„ქართული ოცნების" დეპუტატებმა რუსთავის საკრებულოში თანამდებობების დაკავებაზე უარი განაცხადეს

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა რუსთავის საკრებულოში, თანამდებობების დაკავებაზე უარი განაცხადეს. როგორც "ქართული ოცნებიდან" რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა მარი ლიპარტელიანმა განაცხადა, მათ უარი თქვეს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანდიდატურის წარდგენაზე. მისივე განცხადებით, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერდა მხარს, თავმჯდომარის პოსტზე, ამის თაობაზე იცოდნენ და მოლოდინიც ჰქონდათ.
"დღეს ჩვენ ვნახეთ, ის რისი მოლოდინიც გვქონდა. მანამდე, რაც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მოხდა, იგივე გაგრძელდა რუსთავში. ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია გარიგდებოდნენ, რა თქმა უნდა, გვქონდა და ფაქტის წინაშეც დავდექით", - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ყველანაირად ეცდება, რომ იმ ძალებით, რა ძალებითაც არიან საკრებულოში წარმოდგენილი, არც ერთი პროექტი, არც ერთი პროგრამა, რომელიც რუსთავში ხორციელდება და რისი დაპირებაც ამომრჩეველს მისცეს, არ შეფერხდეს და არ გაჩერდეს.
"თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც შეეხება ქალაქს, რუსთაველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, დანარჩენი ახლა პოლიტიკურ პლატფორმაზე რომ ვერ იქნება თანამშრომლობა, ეს ცხადზე ცხადია", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს.

























