მოძრაობა “არ გადადოს” წევრებმა ლოზუნგით “არ გააუქმო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური” საკონსტიტუციო სასამართლოსთან პერფორმანსი გამართეს

“არ გააუქმო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური”, - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო მოძრაობა “არ გადადოს” წევრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან მოსამართლის მანტიით და ძაღლებით მივიდნენ. მათი განცხადებით, სასამართლოს მოუწოდებენ, რომ დაიცვას კონსტიტუცია და დროულად შეაჩეროს საჯარო ინსტიტუტის დასჯის მცდელობა.
„კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ საქართველოს პარლამენტმა ინიცირებიდან რამდენიმე დღეში დაჩქარებულად განიხილა და მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა არ გამოიყენა ვეტოს დადების უფლებამოსილება და ხელი მოაწერა კონსენსუსის გარეშე მიღებულ საკამათო კანონს.
საკონსტიტუციო სასამართლო რჩება ერთადერთ ინსტიტუტად, რომელსაც შეუძლია გასაჩივრებული ნორმების შეჩერება პირველ მარტამდე. საჯარო სამსახურების მდგრადობა და დამოუკიდებლობა სწორედ ასეთ პრეცედეტებზეა დამოკიდებული. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმის დაცვით არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ თანამდებობას იცავს, არამედ მნიშვნელოვან პრინციპს, რომ საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება. მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაიცვას კონსტიტუცია და დროულად შეაჩეროს საჯარო ინსტიტუტის დასჯის მცდელობა”,- აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი ნაგერვაძე.

























