ნინო ლაცაბიძე - რუსთავში ფეხბურთს დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიას გაგრძელება უნდა

ნინო ლაცაბიძე - რუსთავში ფეხბურთს დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიას გაგრძელება უნდა

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ახალ სპორტულ დირექტორად ბაჩანა ცხადაძე წარადგინა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინო ლაცაბიძემ კლუბის ახალ მენეჯმენტთან და ფეხბურთელებთან შეხვედრაზე, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და კლუბ „რუსთავის“ გაძლიერების მიზნით, უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავის მერია, საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას და სტადიონის მოძველებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

„რუსთავში, ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. გამომდინარე იქედან, რომ სტადიონის სრული ინფრასტრუქტურა მუნიციპალურ ბალანსზეა, რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, იმისთვის, რომ სპორტსმენებს უკეთეს პირობებში ვარჯიშის და შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა ჰქონდეთ. რუსთავში ფეხბურთს დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიას გაგრძელება უნდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს მოძიებული თანხა. უახლოეს მომავალში სასტუმრო კომპლექსის, სასადილოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე, სრული მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ცნობით, რუსთავის მერია საფეხბურთო კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობას, კლუბის ახალ მენეჯმენტთან ერთად დაიწყებს.

„რუსთავის სტადიონი 1948 წელს აშენდა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ ის 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორცილდა. რუსთავის სტადიონი ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წლის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ ეწოდა. კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ბაჩანა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია და საკლუბო დონეზე არა ერთი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. ბოლო წლებში მის მიერვე დაფუძნებულ კერძო საფეხბურთო სააგენტოში მოღვაწეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.