„ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ

„ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ

„ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს. როგორც "ქართული ოცნების" წევრმა სანდრო ოდიშარიამ განაცხადა, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ კვორუმის გარეშე აირჩია დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია, რაც მისივე თქმით, უკანონოა.

„როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიის წევრები 9 თებერვალს შეიკრიბნენ და მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნისთვის საკმარისი კვორუმი არ იყო, რაც გულისხმობს 17 წევრის დასწრებას, მათ კანონის უხეში დარღვევით მიიღეს ქართული სამართლისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია. ასევე აღიარეს ოპოზიციური წევრის ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ სარჩელით მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს 9 თებერვალს მიღებული ე.წ გადაწყვეტილება. მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები აპირებენ პოლიტიკურ ქორწილს, მათ გადაწყვიტეს გააგრძელონ აღნიშნული სხდომა. კანონის უხეში დარღვევის გამო, ჩვენ დღეს დილითვე მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ სარჩელის განხილვამდე, საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება შეჩერდეს.

მივმართავთ სასამართლოს, კანონის დადგენილ ნორმებში იმსჯელოს ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, მხედველობაში მიიღოს აღნიშნული უპრეცედენტო გადაწყვეტილება და არ მისცეს საშუალება დაუმკვიდროს ოპოზიციონერ წევრებს კანონის დარღვევის პრაქტიკა",- განაცხადა სანდრო ოდიშარიამ.

დღეს სენაკის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მთავარი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა. სენაკი ერთადერთი მუნიციპალიტეტია სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ამ დრომდე არ ჰყავს.