლეთში და არა მხოლოდ იქ იმათვისაც კი შეუძლებელი იქნება, ვისაც ეს თანამშრომლობა სურთ.

ლუკაშენკოს გადარჩენის შემდეგ პუტინის რუსეთის პოზიციები აღარც ბელორუსშია მყარი. მოკლედ, ის, ვინც „რუსულ სამყაროს“ აშენებდა, ამავე სამყაროს დამაქცევარი აღმოჩნდა

მის იმედს, რომ დაპირისპირებაში ჩინეთს ჩართავდა, იმთავითვე არ ეწერა გამართლება. ჩინეთი თავის წაუგებელ თამაშს თამაშობს. მის ლიდერებს დასავლეთის მარცხიც აწყობთ და რუსეთისაც. ორივე შემთხვევაში მოგებულები რჩებიან.

კიდევ ერთ რამეს გავიხსენებ, რაც უფრო ისტორიული მარცხია, ვიდრე სტრატეგიული - პუტინის რუსეთმა თავისი ტლანქი ქცევით და კრიმინალური „ლაგერების“ მორალით მტრად აქცია თავისი მონათესავე და საუკუნეების განმავლობაში მოკავშირე ერი - უკრაინელები. და არა მხოლოდ უკრაინელები. უკრაინაში მცხოვრები რუსებიც დიდი ნაწილიც ცდილობს, გაემიჯნოს თავის ისტორიულ სამშობლოს.

ლუკაშენკოს გადარჩენის შემდეგ პუტინის რუსეთის პოზიციები აღარც ბელორუსშია მყარი. მოკლედ, ის, ვინც „რუსულ სამყაროს“ აშენებდა, ამავე სამყაროს დამაქცევარი აღმოჩნდა.

-ვხედავთ, რომ „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

ამ თემაზე ქვეყნის პრემიერმა ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადებები კი გააკეთეს, მაგრამ ფაქტია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის ღია მხარადმჭერითა და საზოგადოებისთვის თავი არ დაუმახსოვრებიათ.

მეტიც, ოპოზიციის მტკიცებით გაუგებარია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი პრეზიდენტს ზელენსკის მიუნხენში არ შეხვედრია და მსოფლიოსთვის არ შეუხსენებია, რომ საქართველო ანალოგიურ პრობლემებზე ღიად არ უსაუბრია.

ვითარებაში, როცა ევროპაში კრიზისი სულ უფრო მწვავდება, თქვენი დაკვირვებით რამდენად პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ატარებს მმართველი გუნდი და მთავრობა?

- კარგად მესმის, რომ მცირე ქვეყნის ლიდერებს ცეცხლოვანი განცხადებების ფუფუნების უფლება არა აქვთ, მითუმეტეს, 2008 წლის ომის, მაშინდელი დასავლეთის ქცევისა და ტალიავინის კომისიის ორაზროვანი დასკვნის შემდეგ. მაგრამ, ქვეყნის ღირსების დაცვა იმ ფარგლებში მაინც, რის უფლებასაც გარემოებები გაძლევენ, პოლიტიკური პრაგმატიზმის ნაწილია.

ერთია კეთილგონიერება და მეორეა გაყუჩება. ერთია, როდესაც საშინაო ოპონენტი გიწოდებს პრორუსულ ძალას და მეორე - როდესაც საერთაშორისო აქტორები აღგიქვამენ ასეთად. ამ როლიდან გამოსვლა შემდეგში თითქმის შეუძლებელი იქნება. ბოლო დღეებამდე ისევ უცხოელები თუ იხსენებდნენ 2008 წლის ომს.

ერთია კეთილგონიერება და მეორეა გაყუჩება. ერთია, როდესაც საშინაო ოპონენტი გიწოდებს პრორუსულ ძალას და მეორე - როდესაც საერთაშორისო აქტორები აღგიქვამენ ასეთად. ამ როლიდან გამოსვლა შემდეგში თითქმის შეუძლებელი იქნება. ბოლო დღეებამდე ისევ უცხოელები თუ იხსენებდნენ 2008 წლის ომს

ჩვენდა საბედნიეროდ, დიმიტრი მედვედევიც „წაგვეშველა“ და რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ტრაბახით გაახსენა მთელს მსოფლიოს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა. ამით მან უნებურად აღიარა, რომ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენები რუსული ნეოიმპერიული რევანშიზმის პროდუქტებია და სხვა არაფერი.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებმა ერთგვარად გაანელეს მძიმე შთაბეჭდილება. განსაკუთრებით მკვეთრი და მკაფიო ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებები და მოქმედება იყო.

სიპტომატურია ის წერილი, რომელიც მავანთ პუტინს გაუგზავნეს. ხელისმომწერთა შორის არიან ისეთებიც, ვინც არა მხოლოდ „ოცნების,“ არამედ პრეზიდენტი გამსახურდიას მოკავშირეებიც იყვნენ წლების მანძილზე. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენმა პუტინისტებმა გააქტიურების სიგნალი მიიღეს და არავის ვუსურვებდი, მათი ნებსითი თუ უნებური მოკავშირე გამხდარიყო. ისინი ერთი ერთზე იმეორებენ რუსულ თეზისს, რომ, თურმე რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება ამერიკის ბრალია.

სიმპტომატურია ის წერილი, რომელიც მავანთ პუტინს გაუგზავნეს. ხელისმომწერთა შორის არიან ისეთებიც, ვინც არა მხოლოდ „ოცნების,“ არამედ პრეზიდენტი გამსახურდიას მოკავშირეებიც იყვნენ წლების მანძილზე. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენმა პუტინისტებმა გააქტიურების სიგნალი მიიღეს და არავის ვუსურვებდი, მათი ნებსითი თუ უნებური მოკავშირე გამხდარიყო. ისინი ერთი ერთზე იმეორებენ რუსულ თეზისს, რომ, თურმე რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება ამერიკის ბრალია

ახლა მათ ახალი ე.წ. მესიჯი მიიღეს: თურმე, პუტინმა დნრ-სა და ლნრ -ის აღიარებით უკრაინა და რუსეთი დიდ ომს გადაარჩინა. უახლოეს ხანებში მათგან კიდევ უნდა ველოდეთ სიურპრიზებს.

არ გამოვრიცხავ იმ „დასავლური იდეოლოგიით“ შემოსილი ძალების გამოჩენასაც, ვის გააქტიურებასაც პუტინისტური ყაიდის ფუნდამენტალიზმისა და ნაციონალიზმის გამოცოცხლება მოჰყვება ხოლმე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი