ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ერთ-ერთ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე განიხილება

ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ერთ-ერთ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე განიხილება.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათე ფუტკარაძესთან ერთად სხვა კანდიდატებიც განიხილება და საბოლოოდ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
"მეოთხე ოლქში მარტო ჩვენი პარტიიდან არ გვინდა იყოს კანდიდატი. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მალე გაიგებს საზოგადოება საბოლოო გადაწყვეტილებას. ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქი არც ისე პატარაა, 21 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეს იქნება ღირსების არჩევნები და ამიტომ ღირსეული კანდიდატი გვეყოლება", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. იგი მეოთხე მაჟორიტარულ ოლქიდან იყო წარმოდგენილი.
შუალედური არჩევნები 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება.

























